Accessibility links

logo-print

ერთი წლის წინ ფილოსოფოსმა ლევან ღამბაშიძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა: ცალ ფეხზე სპეციალური, მთაში სასიარულო, ფეხსაცმელი ეცვა, მეორეზე - საზაფხულო სანდალი, უცხოურ ინტერნეტმაღაზიაში მთელი გულისყურით არჩეული და ფასდაკლებით ნაყიდი. მთაში სასიარულო ფეხსაცმლის წყვილიდან თბილისში მხოლოდ ცალი ჩამოვიდა. მაშინ ლევანის ფეისბუკის მეგობრებმა ამ ამბავზე კარგად იხალისეს, თუმცა ლევანი მთაშიც წავიდა და მთაში სიარულის პოპულარიზაციისთვის ვებსაიტი www.mountains.ge-ც გააკეთა. ლევან ღამბაშიძე მოხალისეა, როგორც თავად მოიხსენიებს საკუთარ თავს, - ჯერჯერობით „კიჩი ალპინისტი“, თუმცა მას და მის მეგობრებს დიდი გეგმები აქვთ, თუ როგორ დაუბრუნონ მთას ახალგაზრდები, როგორ გახდეს მთაში წასვლა მათი ცხოვრების ნაწილი.

ცალ ფეხსაცმელს რაღა ეშველებოდა - მთაში წასასვლელად მომზადებულმა ლევან ღამბაშიძემ ცოტა იდარდა და მწვერვალისკენ გზას მაინც დაადგა, სხვა ფეხსაცმლით. მას უფრო დიდი ემოცია ამოძრავებდა, ბავშვობიდან გამოყოლილი ამბავი, დედისა და მამის შავ-თეთრი ფოტოების თვალიერებისას გაჩენილი ემოცია. ამ ფოტოებზე ისინი მთაში არიან. ლევანის მშობლებმა ერთმანეთი სწორედ ალპინიადაზე გაიცნეს. ამ ფოტოებზე უფრო ახალგაზრდები, ხალისიანები და ბედნიერები ჩანდნენ, ვიდრე 90-იან წლებში, როცა ღამბაშიძეების ოჯახში ამავე ფოტოებს ათვალიერებდნენ. იმ 90-იანებში მთაში წასვლა კი არა, იხსენებს ლევანი, რეგიონში გასვლაც არ იყო უსაფრთხო. ამიტომ ოცნებები, მათ შორის მყინვარწვერზე ასვლაც, მოგვიანებით აიხდინა:

„ალპინისტებს ამ მთის მიმართ თავისებური დამოკიდებულება აქვთ - მას ქალბატონს უწოდებენ. უშბა, მაგალითად, ნამდვილად არ აღიწერება როგორც ქალი, უფრო სიმკაცრესთან ასოცირდება. მყინვარწვერზე ამბობენ ხოლმე, ნისლი თუ დაფარავს, ქალბატონი დაიმალა, თავს არ აჩენსო. რაღაცნაირი პიროვნებაა, თითქოს. ძალიან ცნობილი და მართლა მაგარი ალპინისტები ყოველ წელს ადიან მყინვარწვერზე და მეც ძალიან მინდოდა სწორედ მყინვარწვერით დაწყება. მაშინ იყო სწორედ, ჩემი პირველი პერსონალური ფეხსაცმელი რომ გამოვიწერე. ამით თითქოს ვთქვი, რომ მე მომავალშიც ვაპირებდი ამის კეთებას“.

ლევან ღამბაშიძე

ლევან ღამბაშიძე

ლევან ღამბაშიძე ახალგაზრდა მთამსვლელებს დაუმეგობრდა, რომლებიც, ამავე დროს, მთამსვლელთა გაერთიანებული ფედერაციის წევრებიც არიან, პროფესიონალი სპორტსმენები, და მზადებაც დაიწყო. ჯერ მაინც დამკვირვებელი ვარო, კი ამბობს, მაგრამ წინ დიდი გეგმები აქვს. ფიქრობს, რომ სამ-ოთხ წელიწადში უშბაზე ასასვლელად მზად იქნება. გვეუბნება, რომ რაც მთაში ხდება, რაც მთაში ადამიანს თავს გადახდება, მოსაყოლი ამბებია. მისი დაკვირვებით, საქართველოში მთამსვლელების მიღწევების შესახებ, ზოგადად, მთაში სიარულის სიკეთეების შესახებ, ვიწრო ჯგუფის გარდა, ბევრმა არაფერი იცის. www.mountains.ge-ც ამიტომ გააკეთა - ალპინიზმთან დაკავშირებული სხვადასხვანაირი ინფორმაცია ერთად რომ მოეგროვებინა, მთაში წასულებს რომ ბარში ინტერესით დალოდებოდნენ, თვალყური მიედევნებინათ ექსპედიციების მოგზაურობისთვის, ინტერესი გაჩენილიყო, საქართველოს მთების შესახებ ინფორმაციის მოძიება ერთ ადგილას ყოფილიყო შესაძლებელი და ა.შ.

„მინდა, რომ ეს კულტურა, გარეთ გასვლის (და არ არის აუცილებელი მთაზე ასვლა იყოს ეს მხოლოდ. შესაძლოა, ეს იყოს ტრეკინგი, დაცულ ტერიტორიებზე მოგზაურობა და ა.შ), არ იყოს ერთჯერადი და ცხოვრების წესად იქცეს. მე მგონია, რომ რისი დეფიციტიც არსებობს დღეს, ეს საზოგადოების ინფორმირებულობაა. ძალიან დიდმა ნაწილმა, უბრალოდ, არ იცის, რა ხდება ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ხდება, მიღწევებიც გვაქვს და ძალიან კარგი სპორტსმენებიც გვყავს. ვებსაიტის გაკეთების იდეაც მაშინ გაჩნდა, როდესაც პირველად თეთნულდიდან დაბრუნების შემდეგ გუგლში მომდევნო მთის ძებნა დავიწყე, სადაც შემეძლო წავსულიყავი. თუმცა ბევრი ვერაფერი ვნახე. ქართულ საიტებზე ინფორმაცია ძალიან მინიმალური იყო, ძირითადად რუსულ საიტებზე და ისიც გაბნეული ან ცალკეულ ტუროპერატორებს ჰქონდათ ცალკეული მთების შესახებ ინფორმაცია. ასე დავიწყე და დღეს უკვე საიტზე არის იმ მთების შესახებ ინფორმაცია, რაც აქამდე არსად ყოფილა ასე თავმოყრილი. გადავუღეთ ფოტო, ავტვირთეთ, სიმაღლე დავაფიქსირეთ და ის მთა გაჩნდა ამ სივრცეში“.

როგორ შეიძლება ცალკეული უნივერსიტეტების ალპინისტური კლუბების წევრთა, მთამსვლელთა სხვადასხვა კერძო ჯგუფების წარმატებები გასცდეს მათ ფეისბუკგვერდებს და ეს ამბავი უფრო მეტმა ადამიანმა გაიგოს? ლევან ღამბაშიძემ და ზესხოს ბანაკის დირექტორმა ჯოკია გუგავამ მთამსვლელთა ფედერაციას ჯერ ე. წ. თანრიგების სისტემის აღდგენის იდეით მიმართეს, თუმცა ჯერჯერობით თანხმობა ვერ მიიღეს. სამაგიეროდ, ერთად გადაწყვიტეს გაკეთდეს ე. წ. მთამსვლელის წიგნაკი, სადაც ფედერაცია მის მფლობელს დაუმოწმებს ამა თუ იმ მიღწევას და შემდეგი სირთულის მთის „გაკეთების“ რეკომენდაციასაც მისცემს.

„ჩვენ გვგონია, რომ ამ წიგნაკების სისტემის შექმნით ყველა კლუბი ერთ სისტემაში მოექცევა, შეიძლება კონკურენციაც გაჩნდეს, კონკურენცია ხარისხს ასწევს, ინტერესს გაზრდის, პაექრობამ კი, შესაძლოა, ისიც გამოიწვიოს, რომ უნივერსიტეტები არამხოლოდ თავიანთ ვებსაიტზე გაავრცელებენ ამ ინფორმაციას, მეტი ინტერესი იქნება, რომ ფართოდ გაშუქდეს ეს ამბავი“...

ერთი იდეაც გაჩნდა: ამას წინათ ლევან ღამბაშიძემ ფეისბუკზეც დაწერა, ზესხოს ალპინისტურ ბანაკში სტუდენტური ალპინიადის გასაკეთებლად ფულს ვაგროვებთო. დაინტერესებულ კერძო კომპანიებს ეძებდა, ვინც ამ საქმეში ფულს ჩადებდა. სულ ათი ათასი ლარი იყო საჭირო. ამით ზესხოც გაცოცხლდებოდა და, რაც მთავარია, იქაურობას ახალგაზრდა მთამსვლელები, შეიძლება ითქვას, თავიდან გაიცნობდნენ.

იქ არ არსებობს გემრიელი ან უგემური საჭმელი, არსებობს საჭმელი, რომელიც უნდა ჭამო. არ ღელავ გარეგნულ სილამაზეზე და არ ფიქრობ, რომ ეს არის ლამაზი თუ ის არის უშნო. ყველა შენი პარტნიორია, არ არსებობს მდიდარი და ღარიბი ან კარგად და ცუდად ჩაცმული და ა.შ....

„გვინდა, რომ, დაახლოებით, 20-კაციანი ჯგუფი შევკრიბოთ და მოვაწყოთ ალპინიადა. ზესხოს გიდები მათ 12 დღის განმავლობაში მოამზადებენ, ასწავლიან წრიაპი როგორ გაიკეთონ და თოკის კვანძი როგორ გააკეთონ, როგორ უნდა იარონ და ა. შ., და ამ გადამზადების მერე მწვერვალზე ავიდნენ. ამის მერე მათ გადაეცემათ მოწმობა, რომ მათ ეს უნარ-ჩვევები შეიძინეს, ამ მთაზე ავიდნენ და მომავალ წელს რა იქნებოდა მათთვის რეკომენდებული“.

ჯოკია გუგავამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ ზესხოში დღეს მიმსვლელი ალპინისტების 80 % ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდანაა - ვისაც ჯერ კიდევ ახსოვს ცნობილი ზესხოს ალპური ბანაკი. რატომ დაივიწყეს ზესხო ქართველებმა? - ვკითხეთ ჯოკიას. ალბათ, იმიტომ რომ ჩვენთან ალპინისტური სკოლა იმ დონეზე ვეღარ ფუნქციონირებს, როგორც ეს 60-70-იან წლებში იყოო, გვითხრა. ჯოკია გუგავა სკოლაში მთელ იმ სწავლების სისტემას გულისხმობს, რომელიც ეტაპობრივად უნდა გაიაროს დამწყებმა ალპინისტმა და მხოლოდ ამის შემდეგ შეუდგეს რთული კატეგორიის მარშრუტებს:

„დღეს ყველა დამოუკიდებლად ცდილობს რაღაცის გაკეთებას, ყველა თავისკენ ექაჩება. მე მორალურად გაუმართლებელი მგონია ის, რომ თუ ადამიანს ეყო ჯანი და ცოტა თავხედობაც, შეიძლება ეგრევე უშბაზე წავიდეს პირველივე ჯერზე. ეს მართლა არ არის ჯანსაღი დამოკიდებულება არც მთების მიმართ და არც იმ მთამსვლელების მიმართ, ვისთვისაც უშბაზე ასვლა ღირსების საკითხი იყო და წლობით ემზადებოდნენ იქ ასასვლელად. შეიძლება გაგიმართლოს და ახვიდე და მშვიდობითაც დაბრუნდე, თუმცა ძალიან ხშირად ის ტრაგიკული შემთხვევები სწორედ ასეთი მოუმზადებლად წასვლის მიზეზით ხდება“.

რაც შეეხება ზესხოს ბანაკს, მისი სახელი, „ბრენდი ზესხო“, ჯერ კიდევ მუშაობს, თუმცა ჯოკია გუგავაც ამბობს, რომ ბანაკის ინფრასტრუქტურა დღეს არც ისე სახარბიელოა. ბევრი რამ გასამართია, თუმცა მთის პირობების ფონზე იქ მისვლა და ბანაკის გამართვა ჯერ კიდევ შესაძლებელია. კოტეჯებში 60 ადამიანის დაბინავება შეიძლება. კარვებით თუ ავლენ, დაახლოებით, 200 ადამიანის მომსახურებასაც გასწვდებიან. თუმცა მთაში წამსვლელთა რაოდენობა არ არის დიდი. როცა კითხვა ასე ისმის - ზღვა თუ მთა, პასუხი ხშირად ზღვის სასარგებლოდ წყდება. შეიძლება ღირებულებების ამბავია, გვეუბნება ჯოკია გუგავა, და კიდევ იმისიც, რომ მთა აღარ არის პოპულარული.

„ამას ისიც ემატება, რომ დღეს საქართველოში არავინაა ისეთი გამორჩეული საზოგადო ფიგურა, ალპინიზმით დაკავებული, ვინც იქნებოდა მისაბაძი ახალგაზრდებისათვის. კიდევ ის მომენტიცაა, რომ თუ ფინანსური დაინტერესება არ არის, მთაში სიარული უკვე არც სპორტსმენებს ხიბლავთ. ალბათ, ეს უკვე სოციალური მდგომარეობის ბრალიცაა“.

რამ უნდა დააბრუნოს ახალგაზრდობა მთაში - რა არის იქ ისეთი, რასაც სხვაგან ვერ იპოვის, მაგალითად, ზღვაზე? - ვკითხეთ ლევანს, როგორც დამწყებ მთამსვლელს. ბევრი რამ ჩამოთვალა, რაც უკვე თავადაც დააგროვა: ფიქრის დიდი ველი, მარტოობა, რომელიც საკუთარ თავთან გაბრუნებს, საკუთარი ძალების გამოცდა და ღირებულებების გადაფასებაც:

„მთაში ფიქრობ ძალიან ღრმად. ზედაპირული ფიქრისათვის, უბრალოდ, რესურსი არ გეყოფა. მთაში საკუთარ თავს ვერსად გაექცევი. მთას ყველაფერი დააქვს ძალიან ბაზისურ რამეებამდე. მაგალითად, იქ არ არსებობს გემრიელი ან უგემური საჭმელი, არსებობს საჭმელი, რომელიც უნდა ჭამო. არ ღელავ გარეგნულ სილამაზეზე და არ ფიქრობ, რომ ეს არის ლამაზი თუ ის არის უშნო. ყველა შენი პარტნიორია, არ არსებობს მდიდარი და ღარიბი ან კარგად და ცუდად ჩაცმული და ა.შ.“

ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც საფეხმავლო მარშრუტების შემდეგ ალპინიზმში გადავიდა და უფრო მეტად დაინტერესდა მთით. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად მთის, მთამსვლელობის სიყვარული ლაშქრობით იწყება...

ის, რის შემეცნებასა და სიყვარულზეც ლევანი და ჯოკია ლაპარაკობენ, საფეხმავლო გამყოლ ჯონი კაპანაძის აზრით, ბავშვობიდანვე უნდა დაიწყოს ლაშქრობაში წასვლით და კოცონის დანთებით. მისი თქმით, საქართველოში ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული გახდა ე. წ. ტრეკინგი - სამთო საფეხმავლო ბილიკებზე მოგზაურობა. თავიდან, როგორც წესი, მარტივი ექსკურსიებით იწყებენ და, როგორც ჯონიც ამბობს, ხშირად ეს მოგზაურობა ალპინიზმის სიყვარულში ბუნებრივად გადადის:

„ასე ნელ-ნელა ჩნდება სურვილი მეტი და მეტი ნახონ. განსაკუთრებით, თუ ისეთი ადამიანების წრეში მოხვდი, ვისაც მთელი ქვეყანა მოვლილი აქვს, ბუნებრივია, გიღვივებენ სურვილს, რომ სხვა ტბა ნახო, სხვა მთა ნახო თუ სხვა ტყე და ჩანჩქერი. ასე იზრდება სურვილები და ძალიან ბევრი ადამიანი მინახავს, ვინც საფეხმავლო მარშრუტების შემდეგ ალპინიზმში გადავიდა და უფრო მეტად დაინტერესდა მთით. მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ზოგადად მთის, მთამსვლელობის სიყვარული ლაშქრობით იწყება და ძალიან მნიშვნელოვანია, თუ ეს მიმართულება სკოლებში დაინერგება და იქნება კლუბები, სადაც მასწავლებლებს და მოსწავლეებს შეეძლებათ თუნდაც ძალან პატარა მარშრუტებით დაიწყონ და შემდეგ მწვერვალებზეც ავიდნენ“.

კიდევ კარგი ამბავი ის არის, გვეუბნება ჯონი კაპანაძე, რომ ახლახან შეიმუშავეს სამთო საფეხმავლო ბილიკების მონიშვნის სტანდარტი, რომლის მიხედვით, ბილიკები სამ კატეგორიად დაიყოფა - მარტივ, საშუალო სირთულის და რთულ ბილიკებად. მონიშვნის ეს სტანდარტი, წესით, მალე უნდა გახდეს ყველასთვის ხელმისაწვდომი.

„ძალიან მალე ეცოდინებათ ადამიანებს, როდესაც ბილიკზე შედგებიან, როგორ წაიკითხონ მანიშნებელზე დისტანცია, გაარკვიონ, მარტივია თუ რთული ეს ბილიკი და იმედი მაქვს, რომ ამის შემდეგ კიდევ უფრო პოპულარული გახდება საფეხმავლო მარშრუტებიც“.

ჯონი კაპანაძემ გვითხრა, რომ როცა ნიშნულები არსებობს, მოგზაურობაც უფრო ადვილია და უსაფრთხო, გაკვალული ბილიკებით მთაში, ანუ საკუთარ თავთან, წასვლაც შესაძლებელია.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG