Accessibility links

logo-print

„ექსტრემისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლები პანკისის ხეობაში ატარებენ წვრთნებს“ - ასეთი სათაური აქვს წამძღვარებული საქმიან გაზეთ „ვზგლიადში“ გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ყოველწლიური შემაჯამებელი პრესკონფერენციის ძირითადი ასპექტებია გადმოცემული. სათაურში გამოტანილი ფრაზაც რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ეკუთვნის. მისი თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც რუსეთმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გაამკაცრა, იყო ის, რომ პანკისის ხეობიდან მომდინარეობდა ტერორისტული საფრთხე: „ვიმედოვნებთ, რომ თანამშრომლობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ, არ იქნება იგნორირებული და კოალიცია, ამერიკის შეერთებული შტატების ხელმძღვანელობით, გამოავლენს თავის რიგებში იმათ, ვინც გულწრფელი არაა „ისლამურ სახელმწიფოსთან“ და სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლაში“.

„ნეზავისიმაია გაზეტა“ კი რუსეთის ეკონომიკის პრობლემებზე წერს სტატიაში, რომლის სათაურია „რუსეთში შრომა იაფდება - რეალური შემოსავლები 9,5 პროცენტით შემცირდა“. პუბლიკაციაში მოტანილია „როსტატის“ მონაცემები, რომელთა მიხედვითაც, რუსეთში უმუშევრობის საერთო მაჩვენებელი 7,4 პროცენტით გაიზარდა, ხოლო დარეგისტრირებული უმუშევრებისა კი - 9,2 პროცენტით. ამასთან, რუსეთის მოქალაქეების მესამედი ელოდება სამსახურიდან გათავისუფლებას ან ხელფასის შემცირებას. რეგიონებში უკვე შეინიშნება ლოკალური შრომითი კონფლიქტები და ორგანიზებული გამოსვლები.

რუსეთის სტატისტიკის სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, ბოლო ერთი წლის განმავლობაში საშუალო ნომინალური ხელფასი 1,6 პროცენტით გაიზარდა, თუმცა იმის გამო, რომ ინფლაცია 12,9 პროცენტია, დარიცხული ხელფასის მსყიდველუნარიანობა თითქმის 10 პროცენტით შემცირდა. ასეთივე მდგომარეობაა, ზოგადად, შემოსავლის თვალსაზრისითაც: ნომინალურ გამოხატულებაში გაიზარდა, თუმცა რეალურად 4 პროცენტით შემცირდა, რაც ბოლო თხუთმეტი წლის რეკორდულად ცუდი მაჩვენებელია. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები ყოველდღე ელოდებიან სამსახურიდან გათავისუფლებას, არასრულ სამუშაო კვირაზე გადაყვანას ან ხელფასის შემცირებას. რუსეთის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ცენტრის გამოკვლევის მიხედვით, ნეგატიური მოლოდინი ყველაზე მეტად გამოკვეთილია დაბალშემოსავლიან ჯგუფებში, რომლებიც რუსეთის მოსახლეობის მესამედს შეადგენენ. ასევე მძიმე მდგომარეობაში არიან დაბალი კვალიფიკაციის მშრომელები, რომელთა თითქმის ნახევარი სამსახურის დაკარგვის მოლოდინშია.

„კორუფციის დონით რუსეთი აზერბაიჯანს დაეწია“, - წერს გაზეთი „კომერსანტი“, რომელიც ავტორიტეტული ორგანიზაციის „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ მიერ გამოქვეყნებულ კორუფციის ინდექსს აქვეყნებს. რუსეთის ფედერაციამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მაჩვენებელი გაიუმჯობესა და 100-დან 29 ქულით 136-ე ადგილიდან 119-ზე გადავიდა, სადაც ასევე იმყოფებიან აზერბაიჯანი, გაიანა და სიერა-ლეონე.

2015 წლის კორუფციის აღქმის ინდექსის თანახმად, კორუფციის აღქმის დონე მსოფლიოს მასშტაბით ყველაზე დაბალია დანიაში (91 ქულა), ფინეთსა (90 ქულა) და შვედეთში (89 ქულა), ყველაზე მაღალი კი – ჩრდილოეთ კორეასა და სომალიში (8 ქულა).

„კომერსანტი“აქვეყნებს ასევე სტატიას რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ შექმნილი ანტიკორუფციული საბჭოს მუშაობის შესახებ. როგორც პუბლიკაციიდან ირკვევა, საბჭოს წევრებს შეხვდა თავად ვლადიმირ პუტინი, რომლის კორუფციული საქმიანობის არნახულ მასშტაბებზე სულ ახლახან ბრიტანეთის სამაუწყებლო კომპანიამ დოკუმენტური ფილმი მოამზადა. პუტინმა სტატისტიკური მონაცემების მოშველიებით, შეაქო საბჭოს მუშაობა და, ზოგადად, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა. მისი თქმით, 2015 წლის განმავლობაში რუსეთში კორუფციის ბრალდებით 9 ათასამდე ადამიანი მიეცა პასუხისგებაში, ხოლო 11 ათას თანამდებობის პირს ანტიკორუფციული სტანდარტების დარღვევის გამო დისციპლინური სასჯელი დაეკისრა, თუმცა კორუფციის შედეგად მიტაცებული 16 მილიარდი რუბლიდან რუსეთის სახელმწიფომ მხოლოდ 600 მილიონის დაბრუნება შეძლო. სტატიის ფინალში „კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, ბოლო დროს რუსი სახელმწიფო მოხელეები საგრძნობლად შეიცვალნენ, რაზეც თუნდაც ის ფაქტი მეტყველებს, რომ 2015 წლის განმავლობაში დაახლოებით 6 ათასმა მოხელემ თავად შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს, რომ კორუფციაში ჩათრევას უპირებდნენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG