Accessibility links

logo-print

რუსეთში წელს 14 აპრილი პრეზიდენტისთვის შეკითხვების დასმის დღე იყო. ვლადიმირ პუტინმა არ უღალატა ტრადიციას და რამდენიმე საათი დაუთმო ჟურნალისტების, ექსპერტების, რიგითი მოქალაქეების შეკითხვებზე პასუხის გაცემას. პროგრამა „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“, რომელიც 2001 წლიდან გადის ეთერში, ამჯერადაც გულდასმით ინსცენირებული შოუ იყო: წარმოსახა გაწონასწორებული, თავაზიანი ლიდერი, რომელსაც ყველა შეკითხვაზე პასუხი აქვს და რომელსაც აშკარა აღტაცებით შესცქერიან კითხვის დამსმელები. ამჯერად შოუ დამთავრებული არ იყო, როცა უკვე გამოიკვეთა ერთგვარი „ვარსკვლავი“ შეკითხვებს შორის.

ალბათ, არ დარჩენილა მედიასაშუალება, რომ არ გაეშუქებინა 12 წლის გოგონას, ვარია კუზნეცოვას, შეკითხვა და მასზე რუსეთის პრეზიდენტის პასუხი. შეკითხვა პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა წაიკითხა.

ჟურნალისტი: „შარშან თქვით, რომ ობამას დახრჩობას გადაარჩენდით. მაგრამ ახლა პოროშენკო და ერდოანი რომ იხრჩობოდნენ, პირველს ვის გადაარჩენდით? - გეკითხებათ ვარია კუზნეცოვა,12 წლის“.

პუტინი: „ვარია... ვარია, რთულ მდგომარეობაში მაყენებ! არც კი ვიცი, რა ვთქვა... ასე ვიტყვი: თუ ვინმემ დახრჩობა გადაწყვიტა, მისი გადარჩენა უკვე შეუძლებელია (სიცილი და ტაში). მაგრამ, რასაკვირველია, მზად ვართ დახმარების ხელი და მეგობრობის ხელი გავუწოდოთ ჩვენს ნებისმიერ პარტნიორს, თუ ამას თვითონ ისურვებს“, - ასე უპასუხა პრეზიდენტმა პუტინმა 12 წლის ვარიას შეკითხვას პოროშენკოსა და ერდოანზე, ანუ იმ ქვეყნების - უკრაინის და თურქეთის - ლიდერებზე, რომლებთანაც მოსკოვი, რბილად რომ ვთქვათ, არ მეგობრობს.

თუმცა შეკითხვას, რას მოასწავებს რუსეთისთვის მეზობლებთან ურთიერთობის გაფუჭება, - ამ შეკითხვაში მეზობლების ჩამონათვალში იყო საქართველოც, - პუტინმა ასე უპასუხა: „ჩვენ არა ვართ და არც აღმოვჩნდებით მტრულ გარემოცვაში. ეს სრულიად გამორიცხულია! ჩვენ ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს ქვეყნების დიდ უმრავლესობასთან“.

სხვათა შორის, ამავე პროგრამაში, რომელიც პირდაპირ ეთერში გადასცა რუსეთის რამდენიმე მედიასაშუალებამ, პუტინმა ტერორისტებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა თურქეთის ლიდერები.

მართალია, პუტინი თანამემამულეებს უმტკიცებს, კარგი ურთიერთობა გვაქვს მსოფლიოს ქვეყნების დიდ უმრავლესობასთანო, ცნობილია, რომ რუსეთის წინააღმდეგ 2014 წლიდან მოქმედებს სანქციები, რომლებიც მას დასავლეთმა დაუწესა უკრაინის გამო. პუტინი არ მოელის, რომ სანქციები ახლო მომავალში გაუქმდება, ამიტომ არც მოსკოვი აპირებს დასავლეთიდან საკვები პროდუქტის იმპორტზე დაწესებული ემბარგოს მოხსნას.

„მთავრობა მცდარ ინფორმაციას არ გვაწვდის. ინფლაცია მართლაც არის 12,9%. ეს ცოტა არ არის! მაგრამ საკვებ პროდუქტს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. გარკვეულწილად, ეს არის შეგნებულად მოქმედების შედეგი - ვგულისხმობ საკვები პროდუქტების გაძვირებას. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ ხომ დასავლეთის სანქციებზე საპასუხო ზომის სახით დავაწესეთ შეზღუდვა უცხოეთიდან საკვები პროდუქტების შემოტანაზე“, - ითქვა პროგრამაში „პირდაპირი ხაზი ვლადიმირ პუტინთან“, რომლის მსვლელობაშიც პრეზიდენტმა მოსახლეობას განუმარტა: ეკონომიკური მდგომარეობის მხრივ, საქმე არც შავადაა, არც თეთრადო.

„ნაცრისფრადაა! გეტყვით, რატომ: ვითარება ჯერ არ გამოსწორებულა, მაგრამ მაინც, ტენდენცია დადებითია“, - თქვა პუტინმა.

შარშან რუსეთის მთლიანი ეროვნული პროდუქტი 3,7 %-ით შემცირდა, წელს, პუტინისვე თქმით, 0,3 %-ით კლებას მოელიან. სამაგიეროდ, მომავალ წელს, ამბობს პუტინი, საქმეუკეთ იქნება. შეკითხვები, რომლებსაც ის პასუხობდა, მას წინასწარ გაუგზავნეს, სულ, ცნობების თანახმად, სამ მილიონამდე შეკითხვა. პუტინმა, რომელიც 2000 წლიდან რჩება რუსეთის ლიდერად ხან პრეზიდენტის, ხან პრემიერ-მინისტრის რანგში, ბუნებრივია, მხოლოდ ნაწილს უპასუხა. თემებს შორის იყო პანამის დოკუმენტებთან დაკავშირებული სკანდალი, მთიანი ყარაბაღის კონფლიქტი, ომი სირიაში, არჩევნები შეერთებულ შტატებში, არჩევნები საკუთრივ რუსეთში, რამზან კადიროვი და პუტინის პირადი ცხოვრება.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG