Accessibility links

„მეორე? ვერცხლის ბილეთი პოლიტიკური რეანომობილისთვის“ - ამ სათაურით „ყველა სიახლის“ ავტორი აქვეყნებს სტატიას საპრეზიდენტო არჩევნებში მეორე ადგილის მნიშვნელობაზე: „27 ოქტომბერს მეორე ადგილი „ნაციონალური მოძრაობისა“ და ბურჯანაძისთვის, შესაძლოა, ის ვერცხლი აღმოჩნდეს, რომელიც ოქროზე მეტია. საქმე ისე კი არ დგას, ვინ რომელ პროცენტებს აიღებს, არამედ ასე - ვინ გადარჩება“. „ყველა სიახლის“ ავტორი თვლის, რომ თუ საპრეზიდენტო არჩევნებში დავით ბაქრაძემ მეორე შედეგი არ აჩვენა, „ამას, შესაძლოა, „ნაციონალებისთვის“ და პირადად პარტიის ლიდერ სააკაშვილისთვის კატასტროფული შედეგები ჰქონდეს“ და აღარც დასავლელი პარტნიორებისთვის იქნებიან აქტუალურები. ნინო ბურჯანაძე კი მეორე შედეგის ჩვენებით „მთავარ ოპოზიციურ ძალად დაფიქსირდება - „ვაშინგტონი და ევროპა მას, როგორც მთავარ ოპოზიციონერს, ანგარიშს გაუწევენ“. სტატიას 27 ოქტომბრის არჩევნებში მეორე ადგილის მნიშვნელობაზე „ყველა სიახლეში“ წაიკითხავთ.

„ვერსიის“ ავტორი აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და თუ წინა ნომერში კითხულობდა, საიდან მოდის პრეზიდენტობის ამბიციებიო და პრეზიდენტობის 23 კანდიდატს წარუდგენდა მკითხველს, ახლა წინასაარჩევნო კამპანიას ახასიათებს სტატიაში, სათაურით „წყალწყალა კლიპები - ბევრი „მე“ და მოუქნელი ქართული“. „ვერსიის“ ავტორი წერს: „მარგველაშვილი გვეუბნება - „ერთად განვაგრძოთ წინსვლა“, ბაქრაძე გვთავაზობს - „ერთად ვაკონტროლოთ მთავრობა“, ბურჯანაძე გვპირდება - „სამართლიანობა ყველგან და ყველასთვის“. რას „უამბობს“ საზოგადოებას მათი ეს სლოგანები, საარჩევნო კლიპები? ბევრს რომ „უამბობს“, ფაქტია - არ მითქვამს, რომ ბევრის მთქმელია, მრავლისმთქმელია. სწორედაც რომ, დიდი არაფრის მთქმელია ამ არჩევნებზე გამოფენილი კლიპები თუ პლაკატ-ბილბორდები. უბრალოდ - კლიპები საგანგაშოდ უხვტექსტიანია. იმდენი ტექსტია - იმდენს ლაპარაკობენ, ამომრჩეველს ტვინი აელუფხება. თან რა ენაზე გველაპარაკებიან? მოუქნელი ქართულით. არადა, არასდროს არაა ისე საჭირო, როგორც არჩევნებზე - ამომრჩეველს მესიჯი მიაწოდო მოქნილი ქართულით, მკაფიოდ“.

გოგა ხაინდრავა ბიძინა ივანიშვილზე ეუბნება „ალიას“: „ივანიშვილი არის ერთადერთი პოლიტიკოსი, რომელიც ბედავს ასეთი რამის საჯაროდ თქმას, უბედავს სუყველას, უბედავს ექსპერტებს, ჟურნალისტებს, არასამთავრობო სექტორს, უბედავს საერთაშორისო თანამეგობრობას, მან ფარისევლებს ნიღაბი ჩამოხსნა, ბატონყმობასა და პატრონყმობას ანგრევს საქართველოში, ამბობს, რომ მაღალი რანგის ხელისუფალი არ არის ხელშეუხებელი, მასთან კამათიც შეიძლება, საჯარო ეთერში „მიწოლა“ შეიძლება, ამის გამო არ დაგხვრეტენ, არ გცემენ, ქუჩაში არ დაგხვდებიან „ზონდერები“, გელაშვილივით სიკვდილის პირად არ მიგიყვანენ, 26 მაისს და 7 ნოემბერს არ მოგვიწყობენ მხოლოდ იმიტომ, რომ ის გაბრაზდა“.

უკანონოდ წართმეული ქონების დაბრუნების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას დავით ზურაბიშვილი „ახალი თაობისთვის“ მიცემულ ინტერვიუში: „თუ არის შემთხვევები, რომ სახელმწიფომ წაიღო კერძო საკუთრება, ეს შეიძლება სწრაფად დაბრუნდეს, თუ მესამე ან მეოთხე რიგის მფლობელია, იქ შეიძლება რაღაც კომპენსაციაზე იყოს ლაპარაკი. ეს ხალხი არ გაჩერდება. თუ ამ პროცესს ხელისუფლებამ არ მიხედა, შეიძლება კრიმინალურ სამყაროში გადაინაცვლოს ამ დავამ და ქურდულმა სამყარომ დაიწყოს ამის განხილვა“.

დღევანდელი პრესა ფრანგი მსახიობის ჟერარ დეპარდიეს საქართველოში ვიზიტზეც წერს. „24 საათში“ წაიკითხავთ: „სხვა შემთხვევაში მას, ალბათ, ზარზეიმით შეხვდებოდნენ, თუმცა დღეს ის საქართველოს კანონის დამრღვევია. დეპარდიემ ოკუპაციის შესახებ საქართველოს კანონი დაარღვია - კინომოყვარულთა გმირი ამ ზაფხულს ოკუპირებულ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთიდან შევიდა, რაც მას, ქართული კანონმდებლობის თანახმად, იმთავითვე კანონდამრღვევად ხდის, ხოლო ქართველ მესაზღვრეებს კი მის დაკავებას ავალდებულებს“. „24 საათის“ პუბლიკაციის სათაურია -„კანონდამრღვევი ჟერარ დეპარდიე არ დააკავეს“. „რეზონანსიც“ წერს ამ თემაზე და რუსეთის პასპორტიან სხვა კანონდამრღვევ ხელოვანებსაც შეახსენებს მკითხველს: „რუსი მევიოლინე იური ბაშმეტი, რუსეთის პრეზიდენტთან დაახლოებული ჟურნალისტი ალექსეი შევჩენკო და ახლა ფრანგი მსახიობი - სამივე შემთხვევაში შს სამინისტრომ განაცხადა, რომ მათი დაუჯარიმებლობის და არგაძევების მიზეზი ისაა, რომ მათ „პასპორტი სუფთა ჰქონდათ“. აღსანიშნავია, რომ ამ ფონზე აფხაზეთში ყოფნის გამო არასასურველ პირად არის გამოცხადებული და საქართველოს ტერიტორიაზე არჩევნების დასაკვირვებლად არ უშვებენ რუსეთის დუმის დეპუტატს ვასილი ლიხაჩოვს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის მისიის წევრია და თან ისე, რომ არავინ იცის, აქვს თუ არა ლიხაჩოვს პასპორტში აფხაზეთში ყოფნის აღმნიშვნელი შტამპი“, - წერს „რეზონანსი“.
XS
SM
MD
LG