Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე


ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა

24 სექტემბერს დაიწყო გენერალური დებატები გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომის ფარგლებში. ასამბლეის რიგით 69-ე სხდომაზე განსახილველ თემებს შორის არის ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ შექმნილი საფრთხეები, ებოლის ვირუსის გავრცელება და რუსეთის აგრესიული მოქმედება უკრაინაში. გენერალური ასამბლეის სხდომაში მონაწილეობენ 140-მდე ქვეყნის ლიდერები. ამასთან, განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მსოფლიოში პოლიტიკურად და ეკონომიკურად წამყვანი ქვეყნის, შეერთებული შტატების, პრეზიდენტის, ბარაკ ობამას გამოსვლა, რომლის ფონსაც ქმნის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით მიმდინარე საჰაერო კამპანია „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ.

შეერთებულმა შტატებმა ორიოდე დღის წინ, 22 სექტემბერს, განავრცო „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ მიმართული საჰაერო დარტყმები სირიაზე. აქამდე საჰაერო ოპერაციები ერაყში ხორციელდებოდა.

როგორც მოსალოდნელი იყო, ახლო აღმოსავლეთში ექსტრემიზმის პრობლემას დაეთმო გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე პრეზიდენტ ბარაკ ობამას გამოსვლის მნიშვნელოვანი ნაწილი. ობამას სიტყვებით, შეერთებული შტატები არ ეომება და არც შეიძლება ეომებოდეს ისლამს და უარყოფს ყოველგვარ მინიშნებას ცივილიზაციების დაპირისპირებაზე, მაგრამ აუცილებლად მიიჩნევს ბრძოლას ექსტრემისტებთან და, საბოლოოდ, „ისლამური სახელმწიფოს“ განადგურებას.

“შეუძლებელია საუბარი, მოლაპარაკება ბოროტების ამ სახეობასთან. ერთადერთი ენა, რომელიც ასეთ მკვლელებს ესმით, არის ძალის ენა. ამიტომ შეერთებული შტატები იმუშავებს ფართო კოალიციის ფარგლებში, სიკვდილის ამ ქსელის მოსასპობად“, - განაცხადა ობამამ გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას. ობამამ ისევ გაამახვილა ყურადღება იმ გარემოებაზე, რომ შეერთებული შტატები მარტო არ იბრძვის ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ, ანუ გაიმეორა არგუმენტი, რომელიც მოიშველია გაეროს გენერალურ ასამბლეასთან დაკავშირებით ნიუ-იორკში გამგზავრებამდე, ვაშინგტონში, თეთრ სახლში გამოსვლისას.

„მე ისიც მკაფიოდ ვთქვი, რომ ამერიკა იმოქმედებს ფართო კოალიციის ჩარჩოებში და ჩვენ ზუსტად ამას ვაკეთებთ. ამ საქმეში შემოგვიერთდნენ ჩვენი მეგობრები და პარტნიორები: საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, იორდანია, ბაჰრეინი და კატარი. ამერიკა ამაყობს, რომ ამ ქვეყნების მხარდამხარ მოქმედებს ჩვენი საერთო უსაფრთხოების დასაცავად. ამ კოალიციის ძალა მსოფლიოსთვის ნათელს ხდის, რომ ეს არ არის მხოლოდ ამერიკის ბრძოლა! უწინარეს ყოვლისა, ახლო აღმოსავლეთში ყველა ხალხი და მთავრობა უარყოფს ‘ისლამურ სახელმწიფოს’“, - განაცხადა ობამამ 23 სექტემბერს და პირობა დადო, რომ ვაშინგტონი მიმართავს ყველა ზომას „ისლამური სახელმწიფოს“ დასამარცხებლად. ამასთან, ობამა გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ექსტრემისტებთან ბრძოლას დრო დასჭირდება.

აშშ-ის მონაცემებით, „ისლამური სახელმწიფოს“ წევრი 31 000-მდე მებრძოლის, დაახლოებით, ორი მესამედი იმყოფება სირიაში. ექსტრემისტებმა სწორედ სირიიდან დაიწყეს ტერიტორიის დაპყრობა და ახლა ტერიტორიის დიდ ნაწილს აკონტროლებენ ჩრდილოეთ და დასავლეთ ერაყშიც.

ბოლოს, ძალიან მოკლედ კიდევ ერთ თემაზე, რომელსაც ობამა შეეხო გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე: ეს არის უკრაინის კრიზისი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, რუსეთის მიერ მარტში ყირიმის ანექსია გვაბრუნებს უკან, ეპოქაში, როცა დიდი სახელმწიფოები ფეხით ქელავდნენ პატარებს ტერიტორიული ამბიციების დასაკმაყოფილებლად. მაგრამ, ობამას თქმით, უკრაინის მთავრობის ჯარებსა და რუსეთის მომხრე სეპარატისტებს შორის ხელმოწერილი ზავი გზას უხსნის მშვიდობას, თუ კრემლი დაიცავს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მოთხოვნას. თუ რუსეთი ამ გზას დაადგება, ჩვენ სანქციებს გავაუქმებთო, განაცხადა ობამამ.

XS
SM
MD
LG