Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პენტაგონი 3,4 მილიარდი დოლარით აპირებს რუსეთის აგრესიის შეკავებას


ეშ კარტერი
ეშ კარტერი

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო 3,4 მილიარდ დოლარს ითხოვს 2017 წელს „რუსეთის აგრესიის“ საწინააღმდეგო ზომების დასაფინანსებლად - ეს არის მიმდინარე წელთან შედარებით ოთხჯერ გაზრდილი თანხა, რაც მოსკოვის პოლიტიკური კურსით ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეების შეშფოთებას ასახავს.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ეშ კარტერმა 2 თებერვალს ვაშინგტონში თავდაცვის ბიუჯეტთან დაკავშირებულ საჭიროებებზე ილაპარაკა. 2017 წლისთვის ის ითხოვს 582,7 მილიარდ დოლარს და ასახელებს ამერიკელი სამხედროების წინაშე მდგომ ხუთ მთავარ გამოწვევას: რუსეთს, ჩინეთს, ჩრდილოეთ კორეას, ირანსა და ექსტრემისტების გაერთიანება „ისლამურ სახელმწიფოს“.

პენტაგონის გეგმით, თავდაცვის ამ მთლიანი ბიუჯეტის ნაწილი - 3,4 მილიარდი დოლარი - მხოლოდ რუსეთის აგრესიის საწინააღმდეგო ზომებს უნდა მოხმარდეს. კარტერის განმარტებით, გაძლიერდება აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობა აღმოსავლეთ ევროპაში, რაც ითვალისწინებს აშშ-ის მეტი სამხედრო შენაერთის როტაციას, მეტ წვრთნას და სწავლებას, მეტ სამხედრო აღჭურვილობას მოკავშირე სახელმწიფოებში, მეტ ზრუნვას ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე.

„ჩვენ გვაქვს ძლიერი და დაბალანსებული მიდგომა რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. 25 წელი არ გვიწევდა ამაზე ზრუნვა და, მიუხედავად იმისა, რომ არ მსურს ასე იყოს, ახლა გვიწევს“, - განაცხადა კარტერმა ვაშინგტონში დაფუძნებულ კერძო კვლევით ინსტიტუტში, „ეკონომიკურ კლუბში“, სიტყვით გამოსვლისას. გაზეთი „ნიუ-იორკ ტაიმსი“, პენტაგონის მაღალი რანგის თანამშრომლების განცხადებებზე დაყრდნობით, იუწყება, რომ იმ ქვეყნებს შორის, სადაც დამატებით აღჭურვილობას და სამხედრო ძალებს განათავსებენ, სავარაუდოდ, იქნებიან უნგრეთი, რუმინეთი და ბალტიისპირეთის სახელმწიფოები. ამავე გაზეთთან საუბრისას ექსპერტმა ეველინ ფარკაშმა პენტაგონის გეგმას უწოდა „ძლიერი სიგნალი, რომელიც მიანიშნებს მტკიცე გადაწყვეტილებაზე, შეჩერებულ იქნეს რუსეთი და გაძლიერებულ იქნეს ჩვენი ალიანსი და ჩვენი პარტნიორობა ქვეყნებთან, როგორიც არიან უკრაინა, მოლდავეთი და საქართველო“.

ვაშინგტონსა და მის ნატოელ მოკავშირეებს რამდენიმე წყება სანქციები აქვთ დაწესებული მოსკოვისათვის მას შემდეგ, რაც მან 2014 წელს უკრაინის კუთვნილი ყირიმის ანექსია მოახდინა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერას შეუდგა. ნატოს ზოგი წევრი, უწინარეს ყოვლისა, ბალტიისპირეთის სახელმწიფოები და პოლონეთი ითხოვენ მოკავშირეებისაგან უფრო ძლიერ რეაქციას: მძიმე შეიარაღების განთავსებას და მოკავშირეების სამხედრო შენაერთების აქტიურ მოქმედებას. პენტაგონმა უკვე გაახშირა ევროპაში თავისი სამხედრო შენაერთების როტაცია, გაააქტიურა რეგიონში წვრთნა და სხვა სახის მხარდაჭერა.

„ამ მიდგომის მთავარი პრინციპია, შევძლოთ ჩვენი ყველაზე ძლიერი მოწინააღმდეგეების შეჩერება. უნდა შეგვეძლოს - და უნდა ჩანდეს კიდეც, რომ ეს შეგვიძლია - ძლიერი აგრესორისთვის მიუღებელი იყოს საფასური, რაც მას ან საერთოდ ხელს ააღებინებს აგრესიულ მოქმედებაზე, ან ძალიან ანანებს, თუკი აგრესიას მიმართა“, - განმარტავს ეშ კარტერი.

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრის ამ გამოსვლას უკვე მოჰყვა ნატოს გამოხმაურება. ალიანსის სამოქალაქო ხელმძღვანელობა საგანგებო განცხადებაში აქებს ეშ კარტერის წინადადებას, რომ ევროპაში აშშ-ის სამხედრო ხარჯები გაიზარდოს.

XS
SM
MD
LG