Accessibility links

logo-print

საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ ორგანული კანონის პროექტს, რომელიც საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან გამოყოფას ითვალისწინებს, 31 ივლისს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვეტო დაადო. საგანგებო ბრიფინგზე მარგველაშვილმა განაცხადა, რომ კრიტიკა დაიმსახურა როგორც კანონის მიღების დაჩქარებულმა პროცესმა, ისე მისმა შინაარსმა, რაც მისი ვეტოს საფუძველი გახდა.

საქართველოს პრეზიდენტისთვის არასაკმარისი აღმოჩნდა არგუმენტები იმის დასასაბუთებლად, თუ რატომ უნდა შეიცვალოს სწორედ დღეს ისეთი მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ინსტიტუტი, როგორიც ეროვნული ბანკია და რატომ უნდა ჩამოერთვას მას საზედამხედველო ფუნქცია. გიორგი მარგველაშვილმა 31 ივლისს, სანამ ეროვნული ბანკის შესახებ კანონპროექტზე ვეტოს დადების გადაწყვეტილებას გამოაცხადებდა, ისიც თქვა, რომ ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობასა და ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის ეფექტიან განხორციელებაზე:

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი მარგველაშვილი

„მე გადავწყვიტე ამ კანონპროექტს დავადო ვეტო. ამასთან ერთად, საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციით, ევროკაცშირთან კონსულტაციის პროცესში, ჩვენ, როგორც ეს კანონით არის განსაზღვრული, შევიმუშავეთ მოტივირებული შენიშვნები და შესაბამისი კანონპროექტი. ჩვენი ვერსიის შედეგად, ძლიერდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა და მისი საზედამხედველო პოლიტიკის ეფექტურად განხორციელების მექანიზმიც“.

გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ადმინისტრაციის მიერ მომზადებულ ალტერნატიულ კანონპროექტს უკვე აქვს დადებითი დასკვნა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისა და ევროკავშირისგან. საქართველოს პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ ვეტო არ არის პოლიტიკური დაპირისპირებისა და კონფრონტაციის ინსტიტუტი:

„ვეტო კონსტიტუციური მექანიზმია იმისთვის, რომ სწორედ ასეთ შემთხვევებში, როდესაც შეგვიძლია ხელი შევუწყოთ ქვეყნის განვითარებასა და გაძლიერებას, ამ კონტექსტში ითანამშრომლოს ქვეყნის პარლამენტმა, პრეზიდენტმა და მთავრობამ და ქვეყნისათვის ერთად მიიღოს უკეთესი გადაწყვეტილებები“.

ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი თავსებადია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას...

ვეტომდე ერთი დღით ადრე, 30 ივლისს, გამართულ ბრიფინგზე პრეზიდენტის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მომზადებული, შენიშვნების სახით ჩამოყალიბებული, კანონპროექტი გააცნეს როგორც ევროკავშირის, ისე ყველა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტის წარმომადგენლებს და მათგან მიღებული ტექნიკური ხასიათის შენიშვნები უკვე გათვალისწინებულია:

„ევროკავშირიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მოსულ წერილში აღნიშნულია, რომ ეს კანონპროექტი თავსებადია ევროკავშირის კანონმდებლობასთან და შემოთავაზებული ცვლილებები მიზნად ისახავს არსებული სისტემის დამოუკიდებლობისა და მმართველობის გაძლიერებას. საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მიღებულ წერილში კი აღნიშნულია, რომ ფონდი არ არის ცვლილებების წინააღმდეგი, რადგან წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, საფინანსო ზედამხედველობა რჩება ეროვნული ბანკის შემადგენლობაში, რაც ასევე შეესაბამება ფონდის მიერ საქართველოს ხელისუფლებისათვის მიცემულ რჩევებს“.

სხვა პოზიცია აქვს საქართველოს მთავრობას. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 30 ივლისს მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, პრემიერის გადაწყვეტილებით, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი დამატებითი შენიშვნები გათვალიწინებული იქნება, სექტემბერში კი, როდესაც დაგეგმილია საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ვიზიტი საქართველოში, პარლამენტს წარედგინება მათივე შენიშვნებით შევსებული ახალი კანონპროექტი. იგივე გაიმეორა ჟურნალისტებთან საუბრისას ფინანსთან მინისტრმა ნოდარ ხადურმაც:

ნოდარ ხადური

ნოდარ ხადური

„სექტემბერში საქართველოში ჩამოვა სავალუტო ფონდის მისია და მათ შევთავაზებთ კონკრეტულ გეგმას, თუ რა ცვლილებები შევა მოქმედ კანონში“.

პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, თამაზ მეჭიაური, რომელმაც თქვა, რომ პრეზიდენტისგან ვერ მოისმინა ვეტოს დადების სასარგებლოდ ვერც ერთი მყარი არგუმენტი და რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთას ასრულებს. მეჭიაური აცხადებს, რომ უმრავლესობა ვეტოს აუცილებლად დაძლევს.

საპარლამენტო უმცირესობაში მიიჩნევენ, რომ მარგველაშვილის გადაწყვეტილება ამ ეტაპზე ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრის ნინო გოგუაძის განცხადებით, თუ უმრავლესობა ვეტოს დაძლევას გადაწყვეტს, მაშინ მათ მოუწევთ ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის აღება.

ეკონომიკის საკითხებში ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, ეროვნული ბანკის შემადგენლობიდან ფინანსური ზედამხედველობის სამსახურის გამოყოფა მხოლოდ ერთ მიზანს - საბანკო სისტემაზე პოლიტიკური კონტროლის დამყარებას - ემსახურება. ამ აზრისაა, მაგალითად, რომან გოცირიძე.

როგორც 31 ივლისს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა, პრეზიდენტის შენიშვნები პარლამენტს 31 ივლისსვე გაეგზავნება, პარლამენტი კი, რომელიც ამ ეტაპზე საზაფხულო არდადეგებზეა, ვეტოს დაძლევის საკითხს სექტემბერში, საშემოდგომო სესიაზე, განიხილავს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG