Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პოლიციელზე თავდასხმა, დაუსჯელობა და შურისძიება


ზუგდიდში პოლიციელზე თავდასხმისა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანების ბრალდებით დაკავებულ კონსტანტინე გულორდავას სასამართლომ 13 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. ოჯახის წევრები და მხარდამჭერები სასამართლოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ და ირწმუნებიან, რომ დაკავებულის ქმედებები პოლიციელის მხრიდან ჩადენილი მძიმე დანაშაულის საპასუხო იყო. თუმცა პოლიციელის ბრალეულობა ჯერჯერობით არ არის დამტკიცებული. დაზარალებულთა თვითნებურ შურისძიებას დაუშვებლად მიიჩნევს სახალხო დამცველი და შს სამინისტროს საქმის დროული და ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებს.

”საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარი ფაქტი ყოველმხრივ, სწრაფად და ეფექტურად უნდა გამოიძიოს. დაუშვებელია, თუნდაც დანაშაულის არსებობისას, კერძო პირებმა შურისძიებით, თვითნებურად სცადონ დამნაშავის დასჯა. მსგავსი შემთხვევების პრევენცია კი მხოლოდ სწრაფი, ეფექტური გამოძიებითა და ყველა დამნაშავე პირის სათანადოდ დასჯით არის შესაძლებელი”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებულ განცახდებაში, რომელიც 12 ნოემბერს გახმაურებულ ამბავს უკავშირდება. სამშაბათს გავრცელებული ინფორმაციით, ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომელს დაესხნენ თავს, მოაჭრეს ყური, სცემეს, გახადეს პოლიციელის ფორმა, მრავლობითი ჭრილობები მიაყენეს და ასეთ მდგომარეობაში მიატოვეს პრეზიდენტის რეზიდენციის მიმდებარე ტერიტორიაზე. ექიმების შეფასებით, დაჭრილი პოლიციელის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, ხოლო ამ ინცინდენტში ბრალდებულ კონსტანტინე გულორდავას ოთხშაბათს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად წინასწარი პატიმრობა მიუსაჯა. მისი გათავისუფლების მოთხოვნით სამშაბათს და ოთხშაბათს საპროტესტო აქციები
არ არის მცდელობა იმისა, რომ ვინმემ ხელი დააფაროს იმას, რაც მოხდა. ეს არის, მთლიანობაში, გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ - ეს არის, რომ არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ იმალება...
ეკა ბესელია
გაიმართა ზუგდიდში. აქციის მონაწილეები დარწმუნებულნი არიან, რომ კონსტანტინე გულორდავა უდანაშაულოა, ის მხოლოდ საკუთარი ოჯახის ღირსებას იცავდა და რომ პოლიციელი მისი ცოლის გაუპატიურებას ცდილობდა. როგორც კონსტანტინე გულორდავას სიდედრმა უთხრა ჟურნალისტებს, პოლიციელს, რომელიც დაკავებულის მეჯვარეც იყო, მისი შვილის გაუპატიურება წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი:

”ეს არ იყო პოლიციელი, ეს იყო ფორმას ამოფარებული სატანა, რომელიც განზრახვით მოვიდა სახლში - მეჯვარე, რომელმაც გამომტყუა ჩემი შვილი, ჩაისვა მანქანაში. მე ვხედავდი, რომ მას მანქანაში ჰქონდა იარაღი, განზრახული ჰქონდა და უნდოდა, რომ ჩემი შვილი მოეკლა. თუ არ დათანხმდებოდა ჩემი შვილი, ის მოკლავდა“...

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს როგორც დაკავებულ გულორდავას მხრიდან გამოვლენილ ძალადობასთან დაკავშირებით, ასევე პატრულ-ინსპექტორის მიერ სავარაუდოდ ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებითაც, რაც სწორედ გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს.

პოლიციელის მუნდირის იოლად ხელყოფასთან დაკავშირებით სოციალური ქსელის საშუალებით შეშფოთება გამოხატეს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრებმა, ამჟამად საპატიმროში მყოფმა ვანო მერაბიშვილმა და ბაჩანა ახალაიამ. თუმცა იმას, რომ მომხდარზე გამოძიება ორივე მიმართულებით მიმდინარეობს და, მათ შორის, პოლიციელის ბრალეულობის დადგენაც დგას დღის წესრიგში, მიესალმება ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი ეკა ბესელია. განცხადება მან პარლამენტის 13 ნოემბრის სხდომაზე გააკეთა:

”არ არის მცდელობა იმისა, რომ ვინმემ ხელი დააფაროს იმას, რაც მოხდა. ეს არის, მთლიანობაში, გაგრძელება იმ პოლიტიკის, რომელსაც დღეს ჩვენ ვახორციელებთ - ეს არის, რომ არც ერთი დანაშაულებრივი ქმედება არ იმალება”.

ეკა ბესელიასგან განსხვავებით, კახა კოჟორიძე თვლის, რომ დანაშაულებრივი ქმედებები იმალება და ეს იმ შემთხვევაში ხდება, თუკი პოლიციელების მიერ არის ჩადენილი. როგორც „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა უთხრა რადიო თავისუფლებას, აბსოლუტურად უყურადღებოდ დარჩა, მაგალითად, პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობა - იქნებოდა ეს ბათუმში თუ რუსთავში. კახა კოჟორიძე დარწმუნებულია, რომ ასეთი მიდგომა პოლიციელებში დაუსჯელობის განცდასა და, შესაბამისად, დანაშაულის ერთგვარ წახალისებასაც იწვევს. ამასთან, მოქალაქეს ეკარგება დამნაშავის დასჯის იმედი, რამაც, შესაძლოა, დამნაშავეთა თვითნებურ გასამართლებამდე, ანუ შურისძიებამდეც, მიგვიყვანოს. კოჟორიძე არ გამორიცხავს, რომ ეს ასე იყო ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან მიმართებითაც:
კახა კოჟორიძე
კახა კოჟორიძე

”შეიძლება იმ ადამიანს არ ჰქონდა ამის გარანტია და ერთ-ერთი რაღაც მოტივი, რომ თვითონ პირადი ანგარიშსწორება მოეხდინა, შესაძლოა ესეც იყო. ეს ჩემი ვარაუდია. ვფიქრობ, რომ სახელმწიფო უნდა დაფიქრდეს ამ ფაქტზე - დაუსჯელობა არის ძალიან ცუდი და ძალიან მავნე შედეგების მომტანია მრავალმხრივ. ამიტომ აქვს მნიშვნელობა, რომ ვინც არ უნდა იყოს ის, რა თანამდებობის პირიც არ უნდა იყოს, თუ იმის ქმედებაში არის დანაშაულის ნიშნები, უნდა იქნეს გამოძიებული”.

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კანონი პროკურატურას ავალდებულებს, პოლიციელებთან დაკავშირებულ საქმეებს ძირითადად შს სამინისტროს გენინსპექცია იძიებს და კახა კოჟორიძისთვის სწორედ აქედან გამომდინარეობს შედეგიც, რომ პოლიციელები ძირითადად არ ისჯებიან.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG