Accessibility links

logo-print

კვირიკაშვილისადმი გაგზავნილ წერილში ობამა საქართველოს აშშ-ის „მნიშვნელოვან პარტნიორად“ მოიხსენიებს


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნა მიულოცა გიორგი კვირიკაშვილს და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს.

კვირიკაშვილის პრესსამსახურის ცნობით, პრემიერისადმი გაგზავნილ წერილში ობამა საქართველოს აშშ-ის „მნიშვნელოვან პარტნიორად“ მოიხსენიებს.

„უმთავრესი გლობალური პრიორიტეტების გატარებაში საქართველო ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც თავდაუზოგავად მონაწილეობს ავღანეთის მისიაში და წვლილი შეაქვს ევროპის ენერგოუსაფრთხოების განმტკიცებაში“, ნათქვამია ობამას მისალოც წერილში, რომელშიც, ასევე, ვკითხულობთ:

„დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ საქართველომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. გარწმუნებთ, ამერიკის შეერთებული შტატები მომავალშიც მხარს დაუჭერს ამ ტრაექტორიას. თქვენს ხელმძღვანელობას უდიდესი მნიშვნელობა ექნება საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდაციისთვის, ეკონომიკური კეთილდღეობის უზრუნველყოფისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების ხორცშესხმისათვის აუცილებელი რეფორმების განხორციელების საქმეში.“

ბარაკ ობამა რწმენას გამოთქვამს, რომ აშშ და საქართველო კიდევ უფრო მეტად განამტკიცებენ თანამშრომლობას და გამოხატავს იმედს, რომ საქართველოს მთავრობის თავმჯდომარე მონაწილეობას მიიღებს ბირთვული უსაფრთხოების საკითხებისადმი მიძღვნილ სამიტში, რომელიც აპრილის მიწურულსა და მაისის დასაწყისში ვაშინგტონში გაიმართება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG