Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის პრესის მიმოხილვა. 2016 წლის 6 აპრილი


გაზეთ „ვედომოსტიში“ გამოქვეყნდა სტატია, სათაურით „პუტინმა განაცხადა, რომ იქმნება ეროვნული გვარდია“. სტატიაში ლაპარაკია იმაზე, რომ შეიქმნება რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროსაგან დამოუკიდებელი ახალი უწყება, რომლის მთავარი ამოცანა იქნება ბრძოლა ტერორიზმსა და ორგანიზებულ დანაშაულთან.

ეროვნული გვარდია შეასრულებს განსაკუთრებული დანიშნულების რაზმის, ომონის, ფუნქციას. ამასთან, ვლადიმირ პუტინი აპირებს ეროვნული გვარდიის დაფუძნებას არა მხოლოდ განკარგულების, არამედ ფედერალური კანონების დონეზე. „ვედომოსტის“ ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ახალი უწყება შეიქმნება შინაგანი ჯარის ბაზაზე, ხოლო მიგრაციისა და ნარკოტიკების მიმოქცევაზე კონტროლის ფედერალური სამსახურები შეუერთდებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს.

გაზეთი „როსბიზნესკონსალტინგი“ კი წერს იმ რეაქციაზე, რომელიც მოჰყვა რუსეთში პანამის საადვოკატო ბიუროს Mossack Fonseca-ს არქივის გამოქვეყნებას. საქმე ისაა, რომ არქივის რუსული ნაწილი ძირითადად დაკავშირებულია რუსეთის პრეზიდენტის მეგობრებისა და მაღალი თანამდებობის მქონე ფუნქციონერების გადარიცხვებსა და მსხვილი კომპანიების აქციათა პაკეტების ფლობასთან, თუმცა, როგორ გაზეთი წერს, არც გენერალურ პროკურატურას, არც ფინანსური მონიტორინგის სამსახურსა და არც საგამოძიებო კომიტეტს არ განუცხადებიათ, რომ აპირებენ პანამის დოკუმენტების შესწავლას. სამაგიეროდ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ამ შეტევის მახვილი წვერი, პირველ რიგში, მიმართულია რუსეთისა და პირადად პრეზიდენტ პუტინისაკენ. არადა, როგორც სტატიის ავტორი წერს, რუსეთში ოფშორული ზონები პოპულარულია ქონების დამალვის შესაძლებლობის გამო. „დასავლეთი მალავს გადასახადებს, რუსეთი კი - ქონებას“, - წერს რუსული გამოცემა.

„შესაძლებელი იქნებოდა სამხრეთ ოსეთის ეკონომიკის მხარდაჭერა“ - ასეთი სათაურით გამოაქვეყნა „კომერსანტმა“ სტატია, რომელშიც ყურადღება გამახვილებულია თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემების გადაჭრის გზებზე. როგორც ირკვევა, საქართველოს სეპარატისტული რეგიონის ადმინისტრაცია მორიგი რეფერენდუმისათვის ემზადება:

„რეფერენდუმზე კენჭს უყრიან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებას. მხარდაჭერის შემთხვევაში, სამხრეთ ოსეთს საშუალება ექნება მიმართოს რუსეთს ერთიანი საკავშირო ორგანოს შექმნისა და მისთვის სახელისუფლებო უფლებამოსილების გადაცემის მოთხოვნით“.

„კომერსანტი“ მკითხველს სთავაზობს სტრატეგიული კვლევებისა და ანალიზის ცენტრის - „რუსეთი-აღმოსავლეთი-დასავლეთი“ - დირექტორის ვლადიმირ სოტნიკოვის კომენტარს, რომლის მიხედვითაც, სამხრეთ ოსეთი რუსეთთან საკავშირო სახელმწიფოს შექმნით ცდილობს თავი დაიზღვიოს ეკონომიკური და პოლიტიკური პრობლემებისაგან, რადგანაც მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავებამ აჩვენა, რომ არანაირი გარანტია არ არსებობს იმისა, რომ გარკვეულმა ძალებმა არ სცადონ სამხრეთ ოსეთის დაბრუნება საქართველოს შემადგენლობაში. რაც შეეხება ეკონომიკური პრობლემების გადაჭრის გზებს, თუ შეიქმნება ერთობლივი სახელმწიფო, მაშინ, ცხადია, საბიუჯეტო დოტაციას ისევე მიიღებს სამხრეთ ოსეთი, როგორც იღებს, მაგალითად, ჩეჩნეთის რესპუბლიკა, თუმცა, როგორც „კომერსანტს“ კარნეგის მოსკოვის ცენტრის წარმომადგენელმა ალეკსეი მალაშენკომ უთხრა, რუსეთისთვის ეს საკითხი უფრო პოლიტიკური ნიშნის მატარებელია, ვიდრე ეკონომიკურის, ხოლო მთავარი შეკითხვა კი ასე ჟღერს: აძლევს კი ხელს რუსეთს ყირიმის მსგავსი ვარიანტის გამეორება? ცხადია, ყოველივე ამას მოჰყვება დამატებითი კონფრონტაცია, რაც რუსეთს დღესდღეობით არაფერში სჭირდება.

„ახალი იზვესტიის“ ცნობით, შარშან საზღვარგარეთ სამოგზაუროდ წასული რუსეთის მოქალაქეების რაოდენობა 31 პროცენტით შემცირდა. რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერის ოლგა გოლოდეცის განმარტებით, ამგვარი კლება გამოიწვია რუბლის დევალვაციამ და რუსი ტურისტებისათვის ეგვიპტისა და თურქეთის ფაქტობრივმა ჩაკეტვამ. სამაგიეროდ, რუსეთის ტურისტული ინდუსტრიის კავშირის მონაცემებით, 200 პროცენტით გაიზარდა ტურისტების რაოდენობა ყირიმის, ხოლო 100 პროცენტით სოჭისა და კრასნოდარის მხარის მიმართულებით.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG