Accessibility links

logo-print

ნატო გმობს რუსეთის მოქმედებას ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში


ნატოს წევრები და უკრაინა გმობენ რუსეთს აღმოსავლეთ უკრაინის დესტაბილიზაციისა და უკრაინისაგან მიერთებულ ყირიმში სამხედრო ძალების გაზრდისათვის. ამის შესახებ განცხადება გაკეთდა ბრიუსელში, სადაც გაიმართა ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრები.

ბრიუსელში ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მინისტერიალის მთავარ თემებად სახელდება კრიზისი უკრაინაში და დასავლეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობის გაუარესება. ნატო-უკრაინის კომისიის სხდომის შემდეგ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას, ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა:

„გადაჭრით ვგმობთ რუსეთის მიერ უკრაინის განუწყვეტელ და განზრახ დესტაბილიზაციას, თანამედროვე აღჭურვილობის, იარაღისა და სამხედრო მოსამსახურეების მიწოდების ჩათვლით. და ასევე ვგმობთ რუსეთის მოქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრის უსაფრთხოებას უკრაინაში და ახდენს სერიოზულ გავლენას სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე მთელ ევროატლანტიკურ სივრცეში“.

ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატოს გენერალურმა მდივანმა დაადასტურა ალიანსის წევრების გადაწყვეტილება, დაეხმარონ უკრაინას რეფორმების დაჩქარებასა და საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვის უნარის გაუმჯობესებაში.

სტოლტენბერგმა ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზეც, რომ უკრაინა არ არის ქვეყნების რომელიმე ბლოკის წევრი ან გაწევრიანების მსურველი, ანუ არ გამოთქვამს არც ნატოში გაწევრიანების სურვილს.

„უკვე რამდენიმე წელია უკრაინის პოზიციაა არ შედიოდეს რომელიმე ბლოკში. ასეთია უკრაინის პარლამენტისა და მთავრობის გადაწყვეტილება. და ჩვენ, რასაკვირველია, პატივს ვცემთ დამოუკიდებელი და სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილებას და, შესაბამისად, პატივს ვცემთ უკრაინის გადაწყვეტილებასაც, დარჩეს ქვეყნად, რომელიც არ არის რომელიმე ბლოკის წევრი“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

ბრიუსელში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი, რომელიც მონაწილეობდა ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრებში. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ბერუჩაშვილი ბრიუსელში შეხვედრებისას ლაპარაკობს, არის ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი ვითარება და რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებასთან გაფორმებული „მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება“.

საყურადღებოა, რომ ამ თემას შეეხო 1 დეკემბერს, ბრიუსელში ყოველთვიურ ბრიფინგზე გამოსვლისას, ნატოს გენერალური მდივანი: „ნატო და ნატოს მოკავშირეები სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და არ ვაღიარებთ არც ერთ შემთხვევაში აფხაზეთს, როგორც რამენაირ დამოუკიდებელ ქვეყანას ან სახელმწიფოს. შესაბამისად, არ ვაღიარებთ რუსეთსა და აფხაზეთს შორის ეგრეთ წოდებულ ხელშეკრულებას, რადგან აფხაზეთი არის საქართველოს ნაწილი საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა, რომელიც 3 დეკემბერს შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს.

კიდევ ერთი საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების მინისტერიალთან დაკავშირებით ვრცელდება, ეხება შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, ჯონ კერის. საინფორმაციო სააგენტო „როიტერსის“ ცნობით, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარატამენტის მაღალი რანგის წარმომადგენლის განცხადებას ეყრდნობა, კერი აწარმოებს მოლაპარაკებას რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებაზე, თუ მოსკოვის მომხრე სეპარატისტები ბოლოს არ მოუღებენ აღმოსავლეთ უკრაინაში ძალადობას.

თავის მხრივ, რუსეთი, როგორც ცნობილია, უარყოფს მონაწილეობას კონფლიქტში, რომელმაც, აპრილიდან მოყოლებული,4 300-ზე მეტი ადამიანი შეიწირა აღმოსავლეთ უკრაინაში.

XS
SM
MD
LG