Accessibility links

logo-print

პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა: ხელისუფლება აბსურდული ბრალდებით დიდი ხნით მიპირებდა დაპატიმრებას


პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა

პოლკოვნიკი ნიკა ჯანჯღავა

პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას პატიმრობაში ყოფნის ამბავმა გასული კვირაში საქართველოს საინფორმაციო სივრცე ააფორიაქა. როგორც ჟურნალისტებმა გაარკვიეს, სამშვიდობო კონტინგენტის ყოფილი მეთაური ავღანეთში, განათლების დეპარტამენტის სარდალი და „ვარდების რევოლუციის“ წინა პერიოდში რეფორმატორთა გუნდის ყველაზე იმედის მომცემი ოფიცერი პოლიციას უბრალოდ ხულიგნობისათვის დაუპატიმრებია. როგორც ჩვენს რადიოსთან საუბარში განაცხადა შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, სალომე მახარაძემ, ჯანჯღავა 20 აგვისტოს დააკავეს პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით და მას 60-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა როგორც, საპატიმროდან ვადაზე ადრე გათავისუფლების შემდეგ, ჯანჯღავამ 7 ოქტომბერს უთხრა რადიო თავისუფლებას, მისი დაპატიმრების ოფიციალური ვერსია არის აბსურდული და მალე ფარდა აეხდება იმ საიდუმლოს, რისთვისაც ხელისუფლებამ მისი იზოლაცია გადაწყვიტა.

„მე მაინც მეტ-ნაკლებად რაღაც ავტორიტეტი და გარკვეული პრესტიჟი მაქვს შეიარაღებულ ძალებში და ისინი [ხელისუფლება] გარკვეულწილად აპირებდა ჯარის გამოყენებას არჩევნების წინა პერიოდში. შეიძლება ამისთვის ამზადებდნენ ჯარს. ჩვენ კარგად ვიცით, თუ რითი დამთავრდა და რა უზარმაზარ საფრთხეს წარმოადგენდა კახეთის პროვოკაცია. ალბათ ამდაგვარი პროვოკაციის მოწყობას აპირებდნენ შემდგომში. ამ შემთხვევაში ალბათ ნიკა ჯანჯღავას ფაქტორი ხელისუფლებისათვის იქნებოდა უარყოფითი და მათ კარგად იცოდნენ, თუ სად იდგებოდა არა მარტო ჯანჯღავა, არამედ შეიარაღებული ძალების სხვა ოფიცრობაც.“

ოფიცრის ბიოგრაფიის თანახმად, ჯანჯღავას საკუთარი აზრის გამოხატვისა ადრე არასოდეს შეშინებია. 2002 წელს, იმხანად სპეცდანიშნულების სარდალმა, ნიკა ჯანჯღავამ პრესკონფერენცია მოიწვია და არმიაში გამეფებული კორუფციისა და სამხედრო მშენებლობის მიმართ იმდროინდელი პოლიტიკური ელიტის გულგრილი დამოკიდებულებისადმი პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა. თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ ნიკა ჯანჯღავა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მაღალ თანამდებობებზე იყო და მანამდე არც ერთხელ არ გამოუხატავს პროტესტი იმ საორგანიზაციო ექსპერიმენტებისა და საკადრო წმენდის შესახებ, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ნიკა ჯანჯღავა ამას იმით ხსნის, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ამერიკაში, პენტაგონის უმაღლეს „ომის კოლეჯში“ სწავლობდა, ხოლო ამერიკადან დაბრუნების მეორე კვირის თავზე კი დააპატიმრეს და სავარაუდოდ, დიდი ხნითაც დააპატიმრებდნენ.

„იყო შეკრული ორი საქმე, ერთი საქმე იყო სისხლის სამართლის საქმე და უკვე ლაპარაკი იყო ციხეზე და მეორე იყო ადმინისტრაციული საქმე. შეიძლება გამოძიების დროს აღმოჩნდეს რაღაცა, დამამძიმებელი ფაქტორები, რის შემდეგაც შეუძლიათ გადაგიყვანონ სხვა მდგომარეობაში, ანუ აღიძრას შენზე სისხლის სამართლის საქმე. რაც ყველაზე მთავრია, როდესაც მე ვიმყოფებოდი საპატიმროში, ჩუმად გამანთავისუფლეს თავდაცვის სამინისტროდან.“


სამხედრო უწყებამ უცებ დაიბანა ხელი და ეს მოხდა იმ დროს, როდესაც თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინს სამოქმედო პრინციპად გამოცხადებული აქვს ამერიკელი რეინჯერების დევიზი: „არც მშვიდობიან დროს და არც ომში არც ერთ ადამიანს არ მივატოვებთ!“ ნიკა ჯანჯღავა, პირველი ქართველი „რეინჯერი“, რომელიც ალკოჰოლს საერთოდ არ ეკარებოდა, პოლიციისათვის წინააღმდეგობის გაწევის, დაუმორჩილებლობისა და ნასვამ მდგომარეობაში ავტომობილის მართვის გამო 20 აგვისტოს შუადღის 2 საათზე ფალიაშვილის ქუჩაზე დააკავეს. დაპატიმრებამდე პოლკოვნიკი ჯანჯღავა სულ რამდენიმე დღის დაბრუნებული იყო ვაშინგტონიდან, სადაც მან პენტაგონის ყველაზე პრესტიჟული აკადემია „ომის კოლეჯი“ დაამთავრა. ჯანჯღავა ფიქრობს, რომ იგი დააპატიმრეს პირადად ბაჩო ახალაიას ბრძანებით, რომელიც, რომ დასცლოდა, კიდევ ერთი ახალ შეთქმულებას „გახსნიდა“ შეიარაღებულ ძალებში.

„ძალიან სერიოზული გამოძიება სჭირდება ე.წ. 2009 წლის მუხროვანის ამბოხების საქმეს. იყო კი ის ამბოხი? ჩვენ ხომ ვიცით, თუ როგორ მუშაობს ბატონი ბაჩო ახალაია. ნებისმიერ თანამდებობაზე ის ქმნიდა პრობლემას, რომელსაც მერე თავადვე წყვეტდა და ამით ქულებს აგროვებდა ზედა ეშელონებისთვის: რომ ის „რკინის ადამიანია“. სინამდვილეში ეს ყველაფერი იყო პროვოკაცია.“

პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას გათავისუფლების შემდეგ, სოციალურ ქსელში დაიწყო ლაპარაკი იმაზე, რომ შესაძლოა, სწორედ მან დაიკავოს გენერალური შტაბის უფროსის პოსტი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ასეთ ვერსიაზე კომენტარს არ აკეთებს საპატიმროდან გათავისუფლებული ოფიცერი. ჯანჯღავა ადასტურებს, რომ სამხედრო ძალებში მისი აღდგენის შემთხვევაში, იგი მზად იქნება ნებისმიერი ფორმით დაეხმაროს არმიის ახალ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რომელსაც არმიაში საკმაოდ მძიმე მემკვიდრეობა ხვდება.

„საუბედუროდ, ჩვენ კიდევ მერამდენედ უნდა დავიწყოთ ნულიდან. სამასი ქართველი ოფიცერი, სადღაც სამი თვის წინ, ჯარიდან გააგდეს მხოლოდ იმ საბაბით, რომ მათ ჰქონდათ დამთავრებული სამხედრო სასწავლებლები რუსეთი ან უკრაინაში. ეს საკმაოდ სავალალო ციფრია და ეს საკმაოდ ასუსტებდა ჩვენს თავდაცვას. ე.წ. „ჩისტკები“ , რომელსაც ახორციელებდა ბატონი ბაჩო ახალაია, ძალიან ცუდად აისახებოდა საქართველოს შეიარაღებულ ძალებზე.“

პოლკოვნიკ ნიკა ჯანჯღავას ბრალდებებთან დაკავშირებით ვერც ბაჩო ახალაიასთან, რომლის ასავალ-დასავალი მკაცრად გასაიდუმლოებულია და ვერც თავდაცვის მინისტრ დიმიტრი შაშკინთან დაკავშირება ვერ ხერხდება. სოციალურ ქსელებში და ინტერნეტ-სივრცეში საზოგადოების აზრი ნიკა ჯანჯღავაზე მკვეთრად დაპირისპირებულია: ზოგი ფიქრობს, რომ ის სიმართლისთვის დევნილია, ზოგი კი მას უწოდებს მედროვე ოფიცერს, რომელიც აქამდე ყველა უკანონობაზე თვალს ხუჭავდა და მხოლოდ მას შემდეგ ალაპარაკდა, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება იცვლება. პირადად ჩემთვის კი ნიკა ჯანჯღავას მაგალითში ერთი რამეა საგულისხმო: ოფიცერმა, რომელიც არ ეთანხმება პოლიტიკური ხელმძღვანელობის კურსს, სჯობს დროულად მიიღოს არმიიდან წასვლის გადაწყვეტილება. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი რისკავს დაკარგოს სახელიც და თავისუფლებაც, რაც აშკარად ემუქრებოდა ნიკა ჯანჯღავას 1 ოქტომბერს საქართველოში პოლიტიკურ ოპოზიციას რომ არ გაემარჯვა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG