Accessibility links

logo-print

ნაზარბაევი უკრაინასა და რუსეთს კომპრომისისაკენ მოუწოდებს


ნურსულთან ნაზარბაევი

ნურსულთან ნაზარბაევი

ყაზახეთის პრეზიდენტმა ნურსულთან ნაზარბაევმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა კომპრომისისაკენ აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის მოსაგვარებლად და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად. ნაზარბაევი ამ მოწოდებით გამოვიდა 22 დეკემბერს კიევში, უკრაინელ კოლეგა პეტრო პოროშენკოსთან შეხვედრის შემდეგ. ცნობების თანახმად, მხარეებმა საყურადღებო შეთანხმებებსაც მიაღწიეს.

კიევში ნურსულთან ნაზარბაევის დღევანდელი ვიზიტისას მიღწეული შეთანხმებებით, უკრაინა ყაზახეთისაგან მიიღებს ქვანახშირს და განახლდება ორმხრივი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკების მექანიზმი, ისევე როგორც მოლაპარაკება სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობაზე.

„მიხარია იმის კონსტატირება, რომ სრული მასშტაბით განვაახლებთ სამხედრო-ტექნიკურ თანამშრომლობას და უკრაინის სამხედრო -სამრეწველო კომპლექსის გამოცდილება და პოტენციალი სრულად იქნება გამოყენებული ყაზახეთის თავდაცვისუნარიანობის გასამყარებლად“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ყაზახ სტუმართან შეხვედრის შემდეგ.

კიევისა და ასტანის შეთანხმებები მიჩნეულია მოსკოვის საყურადღებო მკაფიო სიგნალად, რომ ყაზახეთი უკმაყოფილოა რუსეთის მეზობლად კონფლიქტის არსებობით. ნაზარბაევმა კიევსა და მოსკოვს მოუწოდა კომპრომისისაკენ კონფლიქტისათვის თავის დასაღწევად და ამჟამინდელ ვითარებას უაზრობა უწოდა.

„არსებობს ამ ვითარებიდან გამოსვლის შესაძლებლობა, რადგან კონფრონტაცია, ერთმანეთის მიმართ სანქციები და ასე შემდეგ - ეს გზაა ჩიხისაკენ, ეს გზა არსაით მიდის. ვფიქრობ, შესაძლებელია გამოსავლის პოვნა ვითარების აღსადგენად, ურთიერთობის აღსადგენად ჩვენს ქვეყნებს შორის, რუსეთის ჩათვლით, რომელიც მთავარი სავაჭრო პარტნიორია. რასაკვირველია, უკრაინა უფრო ახლოს არის ევროპასთან...“ - ამბობს ნაზარბაევი. მისი ქვეყანა კი შესულია საბაჟო კავშირში, რომელშიც რუსეთი დომინირებს და რომელიც სულ რამდენიმე დღეში, 1 იანვრიდან, გარდაიქმნება ევრაზიის ეკონომიკურ კავშირად. თუმცა ასტანა, ამავე დროს, ცდილობს მჭიდრო კავშირი იქონიოს დასავლეთთან. მას შემდეგ კი, რაც რუსეთმა აკრძალა დასავლეთიდან სურსათის დიდი ნაწილის იმპორტი, რითაც რეაგირება მოახდინა ევროკავშირისა და შეერთებული შტატების სანქციებზე, ვაჭრობის საკითხები დავას იწვევს ასტანასა და მოსკოვს შორის.

შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს სანქციები აქვთ დაწესებული რუსეთისათვის ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში არსებულ კონფლიქტში მოქმედების გამო. აპრილის შემდეგ აღმოსავლეთ უკრაინაში 4 700-ზე მეტი ადამიანი შეიწირა რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ბრძოლამ.

XS
SM
MD
LG