Accessibility links

logo-print

ონარია - დასახლება დახმარების მოლოდინში


ონარიის დასახლება

ონარიის დასახლება

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ონარიის დასახლებაში მცხოვრებნი ხელისუფლებისგან რიგ პრობლემებზე დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვენ. დასახლებაში კოკისპირული წვიმების დროს მოსახლეობას ეზოები და სახლები ეტბორება. შედეგად, შენობების დიდი ნაწილი ავარიული და საცხოვრებლად სახიფათოა. დასახლებაში ასევე დამატებით პრობლემებს ქმნის მოუწესრიგებელი საკანალიზაციო და წყალგაყვანილობის სისტემები.

ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი ნაზი ხიკვანიძე ონარიის დევნილთა ჩასახლებაში ცხოვრობს. მისი თქმით, სოფელში დევნილსა და ადგილობრივს მსგავსი პრობლემები აწუხებთ და უკვე რამდენიმე წელია ხელისუფლებისგან მათ გადაწყვეტას უშედეგოდ ითხოვენ:

„ჩვენი სახლები ავარიულია. როდის გატყდება პოლი და სახურავი თავზე დაგვეცემა, არ ვიცით. გვაწვიმს. ღელე რომ ადიდდება, წყალი შიგნითაც შემოდის. ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს, ის არის, რომ ბავშვებით სავსე დასახლებაში ტუალეტი არ გვაქვს. გამგეობას რამდენჯერმე მივმართეთ. მოვიდნენ, სურათები გადაიღეს. გვპირდებიან უკვე მერამდენე წელია - 2011, 2012, 2013-იო და უკვე 2014-ში მივდივართ. ყურადღებას არ გვაქცევენ. ერთი წვიმა და ყველას გვეშინია“.

ონარიაში რომ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული ვითარებაა, ეს არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის“ ანგარიშმაც დაადასტურა.

„კვლევის შედეგებმა გვაჩვენა, რომ ონარიაში უმძიმესი მდგომარეობაა. მოშლილია ინფრასტრუქტურა და კომპაქტურ დასახლებებში წარმოუდგენელია ადამიანის ცხოვრება. კვლევის მიზანი ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის რეკომენდაციების მიწოდებაა, რადგან დღეს უკვე დაწყებულია საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესი“, - აცხადებს ორგანიზაციის წარმომადგენელი ნუგზარ გაბელია.

ანგარიშის მიხედვით, ონარიის ტერიტორიაზე მდებარე სამხარეო პოლიციის მშენებლობისას არასწორად იქნა მოწყობილი საკანალიზაციო სისტემა, რამაც შედეგად გარემოს დაბინძურება გამოიწვია.

„შენობის გარემონტებისას მისგან გამომავალი კანალიზაციის მილი ღია თხრილს შეუერთდა, რომლის ერთადერთი ფუნქცია წვიმის დროს დაგროვილი წყლის გატარებაა. დღეს სამხარეო პოლიციიდან უწყვეტად ფეკალურ მასებთან ერთად წყალი მიედინება. განსაკუთრებით ცხელ ამინდებში რამდენიმე კორპუსის მიმდებარედ აუტანელი სუნი დგას. დაბინძურებულია რამდენიმე ჭაც“, - ვკითხულობთ დასახლების შესახებ მომზადებულ კვლევაში.

„სამოქალაქო მონიტორინგის და კვლევების ცენტრის“ განცხადებით, ონარიაში არსებული პრობლემების თანმიმდევრული მოგვარებისთვის კომპლექსური სამუშაოების განხორციელებაა აუცილებელი.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი თოდუას განცხადებით, მათ შეისწავლეს ყველა ის პრობლემა და საჭიროებები, რაც ადგილობრივ მოსახლეობას აქვს:

„საცხოვრებლები ამორტიზებულია, ამიტომ გადახურვა არ არის საკმარისი. ახალი სახლები უნდა აშენდეს. ჩვენ ვმუშაობთ ერთობლივად ლტოლვილთა სამინისტროსთან, რომ მშენებარე კორპუსებში ოჯახები ბინებით დაკმაყოფილდნენ, თუ კრიტერიუმებს დააკმაყოფილებენ. უწყებასთან ახალი კორპუსების აშენების საკითხზეც ვმუშაობთ“.

გიორგი თოდუას თქმით, ონარიაში ყველა პრობლემა მიმდინარე და მომდევნო წელს თანმიმდევრულად უნდა მოგვარდეს.
XS
SM
MD
LG