Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული ჯარი მეჩეთში


სექტემბრის ბოლოს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ნოვატორულ, მაგრამ, როგორც მალევე გაირკვა, საკმაოდ სადავო ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. ავღანეთში გამგზავრებამდე, 28 სექტემბერს, მინისტრმა ალასანიამ თბილისში მდებარე „ჯუმა მეჩეთში“ პირველად მიიყვანა ქვედანაყოფის ჯარისკაცები და ისინი საქართველოს სრულიად მუსლიმთა კავშირის შეიხს ვაგიფ აქპეროვს შეახვედრა. როგორც სამინისტროს ოფიციალური საიტი იუწყება, შეიხმა საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებს ისლამის შესახებ ლექცია წაუკითხა და ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული შეზღუდვები, ასევე ავღანელი ხალხის ადათ-წესები გააცნო. ლექციის ბოლოს მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურმა სამხედროები დალოცა და მისიის წარმატებით განხორციელება და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება უსურვა. ირაკლი ალასანიამ პასუხად განაცხადა, რომ საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე ქართული ქვედანაყოფის შეხვედრა მუსლიმთა რელიგიური კულტის მსახურთან ტრადიციულ ხასიათს მიიღებს.

როგორ დავიმსახუროთ ავღანელების კეთილგანწყობა?

„ნატოს საერთაშორისო მისიაში გამგზავრებამდე, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ყველა ჯარისკაცი უნდა გაეცნოს მუსლიმანურ კულტურას და ტრადიციებს, ვინაიდან ჩვენ იქ ჩავდივართ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ავღანურ საზოგადოებას და, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობის დამსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, თუ კარგად იცნობ იმათ ტრადიციებს“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.

საქართველოს სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთის უსაფრთხოების საერთაშორისო მხარდამჭერ ოპერაციაში 2010 წლიდან მონაწილეობენ, მომავალ წელს კი მრავალეროვნული საბრძოლო ქვედანაყოფები ავღანეთს ტოვებენ. ბუნებრივად იბადება შეკითხვა: მანამდე სხვა თავდაცვის მინისტრებს რატომ არ გაახსენდათ ქართველი ჯარისკაცების მიყვანა თბილისის მეჩეთში „მუსლიმანური კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად“? ამ შეკითხვით მე მივმართე საქართველოს ყოფილ თავდაცვის მინისტრს დიმიტრი შაშკინს, რომელსაც სამხედრო უწყების თავკაცის პოსტი ირაკლი ალასანიამდე ეჭირა. დიმიტრი შაშკინმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ქართველი ჯარისკაცების მეჩეთში მისვლას ის პოზიტიურად აფასებს, მაგრამო, -დასძინა იქვე, - „მუსლიმანური კულტურისა და ტრადიციების გასაცნობად“ ქართველ ჯარისკაცებს სპეციალურ ლექციებს მუსლიმი სასულიერო პირები და ისლამური სამყაროს ექსპერტები ადრეც უტარებდნენ და, ამ მხრივ, თავდაცვის სამინისტროს ხელმძვანელობა ნოვატორობას ტყუილად იბრალებსო.

„ამას ყველაფერს ჩვენი ბატალიონები გადიან და გადიან გერმანიაში. მიუნხენთან არის ძალიან დიდი ნატოს ბაზა, - მე პირადად იქ ნამყოფი ვარ, - სადაც მონაწილეობენ როგორც მუსლიმანური სასულიერო პირები, ასევე სპეციალურად მომზადებული ადამიანები, რომლებიც ჩვენს ჯარს ასწავლიან, ჩვენს ჯარისკაცებს ასწავლიან მუსლიმანურ ქვეყანაში როგორ უნდა მოიქცნენ, რა ტრადიციები არის და ასე შემდეგ. ასე რომ, ამ ნაწილში ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - განაცხადა დიმიტრი შაშკინმა რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.

ისინი იმდენად არიან შეუწყნარებლები და, შეიძლება ითქვას, ფანატიკოსები, რომ მათი გულის მოლბობა - ეს არის ტყუილი გარჯა. ისინი თავად ძალიან ბევრ მუსლიმან თემსა და ნებისმიერ სასულიერო პირს ეჭვის თვალით უყურებენ, თუკი ეს სასულიერო პირი ან მეჩეთი ცოტა მაინც თანამშრომლობს მათთვის მიუღებელ ხელისუფლებასთან...
ლევან აბაშიძე
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წლის ზაფხული ყველაზე სისხლიანი იყო ავღანეთში საქართველოს შეიარაღებული ძალებისათვის. 2013 წლის მაის-ივნისში ავღანეთში განლაგებული ქართული ქვედანაყოფების დისლოკაციის ადგილზე, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ დანაღმული ავტომანქანების გამოყენებით განხორციელებული თავდასხმების შედეგად, 10 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა. ამას თან დაერთო ქართველი ჯარისკაცების მიმართ შურისძიების მუქარის შემცველი ე.წ. „ჯიჰადი ვიდეოს“ გავრცელება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელობა ამ ფაქტორების თანხვედრამ საგონებელში ჩააგდო და, ავღანეთში მყოფი ჯარისკაცების უსაფრთხოების გაძლიერებასთან ერთად, ავღანეთის მოსახლეობის წინაშე ქართველი ჯარისკაცების იმიჯის გაუმჯობესებაზე ზრუნვაც დაიწყო.

28 სექტემბრის პიარკამპანია, ანუ ავღანეთში მიმავალი III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის მეჩეთში მიყვანა და ქართველი ჯარისკაცების დალოცვა მუსლიმთა შეიხის მიერ, შესაძლოა, ალასანიას მიერ ნახსენები „ადგილობრივი მოსახლეობის კეთილგანწყობის“ მოპოვებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყოს. ასეთი ნაბიჯი მართლაც არის პოზიტიური გზავნილი ავღანელი ხალხისათვის, მაგრამ არა თავად თალიბებისთვისო, - ფიქრობს რელიგიათმცოდნე ლევან აბაშიძე:

„უნდა ითქვას, რომ ისინი იმდენად არიან შეუწყნარებლები და, შეიძლება ითქვას, ფანატიკოსები, რომ მათი გულის მოლბობა - ეს არის ტყუილი გარჯა. ისინი თავად ძალიან ბევრ მუსლიმან თემსა და ნებისმიერ სასულიერო პირს ეჭვის თვალით უყურებენ, თუკი ეს სასულიერო პირი ან მეჩეთი ცოტა მაინც თანამშრომლობს მათთვის მიუღებელ ხელისუფლებასთან, როგორიც არის საქართველოს ხელისუფლება. ამიტომ, და ახლა ჩვენ დავუბრუნდით მეორე შეკითხვას, თუკი აქ ჩადებული იყო ის მიზანი, რომ ამ პიარაქციით ამ რადიკალური დაჯგუფებების დამოკიდებულება შეიცვალოს, - მე ვფიქრობ, ამას აზრი არა აქვს“.

მამა თევდორე გიგნაძის გაფრთხილება

მაგრამ თალიბებს ვინ ჩივის, ირაკლი ალასანიას ნოვატორულმა ნაბიჯმა საკმაოდ გააღიზიანა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის რადიკალური ფრთა, რომლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, თევდორე გიგნაძემ, საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მეჩეთში მისულ ყველა ქართველ ჯარისკაცს მიღებული გადაწყვეტილება დაუწუნა.
„პირადად მე, ჯარისკაცი რომ ვიყო, მეჩეთში არ შევიდოდი და მუსლიმ მოლას თავს არ დავალოცინებდი. თუ მოლა თავად, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე, დამლოცავდა, ამაზე პროტესტი არ მექნებოდა. საინტერესოა, ვისი იდეა იყო, მოლას დაელოცა ავღანეთში მიმავალი ქართველი სამხედროები“, - განაცხადა სასულიერო პირმა გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და დასძინა, რომ არ არის წინააღმდეგი, თუკი მუსლიმი სასულიერო პირი ქართველ ჯარისკაცებს „ნეიტრალურ ადგილზე“ ჩაუტარებს ლექციებს:

„მნიშვნელობა ხომ აქვს, სად ხდება შეხვედრა, მეჩეთში თუ დარბაზში, ანუ სადმე, ნეიტრალურ ადგილას... მეც მიწევს ხოლმე ლექციების ჩატარება სხვადასხვა ადგილას, მაგრამ მე იქ ღვთისმსახურებას კი არ აღვასრულებ, არამედ ქრისტიანობაზე ვუკითხავ ლექციებს, რა დროსაც მე მათ ტაძარში კი არა, დარბაზში ან სადმე ისეთ, ნეიტრალურ ადგილას ვხვდები“.

სოციალურ ქსელში არც სხვა სასულიერო პირებმა და მათი მრევლის წევრებმა მოუწონეს საქციელი ირაკლი ალასანიას, თუმცა რადიკალები საჯაროდ მაინც მოერიდნენ იმ მინისტრის კრიტიკას, რომელსაც, ბოლო სოციოლოგიური გამოკითხვებით, ყველა სხვა კოლეგაზე უფრო მაღალი რეიტინგი აქვს. მაგრამ საკითხავია, რა დარჩება თავდაცვის მინისტრის რეიტინგიდან, თუკი ირაკლი ალასანიას მასზე კიდევ უფრო გავლენიან ინსტიტუტთან - მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიასთან - მოუხდა დაპირისპირება. მღვდელ თევდორე გიგნაძის სიტყვები მიგვანიშნებს და იმას მოწმობს, რომ ეკლესიაში აკვირდებიან, როგორ მოიქცევა ალასანია შემდგომში - ჯარს მიიყვანს მუსლიმანურ ტაძარში, თუ მუსლიმან მოძღვარს - ჯართან, ნეიტრალურ მოედანზე.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG