Accessibility links

საბერძნეთი - ევროკავშირისა და ნატოს წევრი, ვალებით გამოწვეული კრიზისით მოცული ქვეყანა - დახმარებას ითხოვს. საინფორმაციო სააგენტო „ბლუმბერგის“ ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა კრედიტორებს მოუწოდა მის ქვეყანას ორწლიან დახმარებაზე დასთანხმდნენ. მანამდე ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა განაცხადა, რომ საბერძნეთი საერთაშორისო სავალუტო ფონდს ვერ გადაუხდის ვალს, 1,8 მილიარდ დოლარს.

30 ივნისს დასრულდა საბერძნეთისათვის უცხოელი კრედიტორების ფინანსური დახმარების მიწოდება. ღამით, თბილისის დროით 2 საათზე, ათენმა ერთ-ერთ კრედიტორს, საერთაშორისო სავალუტო ფონდს, უნდა გადაუხადოს ვალი, 1,8 მილიარდი დოლარი - ფული, რომელიც მას არა აქვს. და თუ ათენი არც ვალს გაისტუმრებს და არც კრედიტორების ახალ წინადადებას - დახმარების ახალ პაკეტს- დაყაბულდება, მას დეფოლტი მოელის, ფინანსური ვალდებულებების შესრულებაზე უარის თქმა. შესაძლოა, მოელის ევროზონის დატოვებაც... ათენის ვალები, მთლიანობაში, 300 მილიარდ დოლარს აღემატება.

საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ალექსის ციპრასმა, რომელიც სათავეში უდგას მემარცხენე და ულტრამემარჯვენე ძალების კოალიციას, პარასკევ საღამოს გამოაცხადა, რომ რეფერენდუმის მეშვეობით შეეკითხება მოსახლეობას, ემხრობა თუ არა კრედიტორებისგან ახალი დახმარების მიღებას - რეფორმების და, შესაბამისად, მომჭირნეობის ზომების სანაცვლოდ.

თავად ციპრასმა ორშაბათს ათენში, სატელევიზიო ინტერვიუში, დაადასტურა ის, რაც მანამდეც ბევრჯერ უთქვამს, რომ მიუღებლად მიაჩნია მოთხოვნილი რეფორმები. ის აცხადებს, რომ გადადგება, თუ ბერძნები კრედიტორების წინადადებას მიიღებენ. არადა, 30 ივნისს, საღამოხანს, გავრცელდა ცნობა, რომლის თანახმადაც, ციპრასი კრედიტორებს სთხოვს ორი წლით დახმარებას, სანამ საბერძნეთი ვალების რესტრუქტურიზაციას შეძლებს.

„გადაწყვეტილებას ბერძენი ხალხი მიიღებს. თუ ბერძენ ხალხს სურს, უსასრულოდ გაგრძელდეს მომჭირნეობის ზომები, მომჭირნეობის ზომები, რომლებიც არ მოგვცემს საშუალებას წელში გავიმართოთ, რომელთა გამოც ათასობით ახალგაზრდა უცხოეთში წავა, უმუშევრობის მაღალი მაჩვენებლები გვექნება და გვექნება ახალი პროგრამები და კრედიტები - თუ ეს არის მათი არჩევანი, მე მას პატივს ვცემ, მაგრამ არ ვიქნები ის კაცი, ვინც მათ განახორციელებს. მეორე მხრივ, თუ გვსურს ახალი, ღირსეული მომავალი ჩვენი ქვეყნისათვის, მაშინ ყველაფერს ერთად გავაკეთებთ. ძალაუფლება მაშინ არის ხალხის ხელში, როცა ის მის გამოყენებას გადაწყვეტს“, - ალექსის ციპრასის ამ ტელეინტერვიუს ფონს ქმნის განცხადებები, რომლებიც იმავე დღეს, 29 ივნისს, გაკეთდა ბრიუსელსა და ბერლინში და რომლებიც არ ტოვებს შთაბეჭდილებას, თითქოს ვინმეს ჰქონდეს განზრახული საბერძნეთის მოსახლეობას არ მისცეს „წელში გამართვის“ შესაძლებლობა.

ევროკავშირის უდიდესი ეკონომიკის, გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა ბერლინში პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ ევროზონის ფინანსთა მინისტრების მოლაპარაკებისას საბერძნეთის მთავრობას უაღრესად მომგებიანი, მერკელის სიტყვებით, „დიდსულოვანი“ წინადადება შესთავაზეს: „ეს დიდსულოვანი წინადადება იყო ჩვენი წვლილი კომპრომისის მისაღწევად. და ამიტომ, უბრალოდ, უნდა ითქვას, რომსაბერძნეთის მხრიდან არ გამოჩნდა ასეთი ნება კომპრომისისათვის“.

იქვე მერკელმა დაადასტურა მოლაპარაკებისათვის მზადყოფნა, თუ ათენი ამის სურვილს გამოთქვამს 5 ივლისის რეფერენდუმის შემდეგ.

საბერძნეთს მიეძღვნა ორშაბათს ბრიუსელში გამართული პრესკონფერენციაც.

„ბერძნებს, რომლებიც მართლა ძალიან მიყვარს, ასე ვეტყოდი: არ ღირს თავის მოკვლა იმის გამო, რომ სიკვდილის გეშინია!“ - ეს სიტყვები წარმოთქვა ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, რომლის აზრითაც (და არამარტო მისი აზრით), ევროზონიდან გასვლის შემთხვევაში, საბერძნეთს გაცილებით უფრო მძიმე პრობლემები მოელის, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუ განახორციელებს თუნდაც რთულ რეფორმებს, უცხოელი კრედიტორებისაგან მეტი დახმარების მისაღებად.

ამასობაში, საბერძნეთში ბანკები დახურული რჩება. მთავრობამ კვირა საღამოს გამოაცხადა, რომ ბანკები ერთი კვირით იხურება და დღეში 60 ევროთი იზღუდება თანხა, რომლის ბანკომატიდან აღებაც ერთ კაცს შეუძლია.

რამდენად შეიძლება ჰქონდეს ათენს თავისი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად სხვა წყაროდან, სხვა მხრიდან დახმარების იმედი? ანუ იმედი, რომ კრედიტორების სამეულის - საერთაშორისო სავალუტო ფონდის, ევროპის ცენტრალური ბანკისა და ევროკომისიის -- ნაცვლად მას, დავუშვათ, რუსეთი დაეხმარება?

პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენჯერმე უმასპინძლა ალექსის ციპრასს მას შემდეგ, რაც ის წელს, იანვარში, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი გახდა და ამ წარმატებას მიაღწია საარჩევნო პროგრამით, რომელიც მომჭირნეობის ზომების კრიტიკას ეფუძნებოდა. 19 ივნისს პუტინმა და ციპრასმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს საბერძნეთის მონაწილეობაზე თურქეთზე გამავალი გაზსადენის პროექტში. მეორე მხრივ, პუტინს საჯაროდ არასოდეს დაუდვია პირობა, რომ ფინანსურ დახმარებას გაუწევდა ათენს და დღეს გავრცელდა პუტინის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის განცხადება, რომ საბერძნეთის ფინანსური მხარდაჭერა, ეს არის საკითხი, რომელიც საბერძნეთმა და მისმა კრედიტორებმა უნდა მოაგვარონ - ჩვენ არაო.

როგორც ჩვენს რადიოსთან საუბრისას განაცხადა რუსეთში წამყვანი საინვესტიციო კომპანია „რენესანს კაპიტალის“ წარმომადგენელმა, ეკონომისტმა ოლეგ კუზმინმა, მოსალოდნელი არ არის, კრემლი ფულით დაეხმაროს ათენს განვლილი წლის განმავლობაში თავისი რეზერვებიდან 100 მილიარდამდე დოლარისდაკარგვის შემდეგ.

„რუსეთის ხელისუფლება მიანიშნებს, რომ სურს შეავსოს თავისი რეზერვები შარშან 100 მილიარდ დოლარზე მეტის დაკარგვის შემდეგ. და რუსეთის წინაშე ახლა ძალიან რთული პრობლემებია - თან ნავთობის ფასების შემცირება და დასავლეთის სანქციები. ასე რომ, ჩვენი აზრით, ძნელი წარმოსადგენია, საშუალოვადიან პერსპექტივაში რუსეთმა შეძლოს რესურსების, დიდი თანხების მიწოდება თავისი საერთაშორისო პარტნიორებისათვის“ , - განმარტავს რუსი ეკონომისტი.

ამასობაში, სულ უფრო მეტ ყურადღებას იპყრობს საბერძნეთში 5 ივლისისთვის დანიშნული რეფერენდუმი. ევროკავშირის წამყვანი პოლიტიკოსების აზრით, თუ ბერძნები უარს იტყვიან კრედიტორებისაგან დახმარების ახალ პაკეტზე, საბერძნეთს ევროზონის დატოვება მოუწევს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG