Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამხედრო დამკვირვებელთა სამმხრივი ჯგუფის ანგარიში ცხინვალის რეგიონში ორმხრივი სროლის შესახებ


გამოქვეყნდა სამხედრო დამკვირვებელთა ანგარიში, რომელშიც აღწერილია რა ხდებოდა კონფლიქტის ზონაში აგვისტოს პირველ დღეებში.

ანგარიში ეფუძნება მონიტორინგს, რომელიც სამხედრო დამკვირვებელთა სამმხრივმა ჯგუფმა მხარეთა მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევის შედეგების დასადგენად ჩაატარა.. ანგარიშს შერეული სამშვიდობო ძალების სარდალი გენერალი კულახმეტოვი აწერს ხელს. საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ რუსმა გენერალმა ვერ უარყო , რომ აგვისტოს პირველ დღეეებში ცხინვალის მხრიდან გამოყენებულ იქნა მძიმე არტილერია კონფლიქტის ზონის ქართული სოფლების მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. გაგაცნობთ ანგარიშის დეტალებს.

”მონიტორინგის ანგარიში ცალსახად მიუთითებს, რომ სწორედ სეპარატისტთა მხრიდან ხორციელდებოდა მშვიდობიანი მოსახლეობის დატერორება- მსხვილკალიბრიანი საარტილერიო დაბომბვის გზით. ერთობლივი მონიტორინგის ანგარიში ადასტურებს იმასაც, რომ საქართველოს მხრიდან ცხინვალის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენება არ მომხდარა. ”ევაკუაციის ” სახელით მონათლული ისტერია ერთ მიზანს ემსახურება - ტყუილების გზით დაატეროროს მშვიდობიანი მოსახლეობა და შეცდომაში შეიყვანოს მსოფლიო საზოგადოება.” - ეს იყო ამონარიდი რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საგანგებო განცხადებიდან, რომელიც შერეული სამშვიდობო ძალების ერთობლივი ჯგუფის მიერ - ეუთოს დამკვირვებლებთან ერთად - ჩატარებული მონიტორინგის დასკვნას ეხება. მონიტორინგი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მიზნად ისახავდა იმ შედეგების შესწავლას, რაც აგვისტოს პირველ დღეებში ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში მხარეთა მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევას მოჰყვა...შედეგი კი მძიმეა - არიან დაღუპულები და დაჭრილები. ორმხრივ სროლას ოსთა მხარეს 6 ადამიანი ემსხვერპლა. ცხინვალში თქვეს, რომ დაღუპულთაგან სამი იყო ოსური მილიციის თანამშრომელი...დე ფაქტო ხელისუფლება ცდილობს ცხინვალის რეგიონის ოსი მოსახლეობა დაარწმუნოს, რომ 2-3 აგვისტოს მოვლენებმა გაცილებით მძიმე შედეგები საქართველოს მხარეს მოუტანა, თუმცა ცნობები საქართველოს მხარის დანაკარგების შესახებ არ არსებობს.

[ კონფლიქტის ზონაში მცხოვრების ხმა] ” ჭურვი აქ ჩემი მეზობლის სახლს დაეცა. ისეთი ხმა ჰქონდა, მეგონა, თავზე დამენგრა ყველაფერი.. ”

ეს იყო კონფლიქტის ზონის ერთ-ერთი ქართული სოფლის მცხოვრები. ის აგვისტოს პირველი დღეების ფაქტს - სოფლის დაბომბვის ფაქტს - იხსენებდა. და აი, რა წერია სამხედრო დამკვირვებელთა მონიტორინგის ანგარიშში: ” ზემო ნიქოზში მდებარე საცხოვრებელ სახლებზე აღმოჩენილია სხვადასხვაკალიბრიანი ჭურვების კვალი. დახვრეტილია სახურავები. ქვემო ნიქოზის საცხოვრებელ სახლებსა და შენობებზე, დასახლებული პუნქტის განაპირა მხარეს, აღმოჩენილია ნატყვიარები და ავტომატური ყუმბარმტყორცნისგან დატოვებული კვალი. ქართული მხარის ინფორმაციით, 8 ადამიანი დაიჭრა ჭურვების ნამსხვრევებისგან. დასახლებულ პუნქტებში - ნული, ერედვი და ზემო ფრისი - დამკვირვებლებმა მიაკვლიეს 82 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის ჭურვებისგან მიყენებულ დაზიანებებს საცხოვრებელ სახლებზე. შერეული საკონტროლო კომისიის სამხედრო დამკვირვებლების მიერ შემჩნეული იყო სროლა საქართველოს სამშვიდობო ძალების საგუშაგო ”სარაბუკის” მიმართულებით - 120 მილიმეტრიანი ყუმბარმტყორცნის ნაღმითა და ერთი 100 მილიმეტრიანი კალიბრის ჭურვით.”

ანგარიშში მითითებულია, რომ გამოყენებული იყო ისეთი იარაღი, რომლის არსებობაც კონფლიქტის ზონაში აკრძალულია მოქმედი შეთანხმებებით..
საქართველოს მხარე სამშვიდობო ძალებს მოუწოდებს ამოიღოს ეს იარაღი... ამ მოწოდებით სახელმწიფო მინისტრი თემურ იაკობაშვილი გამოვიდა:

[თემურ იაკობაშვილის ხმა] ” ჩვენ მოვითხოვთ ყველა ამ მძიმე შეიარაღების ამოღებას სეპარატისტებისგან. ეს არის პირდაპირი მოვალეობა სამშვიდობოების. და აუცილებელია მოხდეს ერთობლივი ქართულ-რუსული მონიტორინგი როკის გვირაბზე. ” (სტილი დაცულია)

როკის გვირაბზე ქართულ-რუსული ერთობლივი მონიტორინგის აუცილებლობას ახლახან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმაც გაუსვა ხაზი, ცხინვალის რეგიონში შექმნილი ვითარების კომენტირებისას. სამხედრო დამკვირვებელთა ანგარიში, რომლის შესახებაც ჩვენ ვისაუბრეთ, აგვისტოს პირველი დღეების ინციდენტებს და მათ შედეგებს ეხებოდა. ამ ინციდენტებს მოჰყვა ცხინვალში მოხალისეების კონცენტრაცია. ამას დე ფაქტო ლიდერები თავის საჯარო გამოსვლებში ადასტურებენ. ედუარდ კოკოითი საქართველოს მიერ ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ფართომასშტაბიანი საომარი მოქმედებების დაწყებას სექტემბერში პროგნოზირებს.. ცხინვალი ავრცელებს ცნობას იმის შესახებ, რომ საქართველოს მხარემ ზნაურის რაიონის ოსური სოფლების მიმართულებით ცეცხლი 6 აგვისტოსაც გახსნა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ამ ცნობას დეზინფორმაცია უწოდეს და განაცხადეს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში კონფლიქტის ზონაში სიმშვიდე იყო. ცხინვალის რეგიონიდან ჩრდილოეთ ოსეთში, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის დახმარებით, 1100 ადამიანია გადაყვანილი - უმთავრესად, ქალები და ბავშვები. გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებით, რაც მოყვანილია გაეროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ ცნობაში, ხალხის ევაკუაცია მხოლოდ პრევენციული ღონისძიებაა და ჩრდილოეთ ოსეთში გადასულები თავშესაფარს არ ითხოვენ.
XS
SM
MD
LG