Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უცხოეთის პრესა საქართველოზე


ინგლისურენოვანი „ეკონომისტი“ მიმოხილვითი ხასიათის წერილს აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკოსებზე, მმართველ ძალებსა და საპრეზიდენტო კანდიდატებზე. წერილი სააკაშვილის შეფასებით იწყება. ავტორი ფიქრობს, რომ სააკაშვილს „ბევრ რამეში შეიძლება დასდო ბრალი, მაგრამ არა ხედვების ნაკლებობაში“. პრეზიდენტობის ათწლიან პერიოდში სტატიის ავტორის თქმით, ტრავმირებული, წარუმატებელი საქართველო მიხეილ სააკაშვილმა ატარა ფსიქიკური რევოლუციის, განახლების გზაზე, გადააგდო საბჭოთა მემკვიდრეობა და ქვეყანა რუკაზე დააბრუნა. მანვე, განაგრძობს ჟურნალი საქართველოს პრეზიდენტის დახასიათებას, „წააგო ომი რუსეთთან, ჩაახშო ოპოზიცია, ის განსაზღვრავდა მედიას, ერეოდა მართლმსაჯულებაში და მიმართავდა ხელისუფლების მონოპოლიზებას”. სააკაშვილმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავისი ბოლო გამოსვლისას აღიარა შეცდომები, რომლებიც, ამცნობს მკითხველს გამოცემა, მას არჩევნებში მარცხად დაუჯდა. შემდეგ სტატიაში ლაპარაკია მომავალ არჩევნებზე და დახასიათებულია საპრეზიდენტო კანდიდატები. „მღელვარებისა და იმედის ნაცვლად თბილისის ჰაერი შფოთვითაა სავსეო“, წერს ჟურნალი. მთავარი საპრეზიდენტო კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის მთავარი მახასიათებელი, „ეკონომისტის“ თანახმად, პოლიტიკური გამოცდილების უქონლობა ან ამბიციურობაა. იქვე მკითხველს ჟურნალი სხვა კანდიდატებსაც აცნობს და ამის შემდეგ წერს, გაურკვევლობის მთავარი წყარო მაინც ივანიშვილიაო. „გასულ თვეში მან შოკი მოჰგვარა ქვეყანას, როცა გამოაცხადა, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გადავდგები პრემიერის პოსტიდან და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებით დავკავდებიო”. სააკაშვილის მომხრეები შეშფოთებულნი იყვნენ. „ივანიშვილს სურს მართოს, მაგრამ პასუხისმგებლობა თავიდან აირიდოს. საშიში ისაა, რომ მის წასვლას მოჰყვება ძალაუფლების ვაკუუმი, რამაც ქაოსი შეიძლება გამოიწვიოსო“, უთქვამს ჟურნალისთვის გიგა ბოკერიას, ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ ლიდერს. საქართველოს მოქალაქეთა 70 პროცენტს, ჟურნალის თანახმად, არ სურს, რომ ივანიშვილი ვადამდე წავიდეს. გამოცემა მკითხველს უამბობს, რომ მილიარდერი დაპირდა ამომრჩეველს კანონის პატივისცემასა და სამუშაო ადგილების შექმნას, მაგრამ მისი მთავარი მიზანი იყო სააკაშვილისა და მისი პარტიის მანქანის განადგურება, ხშირ შემთხვევებში, შერჩევითი მართლმსაჯულებით. „ეკონომისტი“ ახასიათებს საქართველოს ახლანდელ ვითარებას: „მცირე წინსვლაა მიღწეული იმ სფერობეში, რაც ქართველებს აწუხებთ, სხვათა შორის, სამუშაო ადგილების და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საქმეში. ეკონომიკა შეფერხებულია, უცხოური ინვესტიციები - შემცირებული და რუსი ჯარისკაცები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში მავთულხლართებს აბამენ ახალ საზღვრებზე. მედიაზე გაზრდილია პოლიტიკური ზეწოლა. ორი პოლიტიკური თოქშოუ გაუქმდა. ქართველ ჟურნალისტებთან ბოლო შეხვედრისას ივანიშვილმა შეუტია მათ კრიტიკულ მასალებს“, წერს ჟურნალი და იქვე იტყობინება, რომ ივანიშვილი და მისი მინისტრების უმეტესობა უარს ეუბნება „ეკონომისტს“ ინტერვიუზე.

ასევე ინგლისურენოვანი „გარდიანი“ აქვეყნებს სტატიას, სათაურით „საქართველო შეშფოთებულია რუსეთის მოქმედებით“, რომელშიც ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საზღვრის გადაადგილებასა და იქ მავთულხლართებიანი ზღუდის აღმართვაზეა ლაპარაკი. „გარდიანი“ მკითხველს ამცნობს რუსეთის პოზიციას, რომ თბილისში „პროპაგანდისტული ისტერიაა“, მაგრამ, წერს გაზეთი, რუსეთი ნელ-ნელა ღრღნის საქართველოს ტერიტორიას. მიუხედავად პრემიერ-მინისტრის შემრიგებლური ჟესტებისა, ნორმალიზებულ იქნეს რუს მეზობელთან ურთიერთობა, საქართველოსა და სამხრეთ ოსეთს შორის საზღვარი აშკარად მოძრაობს. იქვე აღწერილია შექმნილი ვითარების წინაისტორია, ისიც არის ნათქვამი, რომ ევროკავშირის მეთვალყურეები ამ ყველაფერს - იმას, რომ სოფლების მოსახლეობას მისასვლელი აღარ აქვს სასაფლაოზე, საკუთარ სახნავ-სათეს მიწებსა და წყალზე, ხედავენ, მაგრამ არა აქვთ შესაძლებლობა მოვლენებზე ზემოქმედება მოახდინონ და მოწოდებით კმაყოფილდებიან, თავი შეიკავონ მხარეებმა. „მოსკოვს განზრახული აქვს დაიყოლიოს საქართველოს ხელისუფლება შეუერთდეს ევრაზიის საბაჟო კავშირს, ბელორუსიასა და ყაზახეთთან ერთად. ამჟამინდელი ზეწოლის უკან არის ფარული მუქარა, რომ იქნება რეგიონალური დესტაბილიზაცია, თუ თბილისი შეეცდება ევროპის კავშირს დაუახლოვდეს“, წერს „გარდიანი“ და ამატებს, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა კიდევ ერთხელ დაგმო ეს რუსეთის „უკანონო ქმედება“, მაგრამ ივანიშვილი, გაზეთის თანახმად, ცდილობს რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, სეპარატისტულ რეგიონებზე სამომავლოდ თბილისის კონტროლის აღდგენას, ოღონდ ძალის გამოყენების გარეშე. ოპოზიცია ივანიშვილს აკრიტიკებს რუსეთის მიმართ ამ მორჩილების გამო, მაგრამ პრემიერს ამაზე თავისი პასუხი აქვს. ივანიშვილი, გაზეთის თანახმად, თვლის, რომ „ყველაფერი, რაც ახლა ხდება, მავთულხლართებიც, ოლიმპიურ თამაშებს უკავშირდება“. საქართველოს პრემიერის თანახმად, წერს „გარდიანი“, „ამჟამად მთელი რუსეთის ყურადღება მიმართულია ერთი პრობლემისკენ, როგორ ჩაატაროს თამაშები მშვიდობიანად. ჩვენ კი ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დავეხმაროთ მათო“. შეკითხვაზე მავთულხლართების შესახებ, ივანიშვილს შეკითხვითვე უპასუხია, „რა ვქნათ, ახალი ომი დავიწყოთო?“ - წერს „გარდიანი“.
  • 16x9 Image

    ოქროპირ რუხაძე

    ვიდეოპროექტის და პოდკასტის „შინ - უცხოეთში“ ავტორი. მუშაობს საერთაშორისო პოლიტიკის, კულტურის თემებზე. რადიო თავისუფლების პრაღის ბიუროს ჟურნალისტი 1996 წლიდან.

XS
SM
MD
LG