Accessibility links

logo-print

„ხუთი სახელმწიფოს გეგმა“ სირიაში და „მოსკოვის ხელი“ ბოსნია-ჰერცეგოვინაში


სირია

სირია

(ომი და მშვიდობა საერთაშორისო მედიის რაკურსში)

მიმოხილვას დავიწყებთ „ნიუ-იორკ ტაიმსში” გამოქვეყნებული სტატიით, რომლის ავტორიც, აშშ-ის 39-ე პრეზიდენტი ჯიმი კარტერი, ჯერ კიდევ იმ დროიდან იცნობს სირიის პრეზიდენტს ბაშარ ალ ასადს, როდესაც ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ კოლეჯში სწავლობდა.

ჯიმი კარტერი ფიქრობს, რომ სირიის კონფლიქტი ხუთი ქვეყნის - აშშ-ის, რუსეთის, ირანის, თურქეთისა და საუდის არაბეთის -გაერთიანებული ძალისხმევით უნდა გადაიჭრას, ანუ იმ გეგმით, რომელსაც ხუთი სახელმწიფო შეიმუშავებს (ასე ჰქვია კიდეც ჯიმი კარტერის პუბლიკაციას).

„რუსეთისა და ირანის ჩარევა არსებითია. იმ ოთხი წლის განმავლობაში, რაც ქვეყანაში სამოქალაქო ომი მძვინვარებს, ბატონმა ასადმა ერთადერთ რამეზე - ქიმიური იარაღის მარაგებზე - თქვა უარი, სწორედ რუსეთისა და ირანის ჩარევით. სწორედ ასევე, ასადი არ შეწყვეტს ომს დასავლეთის მიერ ურთიერთდათმობის შეთავაზებით, თუმცა დაყაბულდება, თუ ამაში მას მოკავშირეები დაარწმუნებენ. ასადის ავტორიტარული მმართველობა სირიაში ამის შემდეგ წინასწარ გაწერილი პროცესით შეიძლება დასრულდეს, რომელიც ჩამოაყალიბებს მისაღებ მმართველობას და გაერთიანებული ძალისხმევით დაამარცხებს „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხე“, - წერს ჯიმი კარტერი „ნიუ-იორკ ტაიმსში“ გამოქვეყნებულ სტატიაში.

„ახლოვდება თუ არა ომი ბალკანეთზე“ - ამ სათურით ბეჭდავს „ფორინ პოლისი“ ჯეიმს ლიონის ანალიტიკურ სტატიას, რომელშიც ბოსნია-ჰერცეგოვინაში შექმნილ რთულ ვითარებაზე, შემდგომი ესკალაციის საფრთხესა და ამ ჩანაფიქრის უკან მდგომი ძალების რეალურ გეგმებზეა საუბარი.

თავდაპირველად ავტორი იხსენებს დეიტონის მოლაპარაკებას, რომელმაც 20 წლის წინ, 1995 წლის 21 ნოემბერს, ამ კონფლიქტური ბალკანური რესპუბლიკის გრძელვადიანი მოწესრიგების პოლიტიკური მოდელი შექმნა. ოჰაიოს შტატის ქალაქ დეიტონში შედგენილი სამშვიდობო შეთანხმების ავტორი ცნობილი ამერიკელი დიპლომატი რიჩარდ ჰოლბრუკი გახლდათ. ხელშეკრულებამ სერბებს, ხორვატებსა და ბოსნიელებს მისცა შესაძლებლობა, სამწელიწადნახევრიანი სისხლისმღვრელი კონფლიქტის შემდეგ, ბოსნიის შიგნით შეექმნათ მაღალი ავტონომიის მქონე ორი სამართლებრივი სუბიექტი: ბოსნიელ-ხორვატთა ფედერაცია და სერბი უმრავლესობით დასახლებული რესპუბლიკა სპრსკა, რომელთაც ზედამხედველობას უწევდა ჯერ აშშ-ის, შემდეგ კი ევროკავშირის მიერ დანიშნული საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენლის ოფისი ბოსნია-ჰერცეგოვინაში.

ამ ხნის განმავლობაში და ამ ფორმატით ბოსნია-ჰერცეგოვინა კონფლიქტის მშვიდობიანი მოწესრიგების ერთ-ერთ წარმატებულ მაგალითად ითვლებოდა ევროკავშირის სამხრეთ ფლანგზე. ვითარების გაუარესება დაიწყო მას შემდეგ, რაც რესპუბლიკა სპრსკას პრეზიდენტმა, მილორად დოდიკმა, გადაწყვიტა რეფერენდუმის გამართვა ერთი შეკითხვის გარშემო: „მხარს უჭერთ თუ არა ბოსნია-ჰერცეგოვინაში საერთაშორისო საზოგადოების უმაღლესი წარმომადგენლის არაკონსტიტუციურ კანონებს და მათ მოქმედებას, განსაკუთრებით, რესპუბლიკა სპრსკას ტერიტორიაზე“. ამ რეფერენდუმით დოდიკი შეეცდება რესპუბლიკა სპრსკაში საკუთარ გავლენას დაუქვემდებაროს პროკურატურა, საგადასახადო და სასამართლო ინსტიტუტები და, შემდეგ ნიადაგი მოუმზადოს 2018 წლისათვის დაგეგმილი დამოუკიდებლობის რეფერენდუმის გამართვას.

„ეს ყველაფერი ვითარდება დოდიკის მკვეთრად სერბიული ნაციონალიზმის ნიადაგზე აღმოცენებული პროპაგანდისტული რიტორიკის ფონზე, რაც განპირობებულია ევროკავშირის მიერ მცდარი შემაკავებელი პოლიტიკის დემონსტრირებით, ბალკანეთზე რუსეთის მზარდი ჩარევისა და იმის გამო, რომ აშშ-ს არ სურს ევროკავშირისაგან უკან გადაიბაროს დომინანტური როლი ბოსნიაში“, - წერს „ფორინ პოლისიში“ გამოქვეყნებული სტატიის ავტორი, რომელიც მოსალოდნელი შედეგების შესახებ აფრთხილებს ვაშინგტონს.

„პრემიერ-მინისტრ დოდიკის მხარდაჭერით, პუტინს შეუძლია არსებითი პრობლემები შეუქმნას დასავლეთს ისე, რომ არ დახარჯოს დიდი რესურსები და დიპლომატიური ძალისხმევა. ეს მოდელი საყოველთაოდ ცნობილია. საქართველოში - აფხაზეთით, მოლდავეთში - დნესტრისპირეთით, სულ ბოლოს კი - ყირიმითა და აღმოსავლეთ უკრაინით, რუსეთი ესწრაფვის შეაფერხოს დასავლეთის წინსვლა ამ რეგიონებში, რომლებსაც მოსკოვი ისტორიულად თავის საკუთრებად მიიჩნევს და რომლებზეც ბერლინის კედლის დაცემის შედეგად დაკარგა გავლენა. როგორც ჩანს, როდესაც მოსკოვს არ ძალუძს კონკრეტული ტერიტორიების გაკონტროლება, იგი ამჯობინებს შექმნას მათში არასტაბილურობის კლიმატი და ამით თავიდან აიცილოს ევროკავშირის, აშშ-ისა და ნატოს მხრიდან ამ ქვეყნებში მძლავრი პოზიციის მოპოვების მცდელობა. ეს ასეა ბალკანეთის შემთხვევაშიც, რომელსაც რუსეთი, ტრადიციულად, საკუთარი გავლენის სფეროდ მიიჩნევს. და მაშინ, როცა მეზობელი ჩერნოგორია ნატოს წევრობას უახლოვდება, რუსეთს სურს გაავლოს გამყოფი ხაზი ამ რეგიონში დასავლეთის შემდგომი წინსვლის შესაჩერებლად“, - წერს „ფორინ პოლისი“.

ბალკანეთის მსგავსად, არასტაბილური ატმოსფეროს - ე.წ. მართვადი ქაოსის - შექმნას ესწრაფვის რუსეთი ბალტიისპირეთშიც, რომელიც, ანალიტიკოსთა წრეში, მოსკოვის - ყირიმის ანექსიის შემდგომი -ინტერვენციის მისამართადაც კი სახელდებოდა. მოელოდნენ, რომ რუსეთი ბალტიისპირეთში, ყირიმისა და აღმოსავლეთ უკრაინის მსგავსად, ე.წ. რუსულენოვანი მოსახლეობის ხელით შეეცდებოდა “ჰიბრიდული ომის“ გაჩაღებას, მაგრამ ბალტიისპირელმა რუსებმა არ მოისურვეს გამხდარიყვნენ პაიკები კრემლის სტრატეგიულ თამაშში. ამ თემას ეძღვნება ინგლისურენოვან ანალიტიკურ პორტალ „მოსკოვ-ტაიმსში“ გამოქვეყნებული სტატია, რომლის ავტორი რობერტ პირსონი აშშ-ის ცნობილი „ვესტ-პოინტის სამხედრო აკადემიის“ პროფესორია.

დღეისათვის არ არსებობს არავითარი ანგარიშგასაწევი არგუმენტი, რომელიც, ყირიმისაგან განსხვავებით, ბალტიის ქვეყნებში აქტიური სეპარატისტული ჯგუფების ან სეპარატისტულად განწყობილი ანკლავების არსებობას დაადასტურებდა. რუსეთის ანექსიის წინ ჩატარებული გამოკითხვებით, ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობა რუსეთთან მიერთებას უჭერდა მხარს, ბალტიის ქვეყნებში კი ასეთი, გამოყოფის მომხრე, უმრავლესობა არ არსებობს.

სტატიის ავტორი შეგვახსენებს, რომ, უკრაინის მსგავსად, ლატვიასა და ესტონეთშიც ცხოვრობს ბევრი რუსი - ესტონეთში მოსახლეობის 22%-ის, ლატვიაში კი 26%-ის სახით. გამონაკლისია ლიტვა, სადაც რუსები მოსახლეობის მხოლოდ 6%-ს შეადგენენ.

მართალია, ბალტიის ქვეყნებში მცხოვრები რუსები კულტურულად, რელიგიურად და ემოციურად საკუთარ თავს რუსეთთან აიგივებენ, მაგრამ ისინი ძალიან აფასებენ იმ სარგებელს, რომელსაც ბალტიისპირეთის სახელმწიფო იძლევა მაშინაც კი, თუ მოქალაქეობის მიღების გართულებული პროცედურა რუსი უმცირესობის მარგინალიობას იწვევს.

„ეს ასეა - განსაკუთრებით, ახალგაზრდა რუსებთან მიმართებით, რომლებიც სულ უფრო მეტად სარგებლობენ ბალტიის ქვეყნების ევროკავშირის წევრობით და ცხოვრების დონის ზრდით. ბალტიის ქვეყნების 25-წლიანი დამოუკიდებლობით სარგებლობს ძველი თაობა: ესტონეთში ნარვაში მცხოვრები პენსიონერის ყოველთვიური საპენსიო ანაზღაურება 370 ევროს შეადგენს, მდინარე ივანგოროდის გადაღმა მცხოვრები რუსი პენსიონერი კი, საშუალოდ, 100 ევროს მოცულობის პენსიას ღებულობს“, - წერს სტატიის ავტორი და დასძენს, რომ ზემოთქმული არ ნიშნავს, რომ მოსკოვი არ შეეცდება გააძლიეროს ძირგამომთხრელი მუშაობა ბალტიის ქვეყნების დესტაბილიზაციისა და ანექსიის საფუძვლის მოსამზადებლად. „ამიტომ, ეთნიკურად რუსი მოსახლეობის კულტურული თვითმყოფადობის შემდგომი პატივისცემის დადასტურებით, ბალტიის ქვეყნების სახელმწიფოებმა უნდა გააორმაგონ ძალისხმევა რუსი ეროვნების მოქალაქეების და ასევე მოქალაქეობის არმქონე პირების შემდგომი ინტეგრირების მიმართულებით“, - წერს პუბლიკაციის ავტორი.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG