Accessibility links

logo-print

12 აგვისტოს თბილისის საკრებულომ მხარი დაუჭირა მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების რეგულირების გეგმის კორექტირებულ პროექტს, რომელსაც, საკრებულოს ცალკეული წევრების გარდა, სამოქალაქო საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილიც იწუნებს. საკრებულოს გადაწყვეტილებას მხარი არ დაუჭირა თორმეტმა დეპუტატმა, რომლებიც საკითხის განხილვის ერთი თვით გადადებას მოითხოვდნენ. მათი თქმით, საკრებულოს უმრავლესობის მიერ მოწონებული განაშენიანების რეგულირების გეგმა, ფაქტობრივად, გამორიცხავს თბილისის ისტორიული ცენტრისათვის ჰარმონიულად მორგებული პროექტის წარმოდგენას. რას უპირებენ მირზა შაფის ქუჩას და როგორი იქნება ძველი თბილისის ერთ-ერთი ყველაზე კოლორიტული უბნის ახალი იერსახე?

„საცირკო წარმოდგენა“ - ასეთი შეფასება მისცა თბილისის მერმა იმ ვნებათაღელვას, რომელსაც ადგილი ჰქონდა 12 აგვისტოს საკრებულის სხდომაზე. დავით ნარმანიას თქმით, ღიად და გამჭვირვალედ ჩატარებული კონკურსის შედეგად მიღებული იქნა მასშტაბში მნიშვნელოვნად შემცირებული და არსებულ გარემოსთან მაქსიმალურად ადაპტირებული პროექტი, რომლის განხორციელება სარგებელს მოუტანს როგორც ქალაქს, ასევე ინვესტორს:

„ეს პროექტი განხორციელდება, ამაში დარწმუნებული ვარ, რადგანაც ის არსებით ზიანს ამ ტერიტორიას არ აყენებს. კარგად ვიცით, რა იყო ამ ადგილას წლების წინ, რა მდგომარეობაა ახლა და როგორი მოწესრიგებული იქნება აქაურობა მომავალში“.

თუმცა, თბილისის მერისგან განსხვავებით, თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქარში“ მიიჩნევენ, რომ ქალაქის ინტერესს ეწინააღმდეგება როგორც ის, რაცშვიდი წლის წინ დაიწყო, ასევე ის, რაც ახლა კეთდება. ამის შესახებ ლაპარაკია ღია წერილში, რომელიც ორგანიზაციამ თბილისის საკრებულოს გაუგზავნა:

„2008 წლის 2 დეკემბერიდან დაიწყო მირზა შაფის ქუჩის უკანონო ნგრევის ისტორია. უნებართვოდ დაინგრა მთელი ქუჩა, მოიჭრა ლანდშაფტის დაცვის ზონის სტატუსის მქონე კლდის მასივი, დაინგრა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, ისტორიული გალავნის სახით განადგურდა არქეოლოგიური ნაშთები, თბილისის იმჟამინდელი მერიის მხრიდან ინვესტორის სურვილის გათვალისწინებით, უსამართლოდ და საპროექტო უბნისთვის შეუსაბამოდ გაიზარდა განაშენიანების რეგულირების გეგმის მოცულობა. საზოგადოებრივი პროტესტის წყალობით, დაიბლოკა ინვესტორის მხრიდან წარმოდგენილი ყველა პროექტი, ვინაიდან ეს პროექტები არღვევდნენ ტრადიციულად ჩამოყალიბებული უბნის ერთიან მასშტაბს და უგულებელყოფდნენ ისტორიული ლანდშაფტის თავისებურებას“.

მიმართვის ერთ-ერთი ავტორი, ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილი, მიიჩნევს, რომ საკრებულოს ურბანული კომისიის სხდომაზე წარმოდგენილი განაშენიანების რეგულირების გეგმისპროექტი არაფრით სჯობია დღემდე წარმოდგენილ პროექტებს და, შესაბამისად, ვერც ის იქნება მირზა შაფისთვის შესაბამისი.

ცირა ელისაშვილი

ცირა ელისაშვილი

„ეს არის პროექტი, რომელიც წარმოადგინეს თავის დროზე 12-სართულიანი განაშენიანების სახით. მერე გვითხრეს, რომ გავიზიარეთ საზოგადოების წუხილი ამ პროექტთან დაკავშირებითო და 12 სართული შევამცირეთ რვა სართულამდეო. არანაირი მნიშვნელობა ამ ოთხი სართულითა და 4 ათასი კვადრატული მეტრით შემცირებას არ აქვს - არც ვიზუალური, არც გეგმარებითი, არც არქიტექტურული და არც ისტორიული თვალსაზრისით, რადგანაც საქმე გვაქვს მირზა შაფის საპროექტო ტერიტორიასთან, სადაც ამხელა განაშენიანება (25 ათასი კვადრატული მეტრი), უბრალოდ, მიუღებელია და საკრებულოში ზუსტად ეს განაშენიანება დამტკიცდა და რაც უნდა კვალიფიციური იყოს არქიტექტორი, ამ გაბარიტების პირობებში ის ვერ წარმოადგენს მირზა შაფისათვის ადეკვატურ პროექტს“, უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

„ტფილისის ჰამქრის“ მსგავსად, საკითხის ერთი თვით გადადებას ითხოვდა თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი წევრი ალექსანდრე ელისაშვილი, რომლის თქმითაც, ტერიტორიის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტი უნდა დამტკიცდეს ისე, რომ საზოგადოებისა და სპეციალისტების ჩართულობა იყოს მაქსიმალურად უზრუნველყოფილი:

„გადავდოთ ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი სექტემბრისთვის. რატომ გადავდოთ? იმისთვის, რომ უფრო დიდი შემადგენლობა იყოს არა მარტო დეპუტატების, არამედ იმ ადამიანებისაც, რომლებსაც ჭკუა მოეკითხებათ ამ ქალაქში და რომლებმაც იციან სიღრმისეულად რა არეალზე და რა ადგილზეა საუბარი და რა უნდა გაკეთდეს. კიდევ ერთხელ ვიტყვი: სულ მცირე, ათეული წლის შემდეგ შეიძლება ძალიან შეგვრცხვეს, ისევე როგორც გვრცხვენია არაერთი შენობის გამო. ავწონ-დავწონოთ, იმიტომ რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უნიკალური ურბანული არეალია, ის ადგილია, სადაც ჩვენმა წინაპრებმა 2 ათასი წლის წინ გადაწყვიტეს ქალაქის დაარსება“.

მირზა შაფის ქუჩა დანგრევამდე

მირზა შაფის ქუჩა დანგრევამდე

თუმცა, პასუხად, თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ ნამუშევრების შერჩევისას უზრუნველყოფილი იყო მაქსიმალური გამჭვირვალობა. თბილისის არქიტექტურის სამსახურის უფროსის ნინო ღოღობერიძის თქმითაც, კონკურსის მსვლელობისას, ანუ თერთმეტი თვის განმავლობაში, კარი ღია იყო ყველა დაინტერესებული პირისთვის. პროექტი შეთანხმდა როგორც ზონალურ, ასევე კულტურული მემკვიდრეობის საბჭოზე. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ნინო ღოღობერიძე მიიჩნევს, რომ განაშენიანების რეგულირების გეგმის შეთანხმების კიდევ ერთი თვით გადაწევა არსებითად არაფერს შეცვლიდა:

„არ ვემხრობი კონკურსის კიდევ ხელახლა გამოცხადებას, იმიტომ რომ კონკურსი ორი თვის მანძილზე იყო ღია, ყველას შეეძლო მონაწილეობის მიღება. შესაბამისად, რატომ დავჩაგრო ის ხალხი, ვინც შემოიტანა პროექტი და იშრომა?! კონკურსის მიზანი იყო საუკეთესო კონცეფციის გამოვლენა. გამოვლინდა გუნდი, რომელსაც პროექტის განხორციელების რესურსი ჰქონდა. თუკი რამე რეკომენდაცია იყო, ყველაფერი მივაწოდეთ. ყველაფერი ეს გაითვალისწინეს და ისე დააბრუნეს“.

ამასთან, დაბრუნებულ პროექტში თავდაპირველი მასშტაბი (30 ათასი კვადრატული მეტრი) შემცირებულია მნიშვნელოვნად. საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარის გოჩა ბაბუნაშვილის კომენტარი:

„დაახლოებით, 5 ათასი კვადრატული მეტრით შემცირდა, სიმაღლეში მოაკლდა ოთხი სართული. ფაქტობრივად, ჩაჯდა იმ ლანდშაფტში, რომელიც იქ არის მოჭრილი“.

პროექტის თავდაპირველ ვარიანტში გათვალისწინებული იყო 10-12-სართულიანი სახლების აშენება, თუმცა, საბოლო ჯამში, შემცირდა როგორც სართულების რაოდენობა, ასევე მთლიანი ფართობი. რადიო თავისუფლების აუდიოარქივში შემონახულია გამარჯვებული პროექტის ავტორის, კომპანია „დემარკის“ გენერალური დირექტორის ვლადიმერ აბრამიშვილის განმარტება:

მირზა შაფის ქუჩა, 2014 წ.

მირზა შაფის ქუჩა, 2014 წ.

„მე-19 საუკუნეში და მე-20 საუკუნის დასაწყისში აქ იყო ბანიანი სახლები, მოგვიანებით კი ჩადგეს აივნიანი სახლები. შესაბამისად, ავიღეთ კონცეფციად, რომ იყოს ბანიანი სახლები. ავიღეთ შესაბამისი მასშტაბი, გადავანაწილეთ და შევფინეთ რელიეფზე. შესაბამისად, ავიღეთ ფერი, მასშტაბი და ფაქტურა გავითვალისწინეთ და მივიღეთ ეს არქიტექტურა, ოღონდ არა ძველი ფორმების გამეორებით, არამედ თანამედროვე არქიტექტურით. ამასთან, ზუსტად მივყვებით იმ კლდის კონტურს, რომელიც იქ არის და არც ერთი სანტიმეტრით მაღლა არ გვაქვს აწეული არც ერთი შენობა“.

თუმცა, მასშტაბის მნიშვნელოვანი შემცირების მიუხედავად, პროექტის განხორციელების მოწინააღმდეგენი მიიჩნევენ, რომ პროექტი არ ეწერება თბილისის ისტორიული ცენტრის კულტურულ გარემოში, რომლის დაცვასაც კანონი ითხოვს. არქიტექტორისა და ქალაქმგეგმარებლის ირაკლი ჟვანიას თქმით, შეუსაბამოა, პირველ რიგში, პროექტის მასშტაბი: ერთმა უზარმაზარმა შენობამ უნდა შეცვალოს რამდენიმე ათეული მცირე ნაგებობა, რომელთა ერთობა ქმნიდა თბილისის გულის ტრადიციულ ურბანულ ქსოვილს.

„არის ერთი დიდი მონსტრი ჩასმული თბილისის აკვანში, მთაზე, რომელიც გადმოჰყურებს თბილისს და თავისი სტრუქტურით, გეგმარებითი ხასიათით არანაირად არ ეწერება იმ გარემოში. შეიძლებოდა მირზა შაფის ქუჩის განვითარება ისევ იმ პრინციპით, რომ ამ პატარა ვიწრო ქუჩის გასწვრივ ერთმანეთის გვერდზე შეიძლებოდა ჩასმულიყო მცირე ან საშუალო ზომის სახლები, ორი-სამი სართულით. რა თქმა უნდა, ახალიც შეიძლება კეთდებოდეს ძველ უბნებში, მაგრამ უნდა კეთდებოდეს ისტორიისა და იმ ურბანული ქსოვილის გათვალისწინებით, რომელიც ჩამოყალიბებულია“, უთხრა ირაკლი ჟვანიამ რადიო თავისუფლებას.

ირაკლი ჟვანიას თქმით, ასევე გასათვალისწინებელია ის, რომ, პროექტის განხორციელების შემთხვევაში, მირზა შაფის ქუჩაზე მკვეთრად გაიზრდება როგორც სატრანსპორტო საშუალებების, ასევე მცხოვრებლების, სასტუმროების მომსახურე პერსონალისა და სტუმრების რაოდენობა:

„ასეთი რაოდენობის ხალხის ყოველდღიური მომსახურება, მისვლა-მოსვლა, ნარჩენების გატანა, რესტორნების მომარაგება და ა.შ. ყოვლად წარმოუდგენელ სატრანსპორტო დატვირთვას გამოიწვევს. ეს უბანი და იქ ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელი ამ დატვირთვას ვერ აიტანს, ვერ გაატარებს და მივიღებთ სრულ სატრანსპორტო კოლაფსს. ვერც კი წარმომიდგენია, როგორ უნდა მოემსახუროს ძველ უბანში განთავსებულ ამ ახალ განაშენიანებას, ამხელა კომპლექსს, მაშინ როცა სტრატეგია უნდა იყოს ამ უბნის და, განსაკუთრებით,აბანოთუბნის საფეხმავლო ზონად გადაქცევა“.

თბილისზე მზურნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ ხელმძღვანელი ცირა ელისაშვილი მიიჩნევს, რომ მირზა შაფის ქუჩის განაშენიანების რადიკალურ შეცვლას აუცილებლად მოჰვება ჯაჭვური რეაქცია.

„მირზა შაფი ამ თვალსაზრისით აბანოთუბნისთვის იქნება ახალი ნიშნული და ის შენობები, რომლებიც დღეს დგას, მალე, უბრალოდ, აღარ იქნება, რადგანაც სწორება იქნება აღებული მირზა შაფის ახალ განაშენიანებაზე ანუ რაც კი დაპროექტდება ბააზოვისა და გრიშაშვილის ქუჩებზე, ყველა შენობა სწორებას აიღებს მირზა შაფიზე. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ის ადამიანური მასშტაბი, რომელიც ამ ტერიტორიაზე გვაქვს, აღარ იარსებებს“, უთხრა ცირა ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG