Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობოები საარჩევნო კოდექსის პროექტის რევიზიას შეუდგნენ


ეკა სირაძე-დელონე და ნინო ლომჯარია
ეკა სირაძე-დელონე და ნინო ლომჯარია
1 ოქტომბრიდან არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას” ნინო ლომჯარია უხელმძღვანელებს. ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის პოსტზე მან ეკა სირაძე-დელონე შეცვალა. ”სამართლიანი არჩევნების” ხელმძღვანელობის გეგმიური როტაცია ორგანიზაციის შინაგანაწესისა და წესდების შესაბამისად განხორციელდა, ორგანიზაციის პრიორიტეტები და ამოცანები კი - მათ შორის, საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ზრუნვა - უცვლელი დარჩა.

ორგანიზაციის თავმჯდომარის რანგში ნინო ლომჯარიასათვის პირველი არჩევნები თელავის საარჩევნო ოლქში საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნებია. 2011 წლის 2 ოქტომბერს დანიშნულ არჩევნებზე ”სამართლიანი არჩევნები” როგორც არჩევნების დღის, ისე არჩევნების შემდგომი პერიოდის მონიტორინგს განახორციელებს - კერძოდ, დააკვირდება კენჭისყრას, ხმების დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცედურებს და საჩივრების განხილვის, მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრებისა და ვადების დაცვის საკითხებს.

„სამართლიანი არჩევნების“ პრიორიტეტი ამ ეტაპზე არის ასევე საარჩევნო რეფორმა და კოდექსის პროექტის ანალიზი. როგორც ნინო ლომჯარია ამბობს, ორგანიზაცია შეეცდება კოდექსის ცვლილებების მთავარი მიმართულებები ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის და, პირიქით, საზოგადოების მოთხოვნები და ინიციატივები კოდექსში აისახოს. მისი განმარტებით, კოდექსის პროექტში, მოცულობითი ცვლილებების მიუხედავად, მხოლოდ რამდენიმე მიმართულებაა, რომელიც რეალურად შეუწყობს ხელს საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებას. რაც შეეხება შენიშვნებს, ნინო ლომჯარია განსაკუთრებით გამოყოფს კოდექსის პროექტში ასახულ იმ ნორმებს, რომლებიც წინასაარჩევნო გარემოს, გაუმჯობესების ნაცვლად, გააუარესებს:

”მაგალითად, ფართოვდება იმ თანამდებობის პირთა ჩამონათვალი, რომელთაც შეუძლიათ ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე მონაწილეობა მიიღონ წინასაარჩევნო კამპანიაში და აგიტაციაში. ასევე აგიტაციისა და კამპანიის ცნება არის ძალიან ბუნდოვნად განსაზღვრული, რაც მომავალში ვერ მოგვცემს შესაძლებლობას გავმიჯნოთ, თუ რა სახის ღონისძიებებში შეეძლება ამა თუ იმ საჯარო მოხელეს თუ პიროვნებას მონაწილეობა მიიღოს წინასაარჩევნო კამპანიაში. ეს გაგვირთულებს მონიტორინგის პროცესს და ეს ბუნდოვანება ხელს შეუშლის შემდეგ წინასაარჩევნო კამპანიის სამართლიან და თანაბარ რეჟიმში წარმართვას.”

საარჩევნო კოდექსის პროექტის ნაკლოვანებათა შორის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ასახელებენ ასევე მარკირების პროცედურის ამოღებას, დამკვირვებლების უფლებების შეზღუდვას, კერძოდ, ფოტოსა და ვიდეოს გადაღების აკრძალვას, საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობების გაზრდას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კვორუმის შემცირებას და სხვა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ კომიტეტში 29 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა მიიღეს პირობა, რომ გარკვეულ საკითხებზე პროექტის შესწორება შესაძლებელია, მაგრამ წინასაარჩევნო რეგულაციასთან დაკავშირებული ნორმები არ შეიცვლება. ნაწილობრივ განსხვავებულ მოსაზრებას გამოთქვამს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე:

”იმაში, რაც შეთანხმების ჯგუფმა წარმოადგინა, არის ბევრი ცუდი. მათ შორის მე ვგულისხმობ ადმინისტრაციულ რესურსებს. მათ შორის საუბარია იმაზე, რომ მარეგულირებელი კომისიის წევრებს არ აქვთ ვალდებულება მოიხსნან უფლებამოსილება, სანამ დეპუტატობის კანდიდატები არ გახდებიან და ასე შემდეგ. ეს არის, ფაქტობრივად, ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება, ანუ გაძლიერება კიდევ ერთხელ და, ბუნებრივია, ამაზე კითხვები იქნება, დაიწყება ამაზე მსჯელობა. ოქტომბერში ჩამოდის ვენეციის კომისიისა და ოდირის ერთობლივი ჯგუფი და მათთან კონსულტაციების შემდეგ, იმედი გვაქვს, ხელისუფლება იძულებული იქნება ბევრი რამე შეცვალოს.”

საარჩევნო კოდექსზე მსჯელობა არასამთავრობო ორგანიზაციებმა 30 სექტემბერსაც განაგრძეს. ”სამართლიანი არჩევნების”, ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა” და ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ორგანიზებით გამართული შეხვედრის მიზანი კოდექსის პროექტის ნაკლოვანებებისა და პოზიტივების შეჯერება და აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და წინადადებების თავმოყრა იყო.

”საბოლოო პროდუქტი იქნება ძალიან გასაგებ ენაზე შედგენილი წერილობითი დოკუმენტი, სადაც მიმოხილული იქნება ყველა სიახლის დადებითი და უარყოფითი მხარეები და ძირითადად ყურადღება გამახვილებული იქნება იმ საკითხებზე, რომლებიც, ამ ორგანიზაციის მიხედვით, საჭიროებს რეგულირებას, გადაწყვეტას კანონის დონეზე, თუმცა ახალი პროექტი ვერ ახერხებს მათ რეგულირებას”, გვითხრა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საპარლამენტო მდივანმა თათული თოდუამ.

”სამართლიანი არჩევნების” აწ უკვე ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი ეკა სირაძე-დელონე კი, თავის მხრივ, არჩევნების სამართლიანობის უზრუნველმყოფელ სამ მთავარ პირობას გამოყოფს:

”წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, საარჩევნო სისტემა, რომელიც, მოგეხსენებათ, სამწუხაროდ, არ გვაქვს გადასარევი და, რა თქმა უნდა, დავების საკითხი. ეს სამი ძირითადი საკითხია, რაც აუცილებლად, თუ გვინდა ვთქვათ, რომ კარგი კოდექსია, უნდა რამენაირად შეიცვალოს უკეთესობისკენ.”
XS
SM
MD
LG