Accessibility links

logo-print

რას უქადის უკრაინის მოქალაქეობა და ოდესის გუბერნატორობა სააკაშვილს?


პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი ოდესის ქუჩაში

პეტრო პოროშენკო და მიხეილ სააკაშვილი ოდესის ქუჩაში

ოდესის ოლქის გუბერნატორის პოსტზე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანიშვნამ განსხვავებული რეაქციები გამოიწვია. მაგალითად, თუკი ერთნი ფიქრობენ, რომ ეს ყველაფერი უკრაინის დახმარება და საქართველოს დეოკუპაციისთვის ბრძოლის განუყოფელი ნაწილია, ხოლო მეორენი ექსპრეზიდენტისთვის გუბერნატორის პოსტზე დანიშვნას უკანგადადგმულ შეურაცხმყოფელ ნაბიჯად მიიჩნევენ, მესამეთათვის ეს იმის მანიშნებელია, რომ სააკაშვილს აღარ ამოძრავებს საქართველოსთან დაკავშირებული უახლოესი პერიოდის პოლიტიკური გეგმები. პარალელურად, აქტუალურია კითხვები: იქნება თუ არა მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა სამართლებრივი ხელშეუხებლობის გარანტია და რა შეიცვლება მისთვის საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით? თემას ლელა კუნჭულია განავრცობს.

იურისტების განმარტებით, უკრაინის მოქალაქეობის მიღებით, მიხეილ სააკაშვილს ასევე მიეცა კონსტიტუციური გარანტია, რომ არ მოხდება კიევის მიერ მისი ექსტრადირება, საქართველოს პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე. თავს უფრო დაცულად მიიჩნევს თავად მიხეილ სააკაშვილიც და, თუკი „რუსთავი 2“-ისთვის მიცემული ინტერვიუს შინაარსით ვიმსჯელებთ, ის არ იზიარებს საყვედურებს საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის რისკთან დაკავშირებით, რადგანაც „ივანიშვილის მიერ დამკვიდრებული წესების მიხედვით“, საქართველოს მოქალაქეობა მას დაჭერის საფრთხეს უქმნიდა:

„ეს არის ექვსი კვადრატული მეტრი მატროსოვზე – ზუსტად ისე, როგორც სხედან ჩემი მეგობრები. ასე რომ, ეს არის დღეს ჩემთვის საქართველოს მოქალაქეობა... ის, ვინც ამისკენ მომიწოდებს, ეს არის ის, რომ, თურმე, უნდა გავცვალო შესაძლებლობა, რომ საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ევროპისთვის დიდი საქმეები გავაკეთო“.

როგორცკი გახდება ცნობილი ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, და ვალდებულიც არის, რომ დაიწყოს თვითინიცირებით ადმინისტრაციული წარმოება...

თუმცა, უკრაინის მოქალაქეობა საქართველოს ექსპრეზიდენტს ხელშეუხებლობის სრულ გარანტიას ვერ აძლევს. როგორც საერთაშორისო სამართლის ექსპერტი, იურისტი დავით ჯანდიერი განმარტავს ჩვენთან საუბრისას, საქართველოს ხელისუფლებას იმ შემთხვევაშიც შეუძლია განაგრძოს სისხლის სამართლებრივი დევნა, თუკი მიხეილ სააკაშვილი დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას. ჯანდიერის თქმით, ეს ფაქტი ხელს არ შეუშლის პროკურატურას, მოითხოვოს ძებნის გამოცხადება ინტერპოლის წითელი ცირკულარით (თუკი ამაზე დაითანხმებს ინტერპოლის ცენტრალურ ბიუროს) და ასევე, უკრაინის გარდა, ნებისმიერი სხვა ქვეყნისგან მოითხოვოს მისი ექსტრადირება.

რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეობის საკითხს, დავით ჯანდიერის განმარტებით, უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების ფაქტის გათვალისწინებით, საქართველოს ხელისუფლება, კონსტიტუციის მოთხოვნის საფუძველზე, ვალდებულია შეუწყვიტოს საქართველოს მოქალაქეობა მიხეილ სააკაშვილს და ამისთვის მკაცრად განსაზღვრული ვადაც არსებობს:

„როგორცკი გახდება ცნობილი ხელისუფლებისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ მიიღო სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტო უფლებამოსილია, და ვალდებულიც არის, რომ დაიწყოს თვითინიცირებით ადმინისტრაციული წარმოება ანდა შესაბამისი საკონსულო დაწესებულება ვალდებულია, რომ წარდგინებით მიმართოს იუსტიციის სამინისტროს. ამ პროცედურაში, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მიხედვით, ჩართული უნდა იყოს შესაბამისი მხარე, ვისაც უნდა შეუწყდეს მოქალაქეობა და გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა იყოს მიღებული, მაქსიმუმ, სამი თვის განმავლობაში“.

იუსტიციის სამინისტროს წიაღში მომზადებული დასკვნის საფუძველზე, ამა თუ იმ პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა პრეზიდენტის დისკრეციას წარმოადგენს და ასევე მხოლოდ პრეზიდენტს შეუძლია მიანიჭოს ამა თუ იმ პირს ორმაგი მოქალაქეობა. თუმცა, როგორც პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ განმარტა 1-ელ ივნისს, თუკი მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობის მიღება სურს, სავალდებულოა, რომ მან „მოტივირებული პირადი განცხადებით“ მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს. ასეთი რამ მიხეილ სააკაშვილს არ გაუკეთებია და, თუკი მის კომენტარებს გავითვალისწინებთ, ის არ აპირებს ასეთი ნაბიჯის გადადგმას. ექსპრეზიდენტი აღნიშნავს, რომ უკრაინის კანონმდებლობა მას ორი წლის განმავლობაში საშუალებას აძლევს არ დატოვოს საქართველოს მოქალაქეობა და თუკი საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით მას შეუწყდება საქართველოს მოქალაქეობა, ტრაგედია არ იქნება, რადგანაც ერთ დღეს, როდესაც ის დაბრუნდება საქართველოში, ქართველი ხალხი გააუქმებს ამ გადაწყვეტილებას, ისევე როგორც გააუქმებს მისთვის წაყენებულ ბრალდებებს. ამასთან, მისი თქმით, სხვა ქვეყნის მოქალაქეობას, პოლიტიკურ ბრძოლაში არც ედუარდ შევარდნაძისთვის შეუქმნია პრობლემა და არც ბიძინა ივანიშვილისთვის.

ამ შემთხვევაში, სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა, რადგანაც, თუ გაუმართლა, ის შეიძლება გმირად მოგვევლინოს; მაგრამ თუ არ გამოუვიდა, მაშინ ის ეჭვქვეშ დააყენებს მის პოლიტიკურ მომავალს ზოგადად...

წინამორბედის მიერ გადადგმულ ნაბიჯთან მიმართებით – „მკვეთრად ნეგატიური“ დამოკიდებულება გამოხატა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი აზრით, შეურაცხმყოფელიამიხეილ სააკაშვილის მიერ გადადგმული ნაბიჯი:

„საქართველოს პრეზიდენტს არ უნდა დაეტოვებინა საქართველოს მოქალაქეობა. ამით მან შეურაცხყოფა მიაყენა ჩვენს სახელმწიფოს, პრეზიდენტის ინსტიტუტს. ჩემი აზრით, კარიერაზე მნიშვნელოვანია ღირებულებები“.

რაც შეეხება ოდესის ოლქის გუბერნატორობას, საქართველოს ექსპრეზიდენტისთვის ამ პოსტს ბევრი უკანგადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. თუმცა, ასეთ მიდგომას არ ეთანხმება თავად მიხეილ სააკაშვილი, რომლისთვისაც უკრაინისთვის გაკეთებული საქმე საქართველოსთვის გაკეთებული საქმის ტოლფასია. ამაზევე ლაპარაკობენ „ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენლებიც.

სააკაშვილის გადაწყვეტილებაში მისთვის ჩვეულ აზარტულ ჟინს ხედავს პოლიტოლოგი კორნელი კაკაჩია და როგორც ის აღნიშნავს ჩვენთან საუბრისას, ექსპრეზიდენტმა გადაწყვიტა აიღოს ყველაფერი, ანდა უყველაფროდ დარჩეს:

„მან სასწორზე დადო ყველაფერი, ვთქვათ: მისი გავლენა, მისი პოლიტიკური წონა და თან საკმაოდ რისკიან რეგიონში, რომელიც, IRI-ის კვლევის მიხედვით, ყველაზე პრორუსულად ითვლება მთელ უკრაინაში. ამას ემატება პრობლემები მოლდოვას დნესტრისპირეთის საზღვართან დაკავშირებით და ძალიან მძიმე მდგომარეობაა. ამ შემთხვევაში, სააკაშვილი ვა-ბანკზე წავიდა, რადგანაც, თუ გაუმართლა, ის შეიძლება გმირად მოგვევლინოს; მაგრამ თუ არ გამოუვიდა, მაშინ ის ეჭვქვეშ დააყენებს მის პოლიტიკურ მომავალს ზოგადად“.

თუკი მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორის სახელის შენარჩუნებას მოახერხებს, კორნელი კაკაჩიას აზრით, მხოლოდ ამ შემთხვევაში გადაწყვეტს ის აქტიურად დაუბრუნდეს საქართველოს შიდაპოლიტიკურ სარბიელს. ანალიტიკოსი ფიქრობს, რომ ექსპრეზიდენტ სააკაშვილს, ამ მხრივ, ახლო მომავალის გეგმები არა აქვს. მითუმეტეს, რომ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით, ის ვეღარ შეძლებს იყოს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG