Accessibility links

logo-print

ფსიქიატრიული დაწესებულებების ძველი პრობლემები ომბუდსმენის ახალ ანგარიშში


უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი

უჩა ნანუაშვილი, საქართველოს სახალხო დამცველი

საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა, პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატის ფარგლებში, 2012 წელს ჩატარებული ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა. მონიტორინგის ჯგუფი სენაკში, სურამში, ქუტირში, ბედიანში, ხელვაჩაურსა და კიდევ რვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებულ ვითარებას სწავლობდა. ამ ანგარიშშიც, რომელიც სახალხო დამცველის აპარატმა 25 თებერვალს წარუდგინა საზოგადოებას, მსგავსად წინა თემატური ანგარიშებისა, აღნიშნულია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მდგომარეობა ისევ სავალალოა, ფსიქიატრია კი კვლავაც რჩება ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის ნაკლებ პრირიტეტულ დარგად. და ეს მაშინ, როდესაც, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 100 000-მდე ადამიანს აღენიშნება ფსიქიკური აშლილობა.

მოსაწესრიგებელი ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი გარემო, არასათანადო მოპყრობა, პაციენტების ფიზიკური შეზღუდვის პროცედურები, გარე სერვისების არარსებობა, ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის მწირი სერვისი, მედპერსონალის სიმცირე და მიზერული ხელფასები - პრობლემების ჩამონათვალი, რომელიც ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებულ სურათს ასახავს, გაცილებით დიდია. თუ არ ჩავთვლით თბილისში, ასათიანის ქუჩაზე არსებული დაწესებულების გაუქმების შემდეგ მის ნაცვლად გახსნილ რამდენიმე ფსიქიატრიულ განყოფილებას, ყველა დანარჩენ ძველ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში ვითარება წლებია არ იცვლება. წლებია, იგივე რჩება სახალხო დამცველის აპარატის რეკომენდაციებიც. ამჯერადაც სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი აცხადებს, რომ ის, რაც საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხდება, მინიმალურ სტანდარტებსაც ვერ უთანაბრდება:
პრობლემებიდან, უპირველესად, მაინც თემზე დაფუძნებული სერვისების არარსებობას გამოვყოფდი. ბევრი პაციენტი, რომელსაც დღეს უკვე აღარ სჭირდება სტაციონარში მოთავსება, ფსიქიატრიულში ცხოვრობს როგორც სოციალურ საცხოვრებელში...

“ფაქტია, რომ წლიდან წლამდე ფსიქიკური პრობლემების მქონე პაციენტთა რაოდენობა იზრდება, სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება კი ადეკვატური არ არის, სახელმწიფო ზრუნვაც უნდა იზრდებოდეს. ჩვენს ანგარიშში ასევე საუბარია იმ ფსიქიატრიული საავადმყოფოების პირობებზე, რომლებიც ძალიან შორს არის საერთაშორისო სტანდარტებისგან და, უფრო მეტიც, ელემენტარულ მოთხოვნებსაც ვერ აკმაყოფილებს”.

სახალხო დამცველის წინა წლების ანგარიშებში რამდენჯერმე მოითხოვეს ძველი ფსიქიატრიული საავადმყოფოების დახურვა სწორედ იქ არსებული მძიმე პირობების გამო. დღეს ომბუდსმენის აპარატის პრევენციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნათია იმნაძე გვეუბნება, რომ ამ საავადმყოფოებმა ფუნქციონირება შესაძლოა გააგრძელონ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იქ ინფრასტრუქტურას მიხედავენ. თუმცა მთავარი პრობლემა ამ სფეროში, ნათია იმნაძის თქმით, თემზე დაფუძნებული სერვისების არარსებობაა, რომელსაც ჯაჭვურად ებმის სხვა არაერთი პრობლემაც:

ნათია იმნაძე

ნათია იმნაძე

”პრობლემებიდან, უპირველესად, მაინც თემზე დაფუძნებული სერვისების არარსებობას გამოვყოფდი. ბევრი პაციენტი, რომელსაც დღეს უკვე აღარ სჭირდება სტაციონარში მოთავსება, ფსიქიატრიულში ცხოვრობს როგორც სოციალურ საცხოვრებელში. ეს რაც შეიძლება მალეა მოსაგვარებელი. უნდა აღინიშნოს ე.წ. ნებაყოფლობითი პაციენტების სტატუსის პრობლემაც. ბევრი მათგანი იქ არანებყოფლობითაა, მაგრამ რაღაც ტექნიკური მიზეზების გამო ანიჭებენ სტატუსს, თითქოს თავისი ნებით არიან იქ, თუმცა სინამდვილეში თავისუფლება აქვთ შეზღუდული. ფაქტობრივად, არ არსებობს ან ძალიან მცირეა სარეაბილიტაციო პროგრამები. ამ თვალსაზრისითაც სახელმწიფოს როლი, თუნდაც დაფინანსების კუთხით, არის ძალიან მნიშვნელოვანი”.

სახალხო დამცველის ანგარიშში რამდენიმე დადებით ტენდენციაზეც იყო ლაპარაკი - მაგალითად, იმაზე, რომ ახლად აშენებული ფსიქიატრიული განყოფილებები (შპს ”რეფერალური ჰოსპიტლის” ფსიქიატრიული განყოფილება ან შპს #5 კლინიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიული განყოფილება) ახალი ავეჯითა და მოწყობილობებითაა აღჭურვილი, რომ დაწესებულებების უმრავლესობაში არის ფსიქოლოგი და სოციალური მუშაკი. თუმცა როგორც ნინო მახაშვილი, ხელმძღვანელი ორგანიზაციისა ”გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში”, ამბობს, ამ ”კეთილი თვალით დანახულმა, მისი სიტყვებით, ”დამზოგველმა” ანგარიშმა არ უნდა გვაფიქრებინოს, თითქოს საქართველოს დახურულ ინსტიტუციებში კარგი ვითარებაა. ნინო მახაშვილმა ანგარიშის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსნებიც მოისაკლისა:

”ადამიანის უფლებების, ღირსების შემლახავი მოპყრობა - ყველა ის მძიმე სიტყვა და შეფასება, რაც აქამდეც გაისმოდა სახალხო დამცველისგან, ისევ სათქმელია. ერთადერთი იმედი იყო ის, რაც თითქოს დავიწყეთ ამ სფეროში რეფორმის სახით და რაც, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე შეჩერებულია. ასევე სამწუხაროა, რომ აქ, ამ დარბაზში, დღეს ვერ ვხედავ ვერც ჯანდაცვის მინისტრს და ვერც მის მოადგილეს, გადაწყვეტილების მიმღებ ადამიანებს, რადგან ჩვენ, პროფესიულ თემს, დიალოგი არ გვაქვს სამინისტროსთან. არადა, უნდა ვთქვათ კიდევ ერთხელ, რომ საქართველოში ფსიქიატრია მძიმე დღეშია და მისახედია”.

მანანა შარაშიძე

მანანა შარაშიძე

ფსიქიატრმა მანანა შარაშიძემ კი პირდაპირ აღნიშნა, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობა ვერა და ვერ იქცა პრიორიტეტულ სფეროდ:

”და ეს უნდა ვაღიაროთ, რომ ასეა. შევარდნაძის ხელისუფლების დროს ამბობდნენ, რომ ფსიქიატრია პრიორიტეტია, მაგრამ არ იყო პრიორიტეტი. ასე იყო შემდგომი ხელისუფლების დროსაც. ეს ხელისუფლება ჯერჯერობით არაფერს ამბობს და ვნახოთ, რას იზამს. არადა, პრობლემა არის მართლა ძალიან ბევრი და ვისურვებდი, რომ სახალხო დამცველის ანგარიშშიც ჯანდაცვის სამინისტროს როლი უფრო მეტად ჩანდეს, რადგან, ჩემი აზრით, პრობლემების სათავე მოდის იქიდან, რომ ჯანდაცვის სამინისტროში არ არის შესაბამისი განყოფილება ან ჯგუფი, რომელიც ამ დარგის მართვას განახორციელებდა. ხოლო ის, რაც თქვენ ანგარიშში დადებით მხარედ გიწერიათ, რომ ასათიანის საავადმყოფო დაიკეტა და ა.შ., აქ აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ დასავლეთში დიდი დაწესებულება იხურებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა თემზე დაფუძნებული სერვისები ვითარდებოდა. ჩვენთან ასეთი რამ არ მომხდარა და ეს არ არის რეფორმა”.
არც კი ვიცით, რას გავწვდეთ იმ მწირი დაფინანსებით, რაც გვაქვს, - უნდა ნახოთ, რა საცოდავ დღეში ვართ, - რას მოვახმაროთ ეს თანხა. ონკანს გავაკეთებთ, კაბელი გაწყდება...

ის, ვინც წლებია ამ სფეროშო მოღვაწეობს და უშუალოდ ხელმძღვანელობს ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, ამბობს, რომ მთავარი პრობლემა დაფინანსებაა. ასეთია, მაგალითად, ბედიანის ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორი ავთანდილ ვანაძე:

”არც კი ვიცით, რას გავწვდეთ იმ მწირი დაფინანსებით, რაც გვაქვს, - უნდა ნახოთ, რა საცოდავ დღეში ვართ, - რას მოვახმაროთ ეს თანხა. ონკანს გავაკეთებთ, კაბელი გაწყდება, მერე კაბელს შევაკეთებთ, კიდევ სხვა რამ... მთავარი, რამაც ეს ვითარება შესაძლოა გამოასწოროს, არის დაფინანსების გაზრდა და ამაში ჩემი ყველა კოლეგა დამეთანხმება”.

ორი წლის წლის დაწყებულ და შემდეგ შეჩერებულ რეფორმას აკრიტიკებს ფსიქიკური ჯანმრთელობისა დ ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი გამყრელიძეც. მისი აზრით, რეფორმის პირველი ეტაპი, ერთი შეხედვით, წარმატებული იყო, მაგრამ ეს მყიფე წარმატება აღმოჩნდა, რომელიც ნელ-ნელა კარგავს თავის ღირებულებას.
რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს პოზიციას, რადიო თავისუფლება ცოტა ხნის წინ ესაუბრა მინისტრის მოადგილეს, მარინა ჯაშს, რომელმაც გვითხრა, რომ 2013 წელს დაგეგმილია დაახლოებით ათი თემზე დაფუძნებული სერვისის შექმნა - დასაწყისისასთვის ეს იქნება პილოტური პროგრამები, ზოგადად კი წელს, მისი თქმით, გაიზრდება ამბულატორიულ მომსახურებაზე გამოყოფილი ხარჯები:

”ასევე წელს დაგეგმილია, რომ გაიზარდოს ბავშვთა და მოზრდილთა ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების დაფინანსება და გვინდა აქცენტი გავაკეთოთ თემზე დაფუძნებული სერვისების პილოტირებაზე”.

ფსიქიკური ჯანმრთელობის თემაზე მომუშავე ორგანიზაციებმა სახალხო დამცველს ამ სფეროს მეტი ლობირებისაკენ მოუწოდეს და სთხოვეს შეიქმნას ჯგუფი, რომელშიც მათი დარგის წარმომადგენელიც შევა და რომელიც შეეცდება ჯანდაცვის სამინისტროს დარწმუნებას ფსიქიკური ჯანმრთელობა ქვეყანაში პრიორიტეტულად იქცეს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG