Accessibility links

მოსკოვში გამომავალი „იზვესტია“ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის ალექსეი პუშკოვის განცხადების შესახებ წერს. რუსმა დეპუტატმა მოუწოდა საპარლამენტო ასამბლეას დაუწესოს სანქციები ოფიციალურ თბილისს იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა არ შეუშვა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებზე დასაკვირვებლად რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს წევრი ვასილი ლიხაჩევი, რომელიც თურმე მანამდე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს სტუმრობდა. ალექსეი პუშკოვი იმედოვნებს, რომ მიმდინარე წლის ნოემბერში ასამბლეის მუდმივი კომიტეტი მხარს დაუჭერს თბილისის წინააღმდეგ სანქციების შემოღებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ ორი წლის განმავლობაში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლია არ განიხილავს საქართველოსთან დაკავშირებულ არცერთ საკითხს. პუშკოვის განმარტებით, რუსი პარლამენტარის ქვეყანაში არშეშვებით საქართველომ არ შეასრულა ევროსაბჭოს წინაშე აღებული ვალდებულება. „იზვესტიას“ სტატიაში მოტანილი აქვს თავად ვასილი ლიხაჩევის კომენტარი. „უკვე ხელზე მქონდა ბილეთი, როცა ევროპის საბჭოდან მომივიდა შეტყობინება, რომ საქართველოს ხელისუფლება არ მიიჩნევს სასურველად ქვეყანაში ჩემს ჩასვლას, რადგანაც ვექცევი 2008 წელს მიღებული „ოკუპაციის შესახებ კანონის“ მოქმედების ქვეშ“. ციტატის დასასრული. სტატიის თანახმად, რუსი დეპუტატი აფხაზეთში იმყოფებოდა ოთხი წლის წინ, როცა იქ საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობდა. სტატიაშივე გაეცნობით საქართველოს რეინტეგრაციის საკითხთა მინისტრის პაატა ზაქარეიშვილის განმარტებას, რომლის მიხედვითაც, აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში თბილისის ნებართვის გარეშე სტუმრად მყოფი პირვები, საქართველოს კანონმდებლობით ჯარიმდებიან 400 ლარით, თუმცა ჯარიმის გადახდის შემდეგ არ დაექვემდებარებიან გაძევებასა და დეპორტაციას.

„კომერსანტი“ კი გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლას ეხმიანება. პუბლიკაციის ავტორის ნიკოლაი სვანიძის თქმით, რაც ნიუ-იორკში მოხდა ყველაფრის წინასწარ განჭვრეტა შეიძლებოდა: სააკაშვილს არ შეეძლო არ ეთქვა რუსეთზე ის, რაც მაღალი ტრიბუნიდან ყველამ გაიგონა. ასევე, სააკაშვილის პასუხად რუსეთის დელეგაციასაც არ შეეძლო არ დეტოვებინა გენერალური ასამბელის დარბაზი, ისევე როგორც გაეროში რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი არ ყოფილა ორიგინალური, როცა სააკაშვილს ავდმყოფი უწოდა. ციტატა პუბლიკაციიდან: „გულზე ხელი რომ დავიდოთ, სააკაშვილის გამოსვლაში რუსოფობური არაფერი ყოფილა. არადა, რუსი დიპლომატები მას სწორედ ამაში სდებენ ბრალს. სააკაშვილისგან მოვისმინეთ რუსეთის საგარეო პოლიტიკის
მკვეთრი კრიტიკა, ანუ კრიტიკა პირადად ვლადიმირ პუტინის მისამართით. რასაკვირველია, რუსეთის დელეგაცია ვალდებული იყო პროტესტი გამოახეტა არა მხოლოდ მსოფლიოს დასანახად, არამედ საკუთარი ხელმძღვანელობის საამებლადაც. აბა, სხვანაირად როგორ იქნება, როცა უფროსობას უტევს მათი მთავარი მტერი? სხვა საქმეა, რომ სწორედ ამას ელოდა მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკეთესი რეკლამის გაკეთებას ვერც კი ინატრებდა“. ციტატის დასასრული.

ასევე მიხეილ სააკაშვილის მიერ წარმოთქმულ სიტყვაზე წერს „ნოვაია გაზეტაში“ ცნობილი ჟურნალისტი იული ლატინინაც. „ბოროტების მინი-იმპერია“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ავტორი რუსეთის მისამართით გამოთქმულ კრიტიკას აანალიზებს. ლატინინას აზრით, ვლადიმრ პუტინს არ შესწევს დესეთეს ქვეყნების რუსეთის გარშემო ინტეგრაციის ძალა, მას მხოლოდ დეზორგანიზება შეუძლია, რაც, როგორც ჩანს, რუსეთის ლიდერს დიდ ფსიქოლოგიურ სიამოვნებას ანიჭებს. იულია ლატინინა სტატიის ფინალში საქართველოში შექმნილ ვითარებასა და სააკაშვილის პარტიის მარცხზე ამახვილებს ყურადღებას. არჩევნებში ქართველებმა მხარმა მხარი დაუჭირეს მილიარდელს, რომელიც მათ ბენზინის გაიაფებასა და პენსიის გაზრდას დაჰპირდა. დანაპირები არ შესრულდა, კრიმინალი გაიზარდა, ხოლო კლანების მიერ დანიშნული უვარგისი მოხეელები აბსურდული ბრალდებებით ციხეებში სვამენ იმ ადამიანებს, რომლებმაც თანამედროვე საქართველო შექმნეს.

„სამწუხაროდ, მთავარი პრობლემა, რომელიც ხელს უშლის მსოფლიოში დემოკრატიის ტრიუმფალურ სვლას, არის არა რუსეთი, არამედ ამომრჩეველი“, ასკვნის იულია ლატინინა, რომლის მიერ დაწერილ სტატიას „ნოვაია გაზეტაში“ გაეცნობით.
XS
SM
MD
LG