Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

2012 წლის რამდენიმე ალბომის შესახებ


პოლ მაკარტნის ალბომი Kisses on the Bottom
პოლ მაკარტნის ალბომი Kisses on the Bottom
2012 წლის ბოლო სიუჟეტში ზოგიერთ იმ ალბომს გადავავლებ თვალს, დრაკონის წელს რომ გამოიცა. ბუნებრივია, საუკეთესოთა გამოვლენას არ ვეცდები, როგორც ეს ამა თუ იმ მუსიკალურ გამოცემას სჩვევია, მხოლოდ მათ მოვიგონებ, რომლებიც ყველაზე მეტად მეძვირფასა და თავიც დამამახსოვრა.

პირველ რიგში, იუბილარს ვახსენებ, პოლ მაკარტნის, რომელსაც 18 ივნისს 70 წელი შეუსრულდა. დიახ, ძალიან მოხუცდა. ჰოდა, როგორც ამ ასაკს სჩვევია, ყმაწვილკაცობის ნოსტალგიამ დარია ხელი - იმ დროის მოგონებებმა, როცა მამამისი რეგტაიმით გახლდათ გატაცებული, საკუთარი ბენდიც ჰყავდა და შვილის ინტერესებს იმ ეპოქის ბროდვეული მელოდიებით ახალისებდა. ალბომი Kisses on the Bottom სწორედ ხსენებული მუსიკალური ნოსტალგიის ნაშიერი გამოდგა. მონატრების სენტიმენტებით სავსე ლივერპულელმა 20-60 იანი წლების საესტრადო თემები „ბიტლზურ“ ვოკალურ ყაიდაზე მოარჯულა და ისეთი ჯაზური სტანდარტებიც დაატკბო, ერთ დროს ლუი არმსტრონგი, ფეტს უოლერი, ქაუნთ ბეისი, ელა ფიცჯერალდი თუ სარა ვონი რომ ასრულებდნენ. თუმცა ალბომის მთავარ ღირსებად ორი ახალი საავტორო სიმღერა მიმაჩნია: «Only Our Hearts», სიმფონიური ორკესტრისა და სტივი უანდერის ჰარპის თანხლებით, და, რა თქმა უნდა, ლამაზი მელოდიური თხზულება «My Valentine», სადაც „რეტროს“ იშტაზე მოსულ „ხოჭოს“ ინსტრუმენტული აკომპანირება დაიანა კროლმა გაუწია.



ახლა კი, კიდევ ერთი იუბილეს თაობაზე, უფრო სწორად, ორმაგი იუბილეს შესახებ: ბობ დილანის სადებიუტო დისკი ზუსტად ნახევარი საუკუნის წინ გამოვიდა და წელს გამოცემული ალბომი „Tempest“ მუსიკოსის 35-ე სტუდიური ნამუშევარი გამოდგა. თავს არ შეგაწყენთ მუსიკოსის ქება-დიდებით და ისეთი ეპითეტების მოშველიებით, როგორიცაა: ცოცხალი ლეგენდა, გენიოსი და ა.შ. უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ, რასაც წარმოადგენს. მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ მუსიკალური თვალსაზრისით ალბომი ამერიკული მუსიკის მთელ ისტორიას მოიცავს. აქ ყველაფერია: არხეინი სოფლური ქანთრი, გრინვიჩვილეჯური ქალაქური ფოლკი, რბილი აკუსტიკური ბლუზი და ალაგ-ალაგ თავშეკავებული სვინგი, რომელთაც არტისტის ხრინწნარევი ხმა ისევე უხდება, როგორც ნაკაწრები ძველ შავ-თეთრ ფოტოებს. მოკლედ, „ქარიშხალი“ ზუსტად იმგვარი ალბომია, გვიანდელ უჟმურ დილანს რომ სჩვევია: გემო ტექსტებში უფროა, ვიდრე მუსიკალურ მხარეში. როგორც „ლოს-ანჯელეს ტაიმმა“ აღნიშნა, „ამერიკული ლიტერატურის ისტორიაში ასე მსუბუქად, მოხდენილად და მახვილგონივრულად ამბის სიტყვებად ქცევას მხოლოდ მარკ ტვენი თუ ახერხებდა“. ჰოდა, დისკზე სიბრძნით, სევდითა და იუმორით გადმოცემული სულ 10 ისტორიაა სიყვარულსა თუ განშორებაზე, სიკვდილსა თუ სიცოცხლეზე. ჩვენც ერთ-ერთ მათგანს მოვუსმინოთ.



„რამდენიმე წლის წინ პარიზში ბობ დილანთან ერთად ყავას გეახლებოდით. იმხანად ჩემს „ალილუიას“ ასრულებდა. მკითხა, რამდენ ხანში დაწერეო. ორ წელიწადში-მეთქი, ვუპასუხე. ძალიან გაოცდა. შემდეგ მე დავინტერესდი მისი სიმღერით „I And I“. 15 წუთშიო, მომიგო. მეც ელდა მეცა. არადა, ორივე ვტყუოდით. მას, ალბათ, სულ 5 წუთი დასჭირდა ამ მშვენიერი ბალადის შესაქმნელად, მე კიდევ ზუსტად 5 წელი დავახარჯე „ალილუიას“. ეს მოგონება ხმამადლიან ლეონარდ კოენს ეკუთვნის, რომლის წლევანდელი ალბომიც „Old Ideas“ („ძველი იდეები“) ზუსტად 8 წლიანი ფიქრისა თუ დაგროვილი განცდების ნაყოფი გამოდგა. მოგეხსენებათ, თანამედროვე შოუ-ბიზნესის კანონების გადამკიდე, ამოდენა პაუზა სამუდამო მივიწყებისა და თვითმკვლელობის ტოლფასი გახლავთ, მაგრამ არა კოენის შემთხვევაში. ალბომმა „ბილბორდის“ ჩარტში მესამე ადგილი დაიკავა, რაც პირველად მოხდა მუსიკოსის 44 წლიანი კარიერის მანძილზე. კანადელის „ძველ იდეებს“ ღვინოს შევადარებდი, ოღონდ არა ბოთლში შენახულ, არამედ ჭურში დაძველებულ ღვინოს, დაჭაშნიკებას წლები რომ ელოდა. ასე რომ, საახალწლოდ სახელდახელოდ ჩამოსხმული იაფფასიანი, დღენაკლული სიმღერებით თავს ნუ წაიხდენთ, კოენის „დაწურულს“ მიეძალეთ, ჯერ ფერი შეუფასეთ, შემდეგ სურნელი და მერე წრუპეთ ნელ-ნელა. გემოტკბილი ღვინოა, სულიერ სიმშვიდეს, სასიამოვნო მოთენთილობასა და ბედნიერებას - სამივეს ერთად რომ განგაცდევინებს.

XS
SM
MD
LG