Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა. 2013 წლის 4 თებერვალი


”ვანო მერაბიშვილი ლაპარაკობდა არა იმაზე, ხელისუფლებაში არჩევნებით მოვალთ თუ არა, არამედ ვადაზე - ეს 4 წელიწადში მოხდება თუ უფრო ადრე. უფრო ადრე კი ადგილობრივი და საპრეზიდენტო არჩევნებია. თეორიულად არც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებია გამორიცხული” - ასე განმარტავს ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის რამდენიმდე დღის წინანდელ განცხადებას.

”98%-ით ვარ დარწმუნებული, რომ წელს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნება. ეს იქნება ან კონსტიტუციური ცვლილების გზით, ან იქნება პარლამენტის დათხოვნის გზით. პრეზიდენტი დაითხოვს პარლამენტს” - ამას უცხადებს ”ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი ”კვირის ქრონიკას”.

”რეზონანსი/მთელი კვირა” წერს, რომ, გაზეთის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ”ხელისუფლებაზე ”გენერალური შეტევა” მაისისთვისაა დაგეგმილი - ამ პერიოდში ”ნაციონალური მოძრაობა” თავისი მხარდამჭერების საყოველთაო მობილიზებასა და მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას გეგმავს.

”რეზონანსშივე” წაიკითხავთ სტატიას, სათაურით - ”კორეელებსა და აზერბაიჯანელებს ქართული ”ლაზიკისა” და „დიდგორის“ შეძენა სურთ”. ავტორი წერს: ”სააკაშვილის განცხადება, რომ შესაძლოა საქართველოში სამხედრო ტექნიკის წარმოება შეწყდეს, სიმართლეს არ შეესაბამება. მეტიც, თავდაცვის სამინისტრო ”ლაზიკისა” და ”დიდგორის” დახვეწაზე მუშაობს, რადგან, როგორც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი ჩვენთან საუბარში აღნიშნავს, საქართველოში დამზადებული ქვეითთა საბრძოლო მანქანებით სხვადასხვა ქვეყნები არიან დაინტერესებული”.

”ვერსიას” ეუბნება კახა კახიშვილი: ”ფაქტია, რომ ირაკლი ალასანიას ის გავლენა აღარ აქვს, რაც ბიძინა ივანიშვილთან თავიდან ჰქონდა. ალბათ, გახსოვთ, პოლიტიკაში შემოსვლისთანავე ბიძინა ივანიშვილმა ირაკლიზე გააკეთა აქცენტი, თუმცა შემდეგ მოვლენები ისე განვითარდა, კოალიციაში სხვა ძალები გაძლიერდნენ. საერთოდ, ირაკლი ალასანიასა და ბიძინა ივანიშვილს შორის კონფლიქტი ან რეალურად არსებობს და, სავარაუდოდ, ალასანიას მიერ კოალიციიდან წამოსვლას მალე ვიხილავთ, ან არ გამოვრიცხავ, ეს კონფლიქტი ინსპირირებული იმ მიზეზით იყოს, რომ თავდაცვის მინისტრმა ქვეყანაში სერიოზული ოპოზიციური ძალა შექმნას”.

”რატომ ვერ გაერთიანდნენ ”ეროვნული ფორუმი” და ”ქართული ოცნება”” - ამ სათაურით ანი მიროტაძესთნ ინტერვიუს აქვეყნებს ”ახალი თაობა”: ”კონსულტაციების შედეგად გადაწყდა, რომ ამ ეტაპზე ეს გაერთიანება არ შედგება. თუმცა, გამორიცხული არ არის ეს საკითხი დღის წესრიგში კვლავ დაბრუნდეს მომავალში”, - ამბობს მიროტაძე.

”ზურაბ ჟვანიას მკვლელი ნაპოვნია?” - კითხულობს ”პრაიმ-ტაიმი”. ავტორი ხათუნა ხოფერიას მიერ წინასაარჩევნოდ ნათქვამს იხსენებს და წერს: ”არჩევნებმა ჩაიარა, ”ქართულმა ოცნებამ” გაიმარჯვა და ხოფერია ჯერ არც იმ პირს ასახელებს, ვინც უთხრა, და არც იმას, ვინც თქვა - ამ ხელებით ჟვანია დავახრჩვეო”. ”პრაიმ-ტაიმი” ხათუნა ხოფერიასთან ინტერვიუსაც აქვეყნებს, სადაც რესპონდენტი ამბობს: ”მე ვფიქრობ, რომ პროკურატურას უკვე გადასცემდნენ და ეცოდინება მისი სახელი და გვარიო“.

”კიდევ ვიმეორებ, მერაბიშვილმა რუსეთის სპეცსამსახურებთან თანამშრომლობით ახალგორი და კოდორის ხეობა გადასცა რუსეთს. პირდაპირ ვაცხადებ ამას და პროკურატურა ვალდებულია ამ განცხადებაზე რეაგირება მოახდინოს”, - აცხადებს გოგა ხაინდრავა, რომელთან ინტერვიუსაც ”ასავალ-დასავალი” აქვეყნებს. ხაინდრავას თქმით, მერაბიშვილი არის ”სახელმწიფო დამნაშავე, რომელიც მუშაობდა რუსეთის დაზვერვის სასარგებლოდ!”. ”ამ ინტერვიუს წაკითხვის შემდეგ პროკურატურიდან თუ არ დამირეკავენ და დაკითხვაზე არ დამიბარებენ, მაშინ ოფიციალურად შევიტან საჩივარს და მოვითხოვ გამოძიების დაწყებას მერაბიშვილის წინააღმდეგ!”, - აცხადებს ხაინდრავა.
  • 16x9 Image

    ნინო გელაშვილი

    უფროსი რედაქტორი, ყოველდღიური გადაცემის - „დილის საუბრების“ წამყვანი. მუშაობს საქართველოს შიდა პოლიტიკის, საერთაშორისო ურთიერთობების, ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 1995 წლიდან.

XS
SM
MD
LG