Accessibility links

„პუსი რაიოტის“ ახალი ვიდეოკლიპი თუ მიბაძვა?


კადრი ვიდეოკლიპიდან

კადრი ვიდეოკლიპიდან

რუსი ფემინისტების პანკ-ჯგუფმა „პუსი რაიოტმა“, რომელმაც სახელი გაითქვა 2012 წლის თებერვალში მოსკოვის მაცხოვრის ტაძარში ჩატარებული აქციით, სამშაბათს ახალი ვიდეოკლიპი გამოაქვეყნა. ამჯერად კრიტიკა მიმართულია რუსეთის ნავთობმრეწველობის წინააღმდეგ. მასში მხილებულია რუსეთის დამოკიდებულება ნავთობის ექსპორტზე, მოსკოვის რეჟიმი ირანთანაა შედარებული და დაგმობილია „პუსი რაიოტის“ წევრების დაპატიმრება. „პუსი რაიოტმა“, ექსკლუზიურად, რადიო თავისუფლებას და გაზეთ „გარდიანს“ გადასცა ახალი ვიდეოკლიპი. ჩვენი რადიოს კორესპონდენტი კლიპის გადაღებასაც კი დაესწრო.

„ბალანდა-პროპაგანდა, ბალანდა-პროპაგანდა“ - ამ სიტყვებით იწყება სიმღერა, რომლის სათაურია „როგორც წითელ ციხეში“.

სიმღერაში ჩამოთვლილია რამდენიმე უწყების და კომპანიის სახელწოდებები, შემოკლებები. მათ შორის არიან რუსეთის ფედერალური პენიტენციური სისტემა, საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო, კომპანიები „ლუკოილი“, „როსნეფტი“, „გაზპრომი“. „მიაღწიე რეგისტრაციას, ბოროტმოქმედები ნავთობის კოშკებზე, ნავთობი მაგიდებზე, სეჩინი ნიანგებთან ერთად - როგორც წითელ ციხეში“, მღერიან „პუსი რაიოტის“ წევრები. ვიდეოკლიპში ვხედავთ, რომ ერთ-ერთი მათგანი ნავთობს ასხამს რუსეთში უდიდესი ნავთობკომპანიის, „როსნეფტის“ ხელმძღვანელის, იგორ სეჩინის სურათს.

თავის ვებსაიტზე „პუსი რაიოტი“ აქვეყნებს ინფორმაციას, რომ ნავთობმრეწველობიდან რუსეთის შემოსავალმა 2012 წელს 7 ტრილიონამდე რუბლი, ანუ 201 მილიარდამდე დოლარი, შეადგინა, მაგრამ, როგორც პანკ-ჯგუფი წერს, მარტო პუტინი და მისი რამდენიმე მეგობარი ხედავენ ტრილიონებს. „ამის გამო გადავწყვიტეთ, დამოუკიდებლად გავეცნოთ ნავთობის წარმოებას და ვიმღეროთ ჩვენი ახალი სიმღერა ნავთობისა და გაზის მრეწველობის მუშათა წითელ ციხეზე“,- ვკითხულობთ „პუსი რაიოტის“ ბლოგში.

ახალი სიმღერის ტექსტში ნახსენებია ოპოზიციონერი აქტივისტი ალექსეი ნავალნიც - მოსკოვის მერობის კანდიდატად არჩევნებში მის მონაწილეობას შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სახელმწიფოს კუთვნილი ქონების მითვისების ბრალდებამ, რომლის საფუძველზეც ნავალნის წინააღმდეგ სასამართლო პროცესია დაწყებული. პროკურატურამ მისთვის ექვსი წლით პატიმრობის შეფარდება მოითხოვა.

ჩვენი რადიოს კორესპონდენტთან საუბარში „პუსი რაიოტის“ ერთ-ერთმა წევრმა, ზედმეტსახელად ტიურიამ, რომელიც საჯაროდ თავის ვინაობას არ ამხელს, გამოთქვა მოსაზრება, რომ „პუსი რაიოტის“ წევრების ნადეჟდა ტოლოკონიკოვასა და მარია ალიოხინას დაპატიმრების მიზანი „პუსი რაიოტისთვის“ ბოლოს მოღება იყო - სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი, დანარჩენებმა გავაგრძელოთ აქციები სახელმწიფოზე „პუსი რაიოტის“ გამარჯვების დასამტკიცებლადო, ამბობს „პუსი რაიოტის“ წევრი.

რუსი ფემინისტების პანკ-ჯგუფმა სახელი გაითქვა მას შემდეგ, რაც 2012 წელს მოსკოვში, მაცხოვრის ტაძარში ჩატარებულ პრეზიდენტ პუტინის მიმართ კრიტიკულ აქციას „პუსი რაიოტის“ რამდენიმე წევრის გასამართლება მოჰყვა. ორი მათგანი - მარია ალიოხინა და ნადეჟდა ტოლოკონიკოვა - ორ-ორწლიან პატიმრობას იხდის „რელიგიური სიძულვილით მოტივირებულ ხულიგნობაში“ ბრალდებით. მესამე, ეკატერინა სამუცევიჩი, რომელიც ასევე იყო დაპატიმრებული, პირობით არის განთავისუფლებული.

„პუსი რაიოტის“ ახალი ვიდეოკლიპის ავტორები როგორც ამბობენ, ნავთობმრეწველობაზე ფოკუსირებამ მათ სისტემის არსი დაანახვა - ის, თუ რატომ არიან ციხეში მათი და არა პუტინის მეგობრები.
როგორც ჩანს, ჯგუფის ყველა წევრი - ისინი ინკოგნიტოდ მოქმედებენ - არ იზიარებს ახალი პროექტის არსს. ეკატერინა სამუცევიჩმა, „პუსი რაიოტის წევრმა“, ვიდეორგოლის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ტვიტერის გზით ეჭვქვეშ დააყენა მასალის ავთენტურობა. დღეს გაოცებულებმა აღმოვაჩინეთ, რომ გვქონია ახალი რესურსი, გამოვიდა ახალი ვიდეორგოლი, რის შესახებაც არ იცოდა ჯგუფის არც ერთმა წევრმა, - წაიკითხავთ ტვიტერით გავრცელებულ კომენტარში და იქვე ამ პოსტის ავტორი მადლობას უხდის ყველას, ვინც ცდილობს მიბაძოს მათ ჯგუფს, სანამ რეალური წევრები სასამართლოებზე და ციხეებიდან ებრძვიან სისტემას. ამას მოჰყვა განმარტება, რომ სამუცევიჩი „ორიგინალურად“ ჯგუფის მხოლოდ იმ წევრებს თვლის, რომლებიც გაასამართლეს და აქციებში ვერ მონაწილეობენ. ამასთან ერთად, „პუსი რაიოტის“ სხვა წევრის, საპატიმროში მყოფი ნადეჟდა ტოლოკოლნიკოვას ქმარი, პიოტრ ვერზილოვი, რეკლამას უკეთებდა ვიდეოს ტვიტერის გზით. ტოლოკოლნიკოვა, ერთი ცნობით, ამ ახალი ტექსტის შექმნაში მონაწილეობას იღებდა. ვერზილოვის თანახმად, მისი ცოლი სხვა აზრისაა. ის იხდის სასჯელს სწორედ ამ „წითელ ზონაში“, მორდვეთში, და აქედანი მოდის სიმღერის დასახელებაც. ზემოხსენებული ტიურიას თქმით, სიმღერის ბოლო სიტყვები ტოლოკოლნიკოვას ეკუთვნის. ითვლება, რომ „პუსი რაიოტს“ სულ 15 მონაწილე ჰყავს. ესენი არიან პროფესიონალი მუსიკოსები, კინოოპერატორები, მხატვრები. სიმღერების ტექსტები ჰეტეროგენულია, რადგან ისინი კოლექტიური შემოქმედების ნაყოფია.
XS
SM
MD
LG