Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნავთობის ფასი, საფონდო ბირჟები და ვალუტის კურსი


ავტორი: ირინა გურული

მსოფლიო ეკონომიკაში კრიზისული პერიოდი დგას. ნავთობზე ფასები ექვსი წლის მინიმუმზეა. ჩინეთის ეკონომიკის შენელებული ზრდის ფონზე, მსოფლიო საფონდო ბირჟებზე ფასები ეცემა - აზიის, ახლო აღმოსავლეთის, ევროპისა და რუსეთის ბირჟები ვარდნას განაგრძობენ.

ნედლი ნავთობის ფასი ბარელზე 40 აშშ დოლარია. ჩინეთში მიმდინარე შენელებული ეკონომიკური ზრდის ფონზე, ნავარაუდევია ენერგომატარებლებსა და ნედლეულზე მოთხოვნის კლება. აგვისტოს თვის მონაცემებით, ქარხნების წარმადობა ბოლო ექვსი წლის მანძილზე ყველაზე მეტად არის შემცირებული. ივლისის მდგომარეობით, ჩინეთის ეკონომიკის ზრდამ 7 პროცენტს მიაღწია, რაც 2009 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებმა შესაძლოა გლობალური რყევები გამოიწვიოს.

კერძოდ, აზიაში მიმდინარე მოვლენები უკვე აისახა ლონდონის, საფრანგეთისა და გერმანიის საფონდო ბირჟებზე, სადაც ფასები უკვე2,5-3 პროცენტით დაეცა. აქციის ფასები აზიაში ერთ ღამეში 8,5 პროცენტით შემცირდა, რაც 2007 წლის შემდგომ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 2014 წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი კი 1990 წლის შემდგომ ყველაზე დაბალი იყო.

საფონდო ბირჟის გადასარჩენად, პირველად ისტორიაში, ჩინეთის საპენსიო ფონდმა საკუთარი აქტივების 30 პროცენტის ინვესტირება ადგილობრივ აქციებში განახორციელა, რაც მოთხოვნისა და, შესაბამისად, ფასების ზრდის მასტიმულირებელი უნდა გამხდარიყო. ცნობისთვის: ჩინეთის საპენსიო ფონდის აქტივები 548 მილიარდ აშშ დოლარს უტოლდება. მცდელობის მიუხედავად, საპენსიო ფონდის ინვესტიციამ ვერ მოახერხა ჩინელი და უცხოელი ტრეიდერების ნდობის ამაღლება. ივლისიდან მოყოლებული, აქციებზე ფასები 30 პროცენტით არის შემცირებული.

მსოფლიოს არაერთი ვალუტა და სასაქონლო ფასები არის დამოკიდებული ჩინეთიდან არსებულ მოთხოვნაზე. მოთხოვნის შემცირების საპასუხოდ ეცემა ფასები სხვადასხვა საქონელზე და ასევე უფასურდება სხვადასხვა ქვეყნის ვალუტა.

რაც შეეხება სავალუტო ბირჟას, დოლართან მიმართებაში გაუფასურდა ევრო და ჩინური იუანიც. კერძოდ, 2014 წლის იანვრიდან დღემდე ევრო დოლართან მიმართებით, საერთო ჯამში, 19 პროცენტით გაუფასურდა, იუანი კი - 6 პროცენტით. მიმდინარე თვეში ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა, ექსპორტის გაზრდის მიზნით, ჩინურ იუანს საშუალება მისცა უცხოური ვალუტის მიმართ გაუფასურებულიყო. რუსეთში 1998 წლის ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია რუბლის ღირებულებამ დოლართან მიმართებაში. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, ერთი დოლარი 70,75 რუბლი ღირს, ერთი ევრო კი - 81,15 რუბლი, რაც თითქმის ოთხი რუბლით მეტია პარასკევის მაჩვენებელზე.

ბაზარზე პანიკის თავიდან აცილების მიზნით, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ ჩინეთში მიმდინარე მოვლენები არ არის კრიზისი, არამედ საჭირო ცვლილებები ეკონომიკაში. ექსპერტებმა კი უკვე უწოდეს გუშინდელ დღეს „შავი ორშაბათი“.

XS
SM
MD
LG