Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილმა დაასახელა მთავრობის წევრობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი


მთავრობის წევრობის კანდიდატების დასახელება ”ქართული ოცნების” ოფისში

მთავრობის წევრობის კანდიდატების დასახელება ”ქართული ოცნების” ოფისში

კოალიცია ”ქართული ოცნების” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს დაასახელა მისი მომავალი მთავრობის წევრობის კიდევ რამდენიმე კანდიდატი.

რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრის პოსტზე თავდაპირველად დასახელებული კახა კალაძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა დღეს წარადგინა დავით ნარმანია, ხოლო კალაძე ენერგეტიკის მინისტრობის კანდიდატად. ივანიშვილმა განმარტა, რომ სამომავლოდ ენერგეტიკის სამინისტროს აღარ ექნება ბუნებრივი რესურსების მართვის ფუნქცია, რომელიც გადაეცემა ეკონომიკის სამინისტროს. მას სამომავლოდ ასევე გადაეცემა ინფრასტრუქტურა და ცალკე ჩამოყალიბდება რეგიონული განვითარების სამსახური, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს დაექვემდებარება. შესაბამისად, რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუქმდება, რის შემდეგაც მინისტრობის კანდიდატად დღეს დასახელებული დავით ნარმანია ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილედ დაინიშნება.

ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა ნოდარ ხადური და ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი კვირიკაშვილი. კოალიციის ლიდერმა განათლების მინისტრობის კანდიდატად დაასახელა გიორგი მარგველაშვილი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა მინისტრობის კანდიდატად დავით დარახველიძე და გარემოს დაცვის მინისტრის პოსტზე ხათუნა გოგალაძე. შეიცვალა მინისტრის თანამდებობაზე 8 ოქტომბერს წარდგენილი კიდევ ერთი კანდიდატი. შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრობის კანდიდატად ამირან გამყრელიძის ნაცვლად ბიძინა ივანიშვილმა პროფესიით ექიმი დავით სერგიენკო დაასახელა. ამირან გამყრელიძემ დღეს განცხადება გაავრცელა და უარის მიზეზად ის დაასახელა, რომ მისი ვაჟი ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იყო სადაზღვევო კომპანია "ალდაგი ბისიაის" გენერალური დირექტორი.

"ეს არ გახლდათ ინტერესთა სამართლებრივი კონფლიქტი, მაგრამ იყო მორალური უხერხულობა. ამის შესახებ დაიწერა პრესაშიც, რასაც მოჰყვა ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის არასასიამოვნო ინტერპრეტაციები” - ნათქვამია ამირან გამყრელიძის განცხადებაში.

მინისტრობის ყოფილი კანდიდატი აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილთან კონსულტაციების შედეგად მიიღო და მასთან შეთანხმებით დარჩება მრჩევლად ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებში, როგორც ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელი. ამირან გამყრელიძემ მადლობა გადაუხადა ბიძინა ივანიშვილს და კოალიცია "ქართულ ოცნებას" მისთვის გამოცხადებული ნდობისთვის და იმედი გამოთქვა, რომ დაიწყება ფართო საზოგადოებრივი მოძრაობა ჯანმრთელი საქართველოსთვის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG