Accessibility links

გიტარისტი, სიმღერების ავტორი და მომღერალი როკია ტრაორე 1974 წელს მალიში დაიბადა. მუსიკალური განათლება ბამაკოს კოლეჯში მიიღო, სადაც ჯერ კიდევ სტუდენტობისას მართავდა კონცერტებს. მამამისი დიპლომატიურ სამსახურში გახლდათ, რის გამოც ოჯახთან ერთად ხშირად უწევდა სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობა. ერთ-ერთი ასეთი ვიზიტისას როკიამ ბელგიაში დარჩენა გადაწყვიტა და ბრიუსელის კონსერვატორიაში ჩააბარა. პირველი ჩანაწერებიც, რომლებმაც სამშობლოში დიდი პოპულარობა მოუტანა, სწორედ ევროპაში გააკეთა, 1997 წელს კი ფრანგული რადიო RFI-ის მიერ გამართულ ვოკალისტების კონკურში გაიმარჯვა და წლის აღმოჩენის სტატუსი მოიპოვა. პრესტიჟულ მუსიკალურ ფორუმზე წარმატებას პირველი ალბომი, Mouneissa, მოჰყვა. "დამწყები არტისტის მიერ ევროპელი მსმენელისათვის საავტორო სიმღერების შეთავაზება, თანაც მელომანებისთვის გაუგებარ ენაზე მათი შესრულება გარკვეულ რისკს უკავშირდება და ხშირ შემთხვევაში ყურადღების მიღმა რჩება, თუმცა როკია ტრაორეს სადებიუტო ნამუშევარი აფრიკული ხალხური მელოდიების ინტერპრეტირების უნარითა და არაორდინარული ვოკალური მონაცემებითაა განსაკუთრებული" - ასე შეაფასეს კრიტიკოსებმა არტისტის პირველი ნაბიჯი. მართლაც, მალიში მცხოვრებ ბამბარას ხალხთა ენაზე შესრულებული სიმღერების წყალობით, როკია ტრაორემ ევროპულ სცენაზე ღირსეული ადგილის დაკავება შეძლო.

2000 წელს როკია ტრაორემ ალბომი Wanita გამოსცა. სახელოვანმა მუსიკალურმა გამოცემებმა, როგორებიცაა Billboard-i, New York Times-ი და ბრიტანული fRoots-ი, წლის საუკეთესო ნამუშევრად გამოაცხადეს "მსოფლიო მუსიკის" ჟანრში. დისკის გამოცემას საგასტროლო ტურნეც მოჰყვა და არტისტის ამერიკული საკონცერტო დებიუტიც შედგა. რიგით მესამე პროექტი Bowmboï კი, როკია ტრაორესა და ცნობილი ამერიკული სიმებიანი კვარტეტის Kronos Quartet-ის თანამშრომლობით შეიქმნა. ალბომმა, გარდა BBC Radio 3-ის პრესტიჟული პრემიისა, მომღერალს ჯაზური სცენისკენაც გაუხსნა გზა. 2005 წელს მალელი არტისტი დაიან რივზმა საკუთარ ტურნეში მიიწვია, რომელიც ბილი ჰოლიდეის ხსოვნის პატივსაცემად გაიმართა. დუეტში მათ ჯორჯ და აირა გერშვინის ლეგენდარული სიმღერა The Man I Love შეასრულეს. თხზულების ქავერ ვერსია მოგვიანებით როკიას 2008 წლის ალბომშიც მოხვდა. მან, გარდა არნახული ფინანსური წარმატებისა, რამდენიმე ჯილდოც დაიმსახურა, მათ შორის - წლის საუკეთესო შემსრულებლის სახელიც. ალბომ Tchamantché-ს მხარდასაჭერი ტურნე 2 წლის მანძილზე გრძელდებოდა, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს მასშტაბით 200 კონცერტი გაიმართა.

2016 წელი როკია ტრაორესათვის საკმაოდ საინტერესოდ დაიწყო: ცნობილმა ფრანგმა მესაყვირე ერიკ ტრიუფამ საკუთარ ალბომზე სამუშაოდ მიიწვია. ესიდ და ნუ-ჯაზის ჟანრში შექმნილ დისკზე მომღერალმა რამდენიმე ტრეკში გამოიჩინა თავი. კოლაბორაციას მოჰყვა რიგით მე-6 სოლო ალბომი, სახელწოდებით "Né So" (სახლი), რომლის პროდიუსერობა, ბრიტანელ ჯონ პერიშთან ერთად, ჯგუფ "Led Zeppelin"-ის ლეგენდარულმა ბასგიტარისტმა ჯონ პოლ ჯონსმა იტვირთა. როკია ტრაორეს მხარში მუსიკოსი დევენდრა ბანჰარტიც დაუდგა. მისი რჩევით, ალბომის აკუსტიკური მრავალფეროვნებისათვის იტალიელი გიტარისტი სტეფანო პილია, ბურკინა-ფასოელი დრამერი მოის უატტარა და მალელი მულტიინსტრუმენტალისტი მამა დიაბატეც დაიმატეს. ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო, წარმოდგენილი მასალა აფრო-პოპის, ჯაზის, ფრანგული შანსონისა და მალის ხალხური მუსიკის დიდებულ სინთეზს წარმოადგენს. ალბომში ერთი ძველი, ულამაზესი სიმღერის ქავერიც მოხვდა, რომლის ამოცნობაც ნამდვილად არ გაგიჭირდებათ.

ამავე თემაზე

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG