Accessibility links

logo-print

ვინ არის ირანის ახალი პრეზიდენტი, ჰასან როჰანი?


ჰასან როჰანი

ჰასან როჰანი

ირანში, 14 ივნისს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში ბევრისთვის მოულოდნელად გაიმარჯვა 64 წლის სასულიერო პირმა ჰასან როჰანიმ, რომელიც შედარებით ზომიერ პოლიტიკოსად ითვლება. უცხოეთში მას იცნობენ, როგორც 2003-2005 წლების ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის დელეგაციის ხელმძღვანელს. თუმცა, მის ბიოგრაფიაში არის, ასევე, არაერთი წარმატება აკადემიურსა და სამხედრო სფეროებშიც. გარდა ამისა, როჰანი გამოცდილი პარლამენტარიც არის. სხვადასხვა დროს მას მაღალი თანამდებობები ეკავა ირანის მთავრობაში.

როჰანი დაიბადა 1948 წელს, ჩრდილოეთ ირანის სემნანის პროვინციის ქალაქ სორხეში. საარჩევნო კამპანიისას როჰანი ამბობდა, რომ რელიგიურ და რევოლუციურ ოჯახში გაიზარდა. საკუთარი განათლებისთვის ფულს თვითონ შოულობდა. მისივე თქმით, ამ გამოცდილებამ ის „ფეხზე დააყენა“.

1960 წელს როჰანი ჩაირიცხა სემნანის სემინარიაში, თუმცა მალევე გადავიდა ყომში, ირანის რელიგიურ ცენტრში. შემდეგ მან დაამთავრა თეირანის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი. 28 მაისს როჰანიმ ამომრჩევლებს ტელევიზიით განუცხადა, რომ მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დიპლომი უცხოეთში მიიღო. თუმცა, ირანის რამდენიმე მედიასაშუალებამ (ძირითადად, საინტერნეტო გამოცემებმა) ეჭვქვეშ დააყენა როჰანის ადრინდელი განცხადებები, რომ ის გლაზგოს უნივერსიტეტში სწავლობდა.

ირანის 1979 წლის რევოლუციის შემდეგ როჰანი ირანის პარლამენტში მოხვდა და იქ ზედიზედ ხუთი ვადით იმუშავა 2000 წლამდე; იყო პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, თავდაცვის კომიტეტისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე.

1980-იან წლებში, ირან-ერაყის ომის დროს, როჰანი რეგიონულ სამმართველო შტაბსა და საჰაერო თავდაცვას ხელმძღვანელობდა. ომის დასრულების შემდეგ ის ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივანი გახდა. წლევანდელი საარჩევნო კამპანიის მსვლელობაში როჰანი ხაზს უსვამდა თავის ახლო კავშირს ირანის უზენაეს ლიდერებთან, აიათოლა რუჰოლა ხომეინისა და აიათოლა ალი ხამენეისთან.

ეროვნული უშიშროების უმაღლესი საბჭოს მდივნად მუშაობისას, 1989-2005 წლებში, როჰანი ასევე დაუახლოვდა პრეზიდენტებს აკბარ ჰაშემი რაფსანჯანისა და მოჰამედ ხათამის.

2003 წელს როჰანი სათავეში ჩაუდგა ირანის დელეგაციას ამ ქვეყნის ბირთვულ პროგრამაზე მოლაპარაკებებში. ამ პოსტზე მან იმუშავა 2005 წლამდე, პრეზიდენტად მაჰმუდ აჰმადინეჟადის არჩევამდე. აჰმადინეჟადისა და ბირთვულ მოლაპარაკებებში ირანის ამჟამინდელი წარმომადგენლის, საიდ ჯალილის არჩეული კურსი საპრეზიდენტო დებატების დროს გაცხარებული კამათის მიზეზი შეიქნა. სხვათა შორის, საიდ ჯალილი თავადაც იყრიდა კენჭს და პრეზიდენტის პოსტისთვის ჭიდილში როჰანის კონკურენტი იყო.

როჰანი დაუფარავად აკრიტიკებდა ჯალილის დასავლეთთან უკომპრომისო მიდგომისთვის, რასაც მოჰყვა კიდეც ირანის წინააღმდეგ დაწესებული საერთაშორისო სანქციები. როცა ბირთვულ მოლაპარაკებებს როჰანი ხელმძღვანელობდა, მან ევროპელ დიპლომატებს ურანის გამდიდრებისა და ცენტრიფუგების მშენებლობის შეჩერებაც შესთავაზა კეთილი ნების ნიშნად და დასავლეთთან უფრო ღრმა თანამშრომლობისთვის საფუძვლის ჩასაყრელად. თუმცა, ირანში როჰანის კრიტიკოსებმა ეს მოქმედება უკანდახევად მიიჩნიეს.

თავისი საარჩევნო კამპანიის სიმბოლოდ როჰანიმ გასაღები აირჩია. მისი თქმით, ეს სიმბოლო „პირდაპირ ასახავს შექმნილ სიტუაციას, რომელიც ჩაკეტილია და რომელსაც გააზრებული და იმედისმომცემი მთავრობა სჭირდება.“

როჰანი მხარს უჭერს საგარეო ურთიერთობების გაუმჯობესებას და ირანის ეკონომიკური კრიზისის გადასაჭრელად აპირებს ქვეყნის დიდძალი მატერიალური და ფიზიკური რესურსების გამოყენებას. შექმნილ კრიზისს ის აბრალებს „ერთპიროვნულ, შეუთანხმებელ გადაწყვეტილებებს“. პრობლემების გადაჭრას ის ხედავს ტურიზმის განვითარებასა და წარმოებაში კერძო სექტორის უფრო აქტიურად ჩართვაში.

ამასთანავე, როჰანი მხარს უჭერს გამოხატვის თავისუფლების უფრო მაღალ ხარისხს. ამომრჩევლებს ის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებასაც დაჰპირდა.

უკანასკნელი საარჩევნო მიმართვისას როჰანიმ აღნიშნა, რომ საკუთარი კარიერის მთავარ მიღწევებად მიაჩნია სპარსეთის ყურის ომში ირანის ჩაურევლობა, საუდის არაბეთთან უსაფრთხოების საკითხზე ხელშეკრულების დადება და შეერთებულ შტატებში 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების შემდეგ ირანის გონივრული პოზიცია.

მოამზადა ლუკა კალანდარიშვილმა
XS
SM
MD
LG