Accessibility links

გასულ კვირაში უცხოეთის გაზეთების ყურადღების ცენტრში იყო უკრაინა, მაგრამ ბევრი იწერებოდა სოჭის ზამთრის ოლიმპიადაზეც, ასევე გაეროსგან ვატიკანის მიმართ წაყენებულ ბრალდებაზე სასულიერო პირების მიერ ბავშვების გაუპატიურების გამო.

კვირის დასაწყისში გაზეთებში კვლავ აანალიზებდნენ უკრაინის მოვლენებს. პოლონეთში გამომავალი „გაზეტა ვიბორშჩა“ წერდა, რომ ევროკავშირის ბრალი არ არის უკრაინის კრიზისი, რომ ამაში დამნაშავე თვითონ კიევია. „თუმცა ევროკავშირმა ამ ქვეყანაში გარდამავალ პროცესს მთელი ძალების მობილიზებით უნდა შეუწყოს ხელი. უკრაინამ, ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს, რომ ევროკავშირის წევრობის რეალური პერსპექტივა აქვს, თუ ამისთვის საჭირო პირობებს შეასრულებს. ამგვარი განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ“, წერს პოლონური გაზეთი. შვეიცარიაში გამომავალი „ნოიე ციურხერ ცაიტუნგი“ უკრაინის ეკონომიკურ საჭიროებაზე იტყობინება და მკითხველს ევროკავშირის პოზიციას აცნობს: „ევროკავშირმა გამოაცხადა, რომ კიევში გარდამავალი მთავრობის შექმნის შემთხვევისთვის სასწრაფო საფინანსო დახმარების გეგმას მოამზადებს. საგარეოპოლიტიკურმა ლიდერმა კეტრინ ეშტონმა თქვა, რომ ეს დახმარება არ არის დაკავშირებული საერთაშორისო სავალუტო ფონდთან და სტრუქტურული რეფორმების გატარებასთან. პირიქით, საჭიროა ეკონომიკის უშუალოდ სტაბილიზება. ეს მით უფრო სასწრაფოა, რომ დეკემბერში დაპირებული დახმარების პაკეტის ამოქმედებას რუსეთი რეალურად აკავშირებს კიევის პოლიტიკურ საქციელთან. თუ კიევში პოლიტიკური ძალაუფლება შეიცვალა, მოსკოვი გამოძებნის საბაბს, შეწყვიტოს დახმარება და უკრაინა საფინანსო უფსკრულის წინაშე აღმოჩნდება“. ჩინეთის „ჰუანსიუ ჟიბაო“ მსოფლოს აფრთხილებს არ დაუშვან უკრაინის დაშლა: უკრაინის „დასავლეთი ევროპისკენ იყურება, აღმოსავლეთი კი რუსეთისკენ. როცა უპირატესობის მოპოვება ორივე მხარეს უჭირს, ვითარება სულ უფრო იძაბება და ბევრი რამ ქვეყნის გახლეჩას მოასწავებს. ეს არც ევროკავშირს აძლევს ხელს და არც მოსკოვის ინტერესებშია. ამიტომ უკრაინის არც ერთი დიდი მეზობელი არ უნდა შეეცადოს აიძულოს მოსახლეობა, რომელიმე მათგანი აირჩიოს“. ჩეხეთში გამომავალი გაზეთი „პრავო“ ასევე უკრაინის საფინანსო პრობლემებზე წერდა: „მარტივი ფაქტია და ევროპამ, ჩანს, ბოლოს და ბოლოს, შეიგნო, რომ უკრაინაში საქმე, უწინარესად, ფულს ეხება. შეიძლება ევროპელებს ამის გაგება ამერიკელებმა აიძულეს. ვინც გადაიხდის, იმარჯვებს“.

იმავე ჩეხეთის რესპუბლიკის გაზეთი, „ჰოსპოდარსკიე ნოვინი“, სოჭის ოლიმპიადის თაობაზე წერს: „როგორც პეტერბურგი იყო პეტრე დიდის სიამაყე, ახლა სოჭია პუტინისთვის. არ მოიპოვება რუსეთში ადგილი, რომელთანაც რუსეთის ელიტის ამდენი იმედი იყოს დაკავშირებული და რომელშიც მას ამდენი ენერგია და ფული ჩაედოს. საპირისპიროდ პეტრე დიდისა, რომელმაც პეტერბურგით ფანჯარა გაჭრა ევროპისკენ, პუტინი სულ უფრო მაღლა და შორს ილტვის. სოჭი უნდა გახდეს იმის დასტური, რომ რუსეთი მსოფლიო დონის ქვეყანაა“. ფრანგული „მონდი“ წერს ამავე თემაზე, რომ ოლიმპიური თამაშები „რუსეთის პრეზიდენტის, პუტინისთვის რუსეთის, როგორც ზესახელმწიფოს, კვლავ დაბადებას აჩვენებს. დასავლელი მიმომხილველებისთვის სოჭის ოლიმპიადა აირეკლავს ქვეყნის ბრწყინვალებას და უბედურებას, ამბიციურობას და კორუფციას, ნიჭსა და მოუქნელობას, უზარმაზარ მასშტაბებს და უყაირათობას“. გაზეთი „დნევნიკი“ ლიუბლანაში გამოდის. სლოვენიელ მკითხველს ის ამცნობს: „უკვე ცხადია, რომ სოჭის ოლიმპიადა ყველა დროის ყველაზე ძვირი თამაშები მხოლოდ კორუფციის გამო კი არა, იმის გამო გახდა, რომ სპორტული ობიექტები ტროპიკულ ჭაობიან არეალში ააშენეს. პუტინმა ოლიმპიური თამაშები გაიტანა ბუნების დაცვის უგულებელყოფით, ქონების უხეში ჩამორთმევით, მუშების ჩაგვრით და ადამიანის უფლებების დარღვევით, რათა თავისთვის ძეგლი დაედგა“. ესპანეთის „ელ მუნდო“ წერს, რომ სოჭის თამაშებმა კიდევ ერთხელ კითხვის ქვეშ დააყენეს ოლიმპიადის მოსაწყობი ადგილების საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ შემუშავებული კრიტერიუმები. პოლიტიკური ინტერესები ასეთ ღონისძიებებს ფასს უკარგავს და სპორტულ რეკორდებსა და თამაშებზე საუბარს კამათი გადაფარავს ხოლმე“.

ამ კვირაში გაეროს ადამიანის უფლებების დაცვის უწყებამ კრიტიკულად შეაფასა კათოლიკური ეკლესიის პოლიტიკა, წმინდა საყდრის დამოკიდებულება სასულიერო პირების მიერ ბავშვების გარყვნისადმი. ესპანეთში გამომავალი „ელ მუნდო“ მიიჩნევს, რომ პაპმა ფრანცისკემ გაეროს ყური უნდა დაუგდოს. ბრალდება მძიმეა: გაერო ვატიკანს ბრალად უყენებს, რომ ის სასულიერო პირების მხრიდან სექსუალურ ძალადობას ხელს აფარებს და დამნაშავეებს დაუსჯელად ტოვებს. გაეროს ექსპერტები აღიარებენ, რომ პაპმა ამ დანაშაულთან საბრძოლველად გარკვეულ ზომებს მიმართა, ოღონდ ეკლესია არ თანამშრომლობს შესაბამისი ქვეყნების მართლმსაჯულებასთან. პაპმა ბევრს გაუღვიძა იმედი. ახლა დროა, შემდეგი ნაბიჯი გადადგას“. ირლანდიური „აირიშ ექსამინერი“ ამავე აზრისაა და იტყობინება, რომ გაეროს ანგარიში ბავშვების მიმართ სექსუალურ ძალადობაზე კათოლიკურ ეკლესიაში პირველი დიდი გამოწვევაა, რომელსაც რომის პაპმა ფრანცისკემ თვალი უნდა გაუსწოროს. გაზეთის აზრით, გაეროს ანგარიში მოითხოვს უფრო კონკრეტულ ქმედებას, ვიდრე დამამშვიდებელი სიტყვებია... ვატიკანმა იცის, გაზეთის აზრით, რომ მისი მნიშვნელობა მსოფლიოში კვლავ შემცირდება, თუ ეს პრობლემები არ მოგვარდა. კათოლიკეთა უმეტესობა... შეძრწუნებული და მოტყუებული მილიონები ვატიკანისგან გაეროს ანგარიშზე პასუხს ინტერესით და, ალბათ, გასაგები მღელვარებით მოელიან, წერს „აირიშ ექსამინერი“.
XS
SM
MD
LG