Accessibility links

logo-print

ომსა და სისხლისღვრაზე გონიერებამ გაიმარჯვა: სერბია და კოსოვო მორიგდნენ


კოსოვო

კოსოვო

წლების განმავლობაში გრძელდებოდა დაპირისპირება, ომი, სისხლისღვრა - კოსოვოს გამო - სერბიაში. ბოლოს, გონიერებამ გაიმარჯვა და გასულ პარასკევს, ევროკავშირის შუამავლობით, შეთანხმება იქნა მიღწეული. ეს შეთანხმება მნიშვნელოვანია ორივე მხარისთვის, რადგან გაჩნდა შანსი, რომ მარადიული დავა და უთანხმოება არა მხოლოდ ზოგადად სერბებსა და ალბანელებს შორის, არამედ სერბიის პოლიტიკურ ძალებსა და საზოგადოებაში, თუ არ დასრულდება, მინელდება მაინც. შეთანხმება, რომელიც სწრაფადვე, კვირას, პრიშტინაში, ხოლო ორშაბათს სერბიის პარლამენტის მიერ იქნა დამტკიცებული, შემდეგს გულისხმობს: კოსოვოს ჩრდილოეთში მცხოვრებ სერბიულ უმრავლესობას უფლება მიეცემა პოლიცია თვითონ დააკომპლექტოს, ანუ პოლიცია სერბიული იქნება, თუმცა მათ უნდა აღიარონ კოსოვოს ამ არეალში ცენტრალური ხელისუფლების, პრიშტინის, ალბანური მთავრობის უფლებამოსილება. ამ შეთანხმების ერთი პუნქტი ეხება ევროპის კავშირისკენ მხარეების სწრაფვის პროცესში ერთმანეთისთვის ხელის არშეშლას. მართალია, შეთანხმება სერბებმა მიიღეს პოლიტიკურ დონეზე და მას ნაციონალისტურად განწყობილი საზოგადოება არ მიემხრო. მიტროვიცაში, კოსოვოს ჩრდილოეთ არეალში, სადაც სერბები სახლობენ, რამდენიმე ათასმა ადამიანმა მოაწყო გამოსვლა და პროტესტი გამოხატა ბელგრადის დათმობების მიმართ. დასავლეთის პოლიტიკოსები მიესალმნენ მოლაპარაკებათა მარათონის მორიგებით დასრულებას. კეტრინ ეშტონი თვითონ იყო ერთ-ერთი შუამავალი, როგორც ევროკავშირის საგარეოპოლიტიკური ლიდერი. ეშტონი შედეგით კმაყოფილი დარჩა:

„ზოგიერთი თემა, რომელსაც ამ მოლაპარაკებებზე განიხილავდნენ, უკვე განხორციელების ფაზაშია. ის მოტივაცია, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ, იმედს მაძლევს, რომ დოკუმენტის ყველა ნაწილი განხორციელდება. მე მათ ყველანაირად მხარში ამოვუდგები. უკვე შევთავაზე კიდეც დახმარება და დავპირდი, რომ არა მხოლოდ შეთანხმების განხორციელების პროცესში, არამედ თუ დიალოგის გაგრძელებას ისურვებენ, მაშინაც მათ განკარგულებაში ვიქნები. ჩემთვის დიდი პატივი იყო მათთვის დახმარება გამეწია“.

მიღწეული წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაიწყონ მოლაპარაკება სერბიასთან ევროკავშირში გაწევრიანების, კოსოვოსთან კი სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გარშემო...
როცა სერბია და კოსოვო ამ მოლაპარაკებას მართავდნენ, ბელგრადს პირობასავით ჰქონდა წაყენებული, რომ საკუთარ ყოფილ ოლქთან ურთიერთობის ნორმალიზება ევროკავშირთან მის დაახლოებას შეუწყობდა ხელს. ეს პირობაც აღსრულდა და ევროკომისიამ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს რეკომენდაცია მისცა. ევროკომისარი გაფართოების საკითხებში შტეფან ფიულე ლუქსემბურგში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოვიდა და თქვა, ისტორიული დღეა - სერბიისა და კოსოვოსათვის, მთელი დასავლეთი ბალკანეთისთვის თამაშის წესების შეცვლა მოხდაო:

„მიღწეული წინსვლის გათვალისწინებით, ევროკომისია რეკომენდაციას აძლევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, რომ დაიწყონ მოლაპარაკება სერბიასთან ევროკავშირში გაწევრიანების, კოსოვოსთან კი სტაბილიზაციისა და ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გარშემო. სერბიამ და კოსოვომ დაამტკიცეს, რომ მათ შეუძლიათ იყურონ წინ, მომავლისკენ და არ ჩარჩნენ წარსულში. ჩვენი რეკომენდაციები, შესაბამისად, არის ცხადი: საბოლოოდ, ორივე - სერბიაც და კოსოვოც - იმსახურებს იმოძრაონ ევროკავშირისკენ“.

ახლა სერბიასა და კოსოვოსთან ამ მოლაპარაკების დაწყების შესახებ გადაწყვეტილება წევრი ქვეყნების მეთაურებმა უნდა მიიღონ. საბოლოო გადაწყვეტილებას ისინი მაშინ მიიღებენ, როცა შეთანხმება მართლაც განხორციელდება. გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდო ვესტერველემ მკაფიოდ გამოხატა ეს აზრი:

„ჩვენი სურვილია, შეთანხმება სერბიასა და კოსოვოს შორის ახლავე განხორციელდეს. ჩვენი აზრით, ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კარლ ბილდტმა პრინციპულად იგივე პოზიცია გამოხატა, თუმცა ისიც დაამატა, იოლი არ იქნება შეთანხმების განხორციელება, თუმცა რუბიკონი გადალახულია და ესაა მთავარიო. შეთანხმების განხორციელების აუცილებლობაზე ლაპარაკობდა ბრიტანეთის საგარო საქმეთა მინისტრი უილიამ ჰეიგიც. ორშაბათს ლუქსემბურგში გამართულ შეხვედრაზე საგარეო საქმეთა მინისტრების მიერ ითქვა, ევროკავშირთან სერბიისა და კოსოვოს მოლაპარაკების დაწყების ვადა მაშინ გაირკვევა, როცა ორი სახელმწიფოს ურთიერთობის ნორმალიზების შეთანხმება განხორციელდებაო. ამ განხორციელების თითოეული ეტაპის ვადები კი უკვე 26 აპრილს დადგინდება.

ამავე თემაზე

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG