Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2015 წლის 30 სექტემბერი


„ტურისტი გზის გასაყარზე“ - ასეა დასათაურებული გაზეთ „კომერსანტში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც საუბარია იმაზე, თუ როგორ ნეგატიურ გავლენას ახდენს ეკონომიკური კრიზისი რუსეთში ტურიზმის ბიზნესის განვითარებაზე. კერძოდ, პუბლიკაციიდან ირკვევა, რომ ბოლო დროს რუსეთის მოქალაქეები სულ უფრო ნაკლებს მოგზაურობენ. „როსტურიზმის“ მონაცემებით, მიმდინარე წელს რუსეთის ზრდასრული მოსახლეობის 15-მა პროცენტმა ზაფხული შინ გაატარა და არსად არ გაემგზავრა. გარდა ამისა, 2015 წლის პირველ კვარტალში 40 პროცენტით (ორი მილიონი ადამიანით) შემცირდა იმ რუსი ტურისტების რაოდენობა, რომლებიც საზღვარგარეთ ამჯობინებენ დასვენებას. სტატიის მიხედვით, ამგვარი დინამიკის მიუხედავად, ვერ ხერხდება შიდატურიზმის სათანადოდ განვითარება, რასაც ხელს უშლის ცუდი ინფრასტრუქტურა და სერვისის დაბალი დონე. ამის გამო რუსეთის მოქალაქეები ცდილობენ დაისვენონ საზღვარგარეთ შედარებით იაფ კურორტებზე. ამასთან, რუსი ტურისტების 32 პროცენტი თურქეთის კურორტებს ამჯობინებს, 19 პროცენტი - ეგვიპტისას, ხოლო 12 პროცენტი - საბერძნეთისას.

რაც შეეხება ტურისტულ მარშრუტებს რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, „კომერსანტის“ ცნობით, რუსეთის მოქალაქეებმა ყველაზე მეტი ბილეთი შეიძინეს მოსკოვიდან კიშინიოვის, კიევის, მინსკის, ოდესისა და ერევნის მიმართულებით, ხოლო სეზონის აღმოჩენად იქცნენ სომხეთი და საქართველო - ამ ორმა ქვეყანამ მთაში დასვენების მოყვარული რუსი ტურისტებისთვის ნაწილობრივ ჩაანაცვლა ევროპის ალპები.

„სმარტფონები ჩინურად“ -ამ სტატიაში, რომელსაც გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ აქვეყნებს, საუბარია რუსეთის მობილური ტელეფონების ბაზარზე ჩინური სმარტფონების ექსპანსიის შესახებ. კომპანია „ვიმპელკომის“ მონაცემებით, რუსეთში ჩინური სმარტფონების რიცხვმა გადააჭარბა სხვა მწარმოებლების მიერ გამოშვებული მოწყობილობების რაოდენობას. ამასთან, მომხმარებლები, რომლებიც პირველ სმარტფონს ყიდულობენ, კრიზისის პირობებში ამჯობინებენ შედარებით იაფ მოდელებს. სტატიის მიხედვით, 2015 წლის აგვისტოს მონაცემებით, „ვიმპელკომის“ სმარტფონიანი აბონენტების 30 პროცენტი სწორედაც რომ ჩინური ნაწარმით სარგებლობს. „როსბიზნესკონსალტინგისათვის“ მიცემულ ინტერვიუში კომპანიის წარმომადგენელი ანა აიბაშევა ჩინური ტელეფონების გაყიდვის მაღალ მაჩვენებელს ასეთ ახსნას უძებნის: გაიზარდა ჩინური ნაწარმისადმი ნდობა, ანუ ჩინური აღარ ნიშნავს იმას, რომ ტელეფონი მეორე დღეს უნდა გაფუჭდეს, მაგრამ ამის პარალელურად მომხმარებლებში დარჩა სიიაფის აღქმა, ანუ „ჩინური“ ნიშნავს „იაფს“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსეთის კომუნისტური პარტიის მორიგი წარმატების შესახებ წერს. საქმე ისაა, რომ ირკუტსკის ოლქში გუბერნატორის არჩევნებში გაიმარჯვა რუსეთის ფედერაციის კომუნისტური პარტიის წარმომადგენელმა სერგეი ლევჩენკომ, რომელიც რიგით მეორე კომუნისტი გუბერნატორია. გაზეთის რედაქცია შექმნილ ვითარებას ადარებს გასული საუკუნის 90-იანი წლების ფენომენს - ე.წ. „წითელ სარტყელს“, ანუ იმ რეგიონების ერთობლიობას, რომელთა ელექტორატი, ტრადიციულად, ხმას აძლევს კომუნისტებს, ანუ ირჩევს „წითელ გუბერნატორებს“. ამჟამად კომუნისტი გუბერნატორი ჰყავს ორლოვის ოლქსაც, თუმცა, სტატიის მიხედვით, კომუნისტების გამარჯვება ასევე მოსალოდნელია სხვა რეგიონებშიც - მაგალითად, ომსკის ოლქში, სადაც კომუნისტების კანდიდატმა გასულ არჩევნებში ხმების 30 პროცენტი მიიღო, ხოლო ნოვოსიბირსკის მერი სულაც კომუნისტია. სტატიის ბოლოს ჩამოთვლილია ე.წ. პერსპექტიული რეგიონები, რომლებშიც მოსალოდნელია კომუნისტური პარტიის კანდიდატების გამარჯვება. ესენია: სახალინის, კალუგის, კოსტრომისა და ებრაელთა ავტონომიური ოლქები.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG