Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„მიგრანტი ქალი = გმირ ქალს“


20 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან, ქალთა მოძრაობის ინიციატივით, მიგრანტ ქალთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი კი გახდა საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, ქადაგება, რომელშიც მან ქალების უცხოეთში სამუშაოდ წასვლას „მანკიერი წესი“ უწოდა. აქციის ორგანიზატორთა თქმით, არ შეიძლება შრომითი მიგრანტი ქალების როლის დაკნინება და დამცირება, მაშინ როდესაც საქართველოდან სამუშაოდ წასული ადამიანების წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია.

40 წლის იყო ზეინაბი, საბერძნეთში რომ წავიდა. საქართველოდან მისი წასვლის მიზანი ერთადერთი რამ იყო - ოჯახის რჩენა. მას შემდეგ, რაც საბოლოოდ მიხვდა, რომ მისი და მისი ქმრის მიზერული ხელფასი ორი შვილის გამოკვებას არ ჰყოფნიდა, გადაწყვიტა ოჯახის სარჩენი თანხა საზღვარგარეთ მოეძიებინა. იქ ორი წელი დაყო. უმძიმეს საცხოვრებელ პირობებს ვეღარ შეეგუა და 2003 წელს გეზი ამერიკისკენ აიღო. დღეს ზეინაბი საქართველოშია, თუმცა უახლოეს მომავალში ისევ აპირებს საზღვარგარეთ წავიდეს. მანამდე კი უცხოეთში გატარებულ წლებს რადიო თავისუფლებასთან იხსენებს:

„ძალიან მენატრებოდა ჩემი შვილები, სამშობლო. ამ მონატრებამ ძალიან შემაწუხა. მე „ბებიას“ ვუვლიდი. საცხოვრებელი პირობები ნორმალური მქონდა, მაგრამ თითქმის ორი თვე, შეიძლება ითქვას, ჩაკეტილი ვიყავი. გარეთ ვერ გამოვდიოდი. „ბებიას“ მარტოს ვერ დავტოვებდი, მისი შვილები კი მუშაობდნენ. გამოსასვლელი დღეებიც კი არ მქონდა. ურთულესი პერიოდი გადავიტანე. აქ კი ჩემი ოჯახი უზრუნველად ცხოვრობდა. არაფერი აკლდათ, მაგრამ რატომღაც ისე გამოვიდა, რომ მაინც უკმაყოფილოები იყვნენ. არ გამოჩნდა ჩემი შრომა და ამაგი. არ დამიფასეს“.

დედაჩემი 10 წელია საქართველოდან წასულია. და ამ ქალს და მისნაირ ქალებს დღესაც უცხადებენ, რომ ის არის მანკიერი ადამიანი, რომელმაც მიატოვა შვილები. მე ამ ქალებისა და მათი ოჯახების სახელით ვარ დღეს აქ და ვამბობ იმას...
იდა ბახტურიძე

20 ოქტომბერს საქართველოს საპატრიარქოსთან, ქალთა მოძრაობის ინიციატივით, მიგრანტ ქალთა მხარდამჭერი აქცია გაიმართა. აქციის მიზეზი კი გახდა საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის, ქადაგება, რომელშიც მან ქალების უცხოეთში სამუშაოდ წასვლას „მანკიერი წესი“ უწოდა: „დედები ტოვებენ თავის ოჯახებს, მიდიან უცხოეთში და ქმარ-შვილი უპატრონოდ რჩებათო“, თქვა მან. ქალთა აქტივისტი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე, იდა ბახტურიძე, თავადაც მიგრანტის შვილია. მას ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით „მიგრანტი ქალი = გმირ ქალს“, და ამბობს:

„დედაჩემი 10 წელია საქართველოდან წასულია. და ამ ქალს და მისნაირ ქალებს დღესაც უცხადებენ, რომ ის არის მანკიერი ადამიანი, რომელმაც მიატოვა შვილები. მე ამ ქალებისა და მათი ოჯახების სახელით ვარ დღეს აქ და ვამბობ იმას, რომ უნდა შეწყდეს მსგავსი სიძულვილის კამპანია ამ ქალების და მათი ოჯახების მიმართ“.

საქართველოდან სამუშაოდ წასული ადამიანების წვლილი ქვეყნის ეკონომიკაში საკმაოდ მაღალია. თუკი მოვიშველიებთ ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ოფიციალურ მონაცემებს, 2015 წლის მდგომარეობით, საქართველოში ფულადი გზავნილები მთლიანი შიდა პროდუქტის 9 პროცენტს შეადგენს. მართალია, დღესდღეობით არ არსებობს ოფიციალური მონაცემები იმისა, თუ ამ პროცენტული მაჩვენებლიდან რამდენია ქალთა შრომის წილი, მაგრამ თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ უცხოეთში წასული ქალების რიცხვი საკმაოდ მაღალია, მაშინ ისიც უნდა ვივარაუდოთ, რომ ამ 9 პროცენტში ქალისწილი მნიშვნელოვანი უნდა იყოს. სალომე ბენიძე, ქალთა საინფორმაციო ცენტრის წარმომადგებელი და აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ამბობს, რომ არ შეიძლება მიგრანტი ქალების როლის დაუნახაობა და დაკნინება:

აქცია საპატრიარქოსთან
please wait

No media source currently available

0:00 0:01:34 0:00

„იმდენად დიდია ამ ქალების რაოდენობა, რომ არ მეგულება ადამიანი, რომელიც ასეთ ქალებს არ იცნობდეს. ერთ-ერთი პროექტის ფარგლებში ჩავწერე შრომითი მიგრანტი ქალები, რომლებიც დაბრუნდნენ საქართველოში და ეს იყო იმდენად მძიმე, იმდენად წარმოუდგენელი ამბები, რომ მე თვითონ რომ არ მომესმინა, გამიჭირდებოდა დაჯერება, თუ რა პირობებში უწევთ ყოფნა - საზღვრის გადაკვეთით დაწყებული, დამთავრებული ყოველდღიური ბრძოლით“.

არაოფიციალური მონაცემებით, დღეს საქართველოდან უკანასკნელ წლებში წასული მიგრანტების რაოდენობა მილიონს შეადგენს, მათი 51 % კი ქალებია, ასე ამბობს რადიო თავისუფლებასთან საუბარში „მიგრაციის ინტეგრაციისა და განვითარების საერთაშორისო გაერთიანების“ წარმომადგენელი გიორგი გოგიშვილი. მისი თქმით, ეს მონაცემები მათ სხვადასხვა გამოკვლევების შეჯერების საფუძველზე მიიღეს, თუმცა იმასაც დასძენს, რომ ეს ისევ და ისევ არაოფიციალური მონაცემებია. აქვე ლაპარაკობს ის იმ პროგრამაზეც, რომელიც მიმდინარე წლის მაისში ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მხარდაჭერით დაიწყო და რომელიც საქართველოში დაბრუნებულ მიგრანტთა დახმარებას ეძღვნება. პროგრამის ბიუჯეტი 400 ათას ლარს შეადგენს, თუმცა, როგორც გიორგი გოგიშვილი ამბობს, ამ პროგრამის შესახებ შრომით მიგრანტებს არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ:

ქალთა წილი მიგრანტებში დაახლოებით 40 %-ის ფარგლებშია. ეს არის ზოგადი მონაცემები. საქსტატს ბევრო მონაცემის დამუშავების საშუალება არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ ქალების წასვლის მიზეზს ჩვენ ვერ ვადგენთ...
პაატა შავიშვილი

„შედეგების თვალსაზრისით, სოციალურ პროექტებში გვყავს ბენეფიციარი ქალები, რომლებსაც დაუფინანსდათ სოფლებში მესაქონლეობა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც საცალო ვაჭრობა დაუფინანსდა, მაღაზია და ა.შ. ანუ განსხვავებული მიმართულებებია, განსხვავებული ხედვებია“.

იმას, რომ დღეს საქართველოში არ არსებობს ოფიციალური სტატისტიკა უცხოეთში შრომით მიგრანტად წასული ქალების რაოდენობის შესახებ, რადიო თავისუფლებასთან საუბარში ადასტურებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მოსახლეობის აღწერისა და დემოგრაფიის სამმართველოს უფროსი პაატა შავიშვილი:

„ქალთა წილი მიგრანტებში დაახლოებით 40 %-ის ფარგლებშია. ეს არის ზოგადი მონაცემები. საქსტატს ბევრო მონაცემის დამუშავების საშუალება არ გვაქვს. სამწუხაროდ, ამ ქალების წასვლის მიზეზს ჩვენ ვერ ვადგენთ. ეს შეიძლება იყოს როგორც ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, შეიძლება სასწავლო მიზნით“.

რაც შეეხება ზოგადად ემიგრანტთა რაოდენობის შესახებ ოფიციალურ მონაცემებს, 2014 წელს მათმა რიცხვმა 88 ათასზე მეტი შეადგინა, საიდანაც 33 ათასი ქალია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG