Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნება“ - ლიდერი პარალელური დათვლითაც


ნინო ლომჯარია
ნინო ლომჯარია
2 ოქტომბერს „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ“ გამოაქვეყნა ხმის პარალელური დათვლის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, საარჩევნო ბარიერი მხოლოდ კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ და „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადალახეს. 2 ოქტომბერსვე კენჭის დღის შეფასება გამოაქვეყნა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“, რომელიც არჩევნების მიმდინარეობას აკვირდებოდა თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. რა აჩვენა პარალელურმა დათვლამ და „ახალგაზრდა იურისტების“ დაკვირვებამ?

„სამართლიანი არჩევნები“ საპარლამენტო არჩევნების დღისა და შედეგების მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით ყველა საარჩევნო ოლქში 1271 დამკვირვებლის მეშვეობით ახორციელებდა. 2 ოქტომბერს გამოქვყნებული დასკვნის მიხედვით, კენჭისყრის დღის მნიშვნელოვან ხარვეზად შეიძლება ჩაითვალოს ის ფაქტი, რომ უბნების 6%-ზე მარკირების პროცედურა არასათანადოდ სრულდებოდა, თუმცა ხმის მიცემის ფარულობა დაცული იყო უბნების 98%-ზე. რაც შეეხება პარალელური დათვლის შედეგებს, „სამართლიანი არჩევნების“ აღმასრულებელი დირექტორის ნინო ლომჯარიას თქმით, ორგანიზაციამ სრულად მიიღო ინფორმაცია მისი დამკვირვებლების 99 პროცენტისგან.

კოალიციამ "ქართული ოცნება" მიიღო ხმების 54,6%, „ნაიცონალურმა მოძრაობამ“ მიიღო 40,7%, ქდმ-მ -2%, ლეიბორისტულმა პარტიამ -1,2%, ახალმა მემარჯვენეებმა - 0,4%, დარჩენილმა პარტიებმა კი მიიღეს დანარჩენი ხმების 1%“, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი რატომღაც ძალიან აქტიურობდა ამ ოლქში, რამდენიმე უბანზე ის ჩაერია დათვლის პროცესში. შესაბამისად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა მოითხოვეს ამ უბნების შედეგების ბათილობა ...
თამარ ჩუგოშვილი

„სამართლიანი არჩევნების“ მონაცემებით, უბნების დახურვისა და ხმების დათვლის პროცედურების დროს დარღვევები დაფიქსირდა უბნების 4%-ზე; არაუფლებამოსილი პირები იმყოფებოდნენ უბნების 1%-ის შემთხვევაში. სულ, ჯამში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა საუბნო საარჩევნო კომისიებში 66 საჩივარი, ხოლო საოლქო საარჩევნო კომისიებში 58 საჩივარი შეიტანეს.“სამართლიანი არჩევნების“ ყურადღების ცენტრში მოექცა ხაშურის 35 საარჩევნო ოლქში გამოვლენილი დარღვევები, რომელთა შესახებაც 2 ოქტომბერს მედიაცენტრში გამართულ ბრიფინგზე „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ გამგეობის თავმჯდომარემ თამარ ჩუგოშვილმაც ილაპარაკა:

„პოლიციის სპეციალური დანიშნულების რაზმი რატომღაც ძალიან აქტიურობდა ამ ოლქში, რამდენიმე უბანზე ის ჩაერია დათვლის პროცესში. შესაბამისად, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ დამკვირვებლებმა მოითხოვეს ამ უბნების შედეგების ბათილობა, რადგანაც ეს ჩარევა იყო უკანონო და, რა თქმა უნდა, ტოვებს რისკებს, რომ, მაღალი ალბათობით, გაყალბებას ან არასწორ მონაცემებს შეიძლება ჰქონდეს ამ უბნებზე ადგილი.“
ბევრ უბანზე იყო ზონდერების მობილიზება, ბევრი უბანი კი ვერ აუდიოდა მისული ამომრჩევლების მიღებას ...
ირმა ფუტკარაძე

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ დარღვევები ორ კატეგორიად დაყო. პირველში შევიდა ხმის მიცემის პროცესში, ხოლო მეორეში ხმების დათვლის პროცესში გამოვლენილი დარღვევები. სულ, ჯამში, ასოციაციის წარმომადგენლებმა უბნის გახსნიდან კენჭისყრის დაწყებამდე 10 საჩივარი და 40 შენიშვნა დაწერეს, კენჭისყრის დაწყებიდან კენჭისყრის პროცესის დასრულებამდე კი - 59 საჩივარი და 32 შენიშვნა. საჩივრები დაიწერა შედეგების შეჯამების პროცედურებთან დაკავშირებით. არჩევნების პროცესს აკვირდებოდა კიდევ ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, „კოალიცია სამოქალაქო განვითარებისათვის“, რომლის წარმომადგენლის, ირმა ფუტკარაძის თქმით, ორგანიზაციის დამკვირვებლები 28 საარჩევნო უბანზე იყვნენ განაწილებული:

„ბევრ უბანზე იყო ზონდერების მობილიზება, ბევრი უბანი კი ვერ აუდიოდა მისული ამომრჩევლების მიღებას.“

ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, მონიტორინგის შედეგების გამოქვეყნებასთან ერთად, მოუწოდებენ დააჩქაროს კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესი, რომელიც დაბალ ტემპში მიმდინარეობს. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, პროცესის მაქსიმალური გამჭვირვალობისა და მანიპულაციებისგან დაცვის მიზნით, მნიშვნელოვანია შეჯამებული ოქმების შედეგები მაქსიმალურად ოპერატიულად ქვეყნდებოდეს ცესკოს ოფიზიალურ ვებ-საიტზე.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG