Accessibility links

„საერთაშორისო სავალუტო ფონდმა“ კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკურ ტენდენციებსა და პროგნოზებზე პრეზენტაცია გამართა. უმთავრესი რეკომენდაცია, გაზრდილი გეოპოლიტიკური დაძაბულობისა და მასთან დაკავშირებული რუსეთის ეკონომიკის შენელების ფონზე, ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარებაა.

2014-2015 წლებში რეგიონში პროგნოზირებულია მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის შემცირება 2013 წელს არსებული 7 პროცენტიდან 5,5 პროცენტამდე. საქართველოს ეკონომიკის პროგნოზირებული ზრდა მომავალი წლისთვისაც 5- პროცენტიან ნიშნულს უტოლდება. ინფლაციის პროგნოზირებული მაჩვენებელი 2015 წლისთვის 4,9 პროცენტია. ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოსთვის ევროკავშირთან გაფორმებული „ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების“ სრულად გამოყენება საშუალოვადიან პერსპექტივაში შესაძლებელი იქნება კაპიტალის ბაზრების შემდგომი განვითარებით, ახალი საპენსიო სისტემის შემოღებითა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებით.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის“ თქმით, ამ ეტაპზე რუსეთის კრიზისს საქართველოს ეკონომიკაზე გავლენა არ მოუხდენია, მზარდი სავაჭრო ურთიერთობებისა და ფულადი გზავნილების მიუხედავად, თუმცა, მათი პროგნოზით, რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის დაცემა ერთი პროცენტული პუნქტით გამოიწვევს კავკასიისა და ცენტრალური აზიის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის დაახლოებით 0,3, ხოლო ნავთობის იმპორტიორი ქვეყნების ზრდის 0,7 პროცენტული პუნქტით შემცირებას.

ნავთობპროდუქტებზე ფასების კლების ტენდენციის შენარჩუნება ხელს შეუწყობს ეკონომიკის უფრო მაღალ ზრდას საქართველოში და შეამცირებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს. რაც შეეხება რეგიონის ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, მათ ნავთობზე დაბალი ფასის ხანგრძლივად შენარჩუნების შემთხვევაში, მოსალოდნელია მათი ფისკალური და საგარეო პროფიციტის გაუარესება.

სავალუტო ფონდის კვლევამ ცხადყო, რომ პოტენციური ეკონომიკური ზრდის შესუსტება კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონში უფრო მკვეთრი იყო, ვიდრე მსოფლიოს სხვა რეგიონებში. აღნიშნული რეგიონის პროდუქტიულობა შესუსტდა და შენელდა რეფორმების გატარებაც, რაც ხელს შეუწყობს უმუშევრობის, ემიგრაციისა და უთანაბრობის არსებული დონის შენარჩუნებას.

რეკომენდებულია ძირეული რეფორმების გატარება მმართველობის, ზედამხედველობის ხარისხისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით, რაც ხელს შეუწყობს პროდუქტიულობის, ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების ზრდას. პრიორიტეტულია ეკონომიკის დივერსიფიცირება, კომპანიებისა და შინამეურნეობებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, ბიზნესკლიმატის გამტკიცება და დაბალანსებული რეგიონალური და გლობალური სავაჭრო ინტეგრაცია. სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს „საერთაშორისო სავალუტო ფონდიც“, რომელიც ქვეყნებს უწევს დახმარებას პოლიტიკის შესახებ რჩევის, ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერის მიმართულებებით.

XS
SM
MD
LG