Accessibility links

logo-print

ფარული მოსმენები ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის პროექტის საფუძველზე


27 ნოემბრს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით კენჭი უყარა ფარული მოსმენებისა და კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემებთან წვდომის საკითხებთან დაკავშირებულ კანონპროექტთა ორ პაკეტს. 75 ხმით 58 ხმის წინააღმდეგ, დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს კანონპროექტთა იმ პაკეტს, რომელიც ბესელია-ფოფხაძე-სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით იყო წარდგენილი. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ორი გასაღების პრინციპს. კერძოდ, სასამართლოს ნებართვის საფუძველზე, ფარული მოსმენის პროცესში ორი უფლებამოსილი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტრო და პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი - ერთვება.

დღესვე საქართველოს პარლამენტმა განიხილა და კენჭი უყარა პარლამენტის უმრავლესობის რიგებში ფარული მოსმენის მექანიზმის განმსაზღვრელ მეორე საკანონმდებლო პაკეტს. ეს პაკეტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მიერ იყო მომზადებული და ფარული მოსმენების გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას ითვალისწინებდა. ეს საკანონმდებლო პაკეტი ჩავარდა. მას მხარი დაუჭირა 61-მა, წინააღმდეგი კი 71 დეპუტატი იყო.

ფარულ მოსმენებთან დაკავშირებული ახალი რეგულაციები საქართველოს პარლამენტმა 1 დეკემბრამდე უნდა მიიღოს. ამას ითვალისწინებს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის 31 ოქტომბრის ვეტო კანონზე, რომელიც ელექტრონულ კომუნიკაციაზე პირდაპირი წვდომის მქონე სუბიექტის განსაზღვრისა და შესაბამისი რეგულაციების დაწესების ვადის 28 თებერვლამდე გახანგრძლივებას გულისხმობდა.

XS
SM
MD
LG