Accessibility links

რუსეთში გამომავალი პრესა საქართველოში მოახლოებული საპარლამენტო არჩევნების შესახებ წერს. გაზეთი „იზვესტია“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით „ქართველი პოლიტიკოსების იმიჯს ამერიკელი ლობისტები ქმნიან“, რომელშიც საუბარია მმართველი პარტიისა და ბიძინა ივანიშვილის „ქართული ოცნების“ ძალისხმევაზე, არჩევნების წარმატებით ჩასატარებლად დაიხმარონ ამერიკელი პოლიტტექნოლოგები. სტატია ეყრდნობა სააგენტო civil.ge-ის მონაცემებს, რომლის მიხედვითაც, მიხეილ სააკაშვილის გუნდი წლების განმავლობაში წარმატებით თანამშრომლობს კომპანიებთან Podesta Group და Orion Strategies, თუმცა, გაზეთის მონაცემებით, რამდენიმე თვის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ლობისტთა რაოდენობა ოთხამდე გაზარდა, როცა კონტრაქტები გააფორმა Prime Policy Group-თან და Gephardt Government Affairs. მთლიანობაში, წერს რუსული გამოცემა, საქართველოს ხელისუფლებას ამერიკელი ლობისტების მომსახურება წელიწადში მილიონ რვაასი ათასი დოლარი უჯდება.

რაც შეეხება ოპოზიციას, ბიძინა ივანიშვილის განკარგულებაში არიან პოლიტტექნოლოგები კომპანიებიდან National Strategies-ის და Patton Boggs, რომლებსაც დავალებული აქვთ ამერიკის ადმინისტრაციის ყურამდე მიიტანონ ცნობები საქართველოს ხელისუფლების იმ საქმიანობის შესახებ, რომლითაც იზღუდება სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები. ამერიკული კომპანიები, ყოველთვიური ანაზღაურების სახით, ივანიშვილისაგან 105 ათასსა და 160 ათას ამერიკულ დოლარს იღებენ.

ამერიკის გარდა, ლობისტების მონაწილეობით ქართველ პოლიტიკოსთა ჭიდილი მიმდინარეობს ევროპაშიც. წამყვან პერიოდულ გამოცემებში ქვეყნდება შესაბამისი შინაარსის სტატიები, რომლებშიც დამკვეთი დადებით, ხოლო მისი ოპონენტი უკიდურესად უარყოფით კონტექსტშია წარმოდგენილი. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა თედო ჯაფარიძემ „იზვესტიას“ განუცხადა, რომ ასევე აპირებენ კონსულტაციებისათვის საქართველოში აკრედიტებულ ყოფილ ელჩებსაც მიმართონ.

რუსეთში გამომავალმა გაზეთებმა დმიტრი მედვედევის პრემიერ-მინისტრობის პირველი ასი დღის შეჯამება სცადეს. გაზეთი „ნოვიე იზვესტია“ აქვეყნებს პოლიტიკური კონიუნქტურის ცენტრის ექსპერტის პაველ სალინის მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც, ასი დღის შემდეგ ნათელი გახდა, რომ დმიტრი მედვედევი ტექნოკრატი პრემიერია, მთავრობაც ტექნოკრატიულია, ხოლო გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი პრეზიდენტის ადმინისტრაციაშია გადატანილი. სალინის ვარაუდით, შემოდგომაზე რუსეთის მთავრობაში დიდი ცვლილებები მოხდება, რის შემდეგაც მედვედევი, შესაძლოა, დიდ პოლიტიკას გაერიდოს. კიდევ ერთი ექსპერტი, ეკონომიკის უმაღლესი სკოლის გამოყენებითი პოლიტიკის დეკანი ანდრეი მელვილი ამბობს, რომ ამ ასი დღის განმავლობაში მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, მათ შორის, არაფერი თქმულა იმ სტრატეგიული და პრაქტიკული ამოცანების გადაჭრის გზების შესახებ, რომელიც რუსეთის წინაშე დგას.
XS
SM
MD
LG