Accessibility links

logo-print

პრემია და სახელფასო დანამატი შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში


პრემიებისა და სახელფასო დანამატების თემა სოციალურ ქსელებში ისევ აქტუალურია და დისკუსია არ წყდება. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციებიდან მიღებული სხვადასხვა სახის ინფორმაცია გამოაქვეყნა. ინფორმაციაში ლაპარაკია 2013 წელს გუბერნატორების ადმინისტრაციათა მიერ გაწეულ სხვადასხვა სახის ფინანსურ ხარჯებზე. გასულ წელს შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციაში პრემიის სახით გაიცა 61 884 ლარი. ამ დროს სამხარეო ადმინისტრაციას ჯერ ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ხელმძღვანელობდნენ. ამჟამინდელი გუბერნატორი, ზურაბ რუსიშვილი, თანამდებობაზე 2013 წლის დეკემბერში დაინიშნა, მაგრამ რისთვისაც კოალიცია „ქართული ოცნება“ „ნაციონალურ მოძრაობას“ აკრიტიკებდა, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ არაფერი შეუცვლია და ისევ მიმდინარეობს ყოველთვიური თუ კვარტალური პრემიების გამოწერა. წელს ზურაბ რუსიშვილმა პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემის თაობაზე განკარგულება რამდენჯერმე გამოსცა. თვითონ გუბერნატორი პრემიას არ იღებს, მაგრამ, სამაგიეროდ, ყველაზე დიდი სახელფასო დანამატი - 17 700 ლარი - მან მიიღო. რუსიშვილი მოადგილეებსა და თანამშრომლებს რელიგიურ დღესასწაულებზე აჯილდოებს. ამ დროისთვის უკვე გაცემულია 77 620 ლარი. გუბერნატორის მოადგილემ გიორგი თოთლაძემ 2 360 ლარი ორჯერ პრემიის სახით, ერთხელ კი ზეგანაკვეთური მუშაობისთვის მიიღო. მეორე მოადგილემ გურამ მაჭარაშვილმა ხელფასთან ერთად 2 250 ლარი სამჯერ აიღო. მოადგილეების გარდა, ხელფასის იდენტური დანამატი ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებსაც ერგოთ. მართალია, კანონი არ ირღვევა, მაგრამ სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენელთა კრიტიკის საგანი ხდება. „გორის დარბაზის“ დამფუძნებელი თამაზ მაყაშვილი მიიჩნევს, რომ გუბერნატორის ადმინისტრაცია პრემიებსა და სახელფასო დანამატებს დაუმსახურებლად იღებს, რადგან მათი საქმიანობა საერთოდ არ ჩანს.

საზოგადოების წარმომადგენლები სოციალურ ქსელებში ხშირად სვამენ კითხვას, თუ რა დამსახურებისთვის იღებენ პრემიებს ხელისუფლების წარმომადგენლები, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი არ არსებობს, არც განკარგულებებში იწერება კონკრეტული მიზეზები. შიდა ქართლის ვიცე-გუბერნატორის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, პრემიის გაცემის არგუმენტირებას კანონი ხელმძღვანელ პირს არ ავალდებულებს. მისი თქმით, თითოეული თანამშრომლის საქმიანობა სათანადოდ ფასდება და ანაზღაურდება.

ეკონომისტ თამარ ედიშერაშვილს პრემიების გაცემის სხვა ტენდენციაც აშფოთებს. მისი აზრით, რელიგიურ დღესასწაულებზე ამის გაკეთება სხვა რელიგიური უმცირესობების მიმართ დისკრიმინაციის ნიშნებს შეიცავს.

ვიცე-გუბერნატორი გურამ მაჭარაშვილი არ იზიარებს აზრს, თითქოს მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებზე პრემიების გაცემით სხვა რელიგიური აღმსარებლობის წარმომადგენელთა უფლებები ირღვეოდეს, რადგან პრემიას და დანამატს ყველა თანამშრომელი იღებს.

უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ გუბერნატორის აპარატი სწორად ვერ აანალიზებს შექმნილ ვითარებას და ვერ ხედავს, რომ მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებზე პრემიებისა და სახელფასო დანამატების გაცემით ხაზი ესმება მართლმადიდებელთა უპირატესობას.

XS
SM
MD
LG