Accessibility links

აფხაზეთი: საქართველო რუსეთის საწინააღმდეგო გეგმაზე ფიქრობს


ჯერჯერობით უცნობია, თუ რა კონკრეტულ ქმედებებს დაუპირისპირებს საქართველო რუსეთის მიერ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის შესაძლო ანექსიის გეგმას. კონკრეტული წინადადებების შემუშავება დღეს,18 ოქტომბერს, - უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის ფარგლებში - სახელმწიფო უწყებებს პრემიერ-მინისტრმა დაავალა. არ გამართლდა საზოგადოების მოლოდინი, რომ ცნობილი გახდებოდა აფხაზი თანამოქალაქეებისთვის შესათავაზებელი იდეის შინაარსი.

რამდენიმესაათიანი მსჯელობის შემდეგ, უსაფრთხოების საბჭოს გაფართოებული სხდომის შედეგი საბჭოს მდივნის მიერ შეჯამდა. როგორც მინდია ჯანელიძემ უთხრა მედიის წარმომადგენლებს, რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელშეკრულების გაფორმების სამზადისთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრმა სახელისუფლებო სტრუქტურებს საგანგებო დავალება მისცა:

”უახლოეს დღეებში უნდა წარმოადგინონ კონკრეტული სამოქმედო გეგმა. ეს გულისხმობს როგორც საგარეო აქტივობებს, ასევე სხვა მიმართულებით აქტივობებს. ყველა ის საერთაშორისო მექანიზმი, ყველა ის მექანიზმი, ზოგადად, რაზეც ჩვენს ქვეყანას ხელი მიუწვდება, გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად”.

წინასწარი ინფორმაციით, სწორედ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, გაგრძელდება პრაღის ფორმატი, რომლის ფარგლებშიც ერთმანეთს ხვდებიან საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი. სწორედ ორიოდე დღის წინ გამართული ასეთი შეხვედრის ფარგლებში დაადასტურა კარასინმა მოსკოვის მტკიცე განზრახვა, მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულება გააფორმოს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკასთან. გავიხსენოთ, რომ ამ ხელშეკრულების შინაარსმა შეშფოთება გამოიწვია სოხუმშიც, ”სუვერენიტეტის დაკარგვის” საფრთხეების გამო. ბოლო ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფი ადგილობრივ ე.წ. პარლამენტში ”ხელშეკრულების ახალი პროექტის” შემუშავებით არის დაკავებული, რაც, დიდი ალბათობით, რუსეთის უკმაყოფილებას გამოიწვევს.

პარალელურად, კითხვის ნიშნები უკავშირდება რუსეთ-საქართველოს სამომავლო ურთიერთობებს. საქართველოს ხელისუფლების ოპონენტები კვლავაც თვლიან, რომ აბაშიძე-კარასინის შეხვედრების ფორმატი უნდა გაუქმდეს. აფხაზეთის ტერიტორიის ანექსიის გეგმის ფონზე, პრაღის ფორმატის გადახედვასთან დაკავშირებით გარკვეული აზრთა სხვადასხვაობაა მმართველ კოალიციაშიც. ამის შესახებ მოსაზრებები უკვე გამოთქმული ჰქონდათ უმრავლესობის წარმომადგენელ დეპუტატ თედო ჯაფარიძეს და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანს ირინა იმერლიშვილს; 18 ოქტომბერს კი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ალექსი პეტრიაშვილმა აღნიშნა, რომ ”ეს არხი თავის რესურსს წურავს”. თუმცა უსაფრთხოების საბჭოს სხდომამდე გაკეთებულ ამ განცხადებას საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განსხვავებული შინაარსის განცხადება მოჰყვა:

”ზურაბ აბაშიძე რჩება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში. შემდგომი შეხვედრის გამართვის საკითხი, როგორც ასეთი, დღეს დღის წესრიგში არ დგას, მაგრამ ეს შეხვედრა გაიმართება, საქართველოს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე”.

საზოგადოების დიდი ნაწილი მოელოდა, რომ 18 ოქტომბერს, უსაფრთხოების საბჭოს სხდომის დასრულების კვალდაკვალ, გახმაურდებოდა პრემიერ-მინისტრის იდეა, რომლის არსებობის შესახებაც ის რამდენიმე დღით ადრე ლაპარაკობდა:

”მე ვაპირებ... მე მაქვს იდეა აფხაზებთან მიმართებაში, ვინაიდან მე ძალიან ბევრს ვფიქრობ მათ ბედზე და, ზოგადად, მათ მომავალზე, როგორც ჩვენს მოძმე ერზე და ჩვენს ძმებზე. თუმცა მე მანამდე თავს შევიკავებდი ამ იდეის საჯაროდ გაჟღერებისგან, ვინაიდან მე ჯერ მსურს, რომ უსაფრთხოების კაბინეტის ფორმატში და გუნდში მოხდეს ამ იდეის განხილვა და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ საჭიროდ ჩავთვლით, გახდება საჯარო...”

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კონკრეტულად არაფერია ცნობილი და პრემიერის იდეა, სავარაუდოდ, მომავალ კვირაში გახმაურდება, პროცესის შედეგიანობაში უკვე ეჭვი ეპარება ანალიტიკოსების ერთ ნაწილს. მაგალითად, როგორც ირაკლი ტაბლიაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, შეთავაზების წარმატებისთვის შესაბამისი ნიადაგი არ არის მოსინჯული და მომზადებული:

”მიუღებელი იქნება დე ფაქტო ხელისუფლებისათვის და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილისათვის აფხაზეთში, პირველ რიგში, იმიტომ რომ მათ მეტი გარანტიები აქვთ მიღებული რუსეთისაგან, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მათგანი ხვდება, რომ რუსეთი ამ ტერიტორიის ფაქტობრივ ანექსიას ახდენს. უფრო მნიშვნელოვანი კი არის ის, რომ არანაირი გამოკვლევა, არანაირი ანალიზი არა გვაქვს იმისა, რეალურად როგორ აღიქვამს თუნდაც ყველაზე კარგ წინადადებას აფხაზური საზოგადოება და დე ფაქტო ხელისუფლება. ჩვენ არ ჩაგვიტარებია არც ერთი დახურული თუ ღია შეხვედრა დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან, იქაური საზოგადოების წარმომადგენლებთან, იქაური საზოგადოების ავტორიტეტულ ფიგურებთან, ვის სიტყვასაც იზიარებენ ენგურს გაღმა... ასე, ყველაზე კარგი წინადადების ჰაერში სროლა, შესაძლოა, სრულიად ფუჭი და ამაო აღმოჩნდეს”.

მაშინ როცა რუსეთი საქართველოს განუყოფელი ნაწილის - აფხაზეთის -ანექსიას გეგმავს, ხოლო საქართველოს არსენალში ბევრი ბერკეტი არ მოიძებნება, ირაკლი ტაბლიაშვილი ერთადერთ გამოსავლად მიიჩნევს ყვირილს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად. მისი აზრით, ამ პროცესში აქტიურად ჩაბმა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის გარდა, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს ევალება.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG