Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სადეზინფორმაციო კლონები ტვიტერზე


რუსეთის მიერ გაჩაღებული საინფორმაციო ომის კვალობაზე, ტვიტერის გვერდზე რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ყალბი ანგარიშები შეიქმნა. აღნიშული რადიოსადგურების წარმომადგენლები ასეთ იმიტაციას კრემლის მიმართ პირმოთნეობის გამოხატულებად მიიჩნევენ, თუმცა არც იმას გამორიცხავენ, რომ ეს ყოველივე შეიძლება მზაკვრული დეზინფორმაციის შემადგენელი ნაწილი იყოს.

რადიო თავისუფლების ვებსაიტის ორეული, რომელიც, „სვობოდა რადიოს“ მომხმარებლის სახელით, პირველად 9 თებერვალს გამოჩნდა ტვიტერზე, „რადიო სვობოდას“ რუსულენოვანი საიტის იმიტაციით, თითქმის იდენტურ გრაფიკას და სიმბოლიკას იყენებს.

ყალბი ანგარიშის პროფილს რუსულ ენაზე ასეთი დევიზი ახლავს: „ვცვლით თქვენს სამშობლოს ჩვენს სპორტულ ფეხსაცმელებში“. მისამართად მითითებულია გერმანიის ქალაქი მიუნხენი, სადაც 1995 წლამდე რადიო თავისუფლების შტაბბინა მდებარეობდა, პროფილზე მითითებული ნომრები კი რუსეთის ფედერალური საგარეო დაზვერვის საზოგადოებრივი მისაღებისა აღმოჩნდა.

ტვიტერზე ასეთი ანგარიშის გამოჩენა რომ ორკესტრირებულია, ამას ის გარემოებაც ადასტურებს, რომ რამდენიმე დღით ადრე ტვიტერზე ამერიკის ხმის რუსულენოვანი სამსახურის, ორიგინალში „გოლოს ამერიკის“, იმიტაციით გამოჩნდა კიდევ ერთი ყალბი ორეული, სახელწოდებით „კოლოს ამერიკი“, რომელიც თავის მომხმარებელს მოუწოდებს „დარეკოს მითითებულ ნომერზე და, ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ, მიაწოდოს ინფორმაცია რუსეთის შეიარაღებული ძალების გადაადგილების თაობაზე“. ანგარიშზე მითითებული ნომერი კი რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ცხელ ხაზს ეკუთვნის.

როგორც ჩანს, ტვიტერის მომხმარებლები იმთავითვე მიხვდნენ ყალბი ანგარიშების პროპაგანდისტულ დანიშნულებას, რაზეც ის ფაქტიც მეტყველებს, რომ როგორც „კოლოს ამერიკის“, ისე „სვობოდა რადიოს“ თითებზე ჩამოსათვლელი მიმდევრები და გამზიარებლები ჰყავს, მაშინ როდესაც ამერიკის ხმისა და რადიო თავისუფლების რუსულენოვანი რედაქციები დიდი პოპულარობით სარგებლობენ: პირველს 188 ათასზე მეტი მიმდევარი ჰყავს, ხოლო მეორეს, სულ მცირე, - 108 ათასი.

რადიო თავისუფლება/ თავისუფალი ევროპის დირექციამ საჩივრით მიმართა ტვიტერს, მისი ინტელექტუალური საკუთრების უნებართვოდ გამოყენების გამო.

თუმცა იმისათვის, რომ მკითხველებს თავგზა აუბნიოს, რადიო თავისუფლებისა და ამერიკის ხმის ყალბი ორეულები ტვიტერით აქვეყნებენ როგორც რუსულენოვანი რადიოსადგურების სტატიებს, ისე იმ რუსულენოვანი პროპაგანდისტული საიტების მასალებს, რომლებიც უკრაინის კონფლიქტისა და სხვა თემების ირგვლივ დეზინფორმაციას ავრცელებენ.

სულ მცირე, ერთ შემთხვევაში რადიო თავისუფლების რუსულენოვანი სამსახურის ყალბი ორეულის მიერ ტვიტერით გავრცელებული ინფორმაცია რუსეთის მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა, ოღონდ აუდიტორიას მიაწოდეს, როგორც ნამდვილად ჩვენი რადიოს მიერ გავრცელებული ინფორმაცია.

ჩანს, ასეთი თაღლითობა წარმოადგენს კიდეც ამ ყალბი ანგარიშების ძირითად მიზანს.

კრემლისა და მისი მხარდამჭერების მიერ არჩეული ტაქტიკა არა იმდენად „საინფორმაციო ომია, რამდენადაც ინფორმაციისათვის ომი“, უთხრა „ნიუ-იორკ ტაიმსს“ პეტერ პომერანცევმა, რუსეთის ტელევიზიის ყოფილმა პროდიუსერმა, რომელიც ავტორია ანგარიშისა, სახელწოდებით „როგორ იყენებს კრემლი ინფორმაციას საომარი მიზნებისათვის“.

  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG