Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსული პრესის მიმოხილვა, 19 მარტი, 2013 წ.


გაზეთი „იზვესტია“ საქართველოს კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ წერს. „სააკაშვილისათვის უფლებამოსილების შემცირება 22 მარტისთვისაა დანიშნული“ - ამ სათაურით გამოქვეყნებულ სტატიაში ლაპარაკია საკონსტიტუციო ცვლილებაზე, რომლის მიღების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტს არ ექნება უფლება პარლამენტის თანხმობის გარეშე დანიშნოს მთავრობა. სტატიის მიხედვით, მმართველი კოალიციის - „ქართული ოცნების“ - წევრები, მიუხედავად იმისა, რომ 85 მანდატს ფლობენ, დარწმუნებულნი არიან, რომ პარლამენტის სხდომაზე საჭირო 100 ხმის მოგროვებას შეძლებენ, თუმცა ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ აცხადებს, რომ საკონსტიტუციო უმრავლესობის შესაკოწიწებლად უმრავლესობა ოპონენტების შანტაჟსა და დაშინებას მიმართავს. „იზვესტიას“ ამის შესახებ უთხრა დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა, რომლის თქმითაც, კენჭისყრამდე კონსტიტუციაში შესატანი ცვლილების შესახებ განცხადებას თავად პრეზიდენტი სააკაშვილი გააკეთებს და სწორედ მისი პოზიცია იქნება განმსაზღვრელი, დაუჭერს თუ არა უმცირესობა ცვლილებას მხარს.

„ქართველი სომხები ენას ითხოვენ“ - გაზეთი „კომერსანტი“ სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ეთნიკური სომხების მოთხოვნას ეხმიანება. ახალქალაქში მცხოვრები ეთნიკური სომხები საქართველოს ხელისუფლებისგან რეგიონალური ენების ევროპული ქარტიის რატიფიცირებას ითხოვენ. რედაქცია ციტირებს ჰამლეტ მოვსესიანს - ხელმძღვანელს ადგილობრივი თვითმმართველობისა, რომელიც სტატიაში რატომღაც ადგილობრივ პარლამენტად არის მოხსენიებული. მოვსესიანის თქმით, ადგილობრივები დაჟინებით ითხოვენ საქართველოს პარლამენტისგან ქარტიის რატიფიცირებას, რომლის ვალდებულება შორეულ 1999 წელს იქნა აღებული. ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობა“ ქარტიის რატიფიცირებას ეროვნული ინტერესების საზიანოდ მიიჩნევს და ეს მაშინ, როცა სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი მთელ პასუხისმგებლობას „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერს, მიხეილ სააკაშვილს აკისრებს. ზაქარეიშვილის თქმით, ქარტიის რატიფიცირებას წლების წინ სწორედაც რომ მიხეილ სააკაშვილი ლობირებდა. სტატიაში ასევე მოტანილია ენეთმეცნიერ კახა გაბუნიას მოსაზრება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. „რეგიონალური ენების ქარტიაში დაახლოებით 35 პუნქტია, აქედან 30 უკვე განხორციელებულია ცხოვრებაში. ქარტიის რატიფიცირება აქამდე უნდა მომხდარიყო, თანაც მომხდარიყო ცენტრალური ხელისუფლების ინიციატივით. თუ ახლა იმასვე გააკეთებს უმცირესობის ზეწოლით, ყველაფერი სხვაგვარად გამოჩნდება“, უთქვამს კახა გაბუნიას „კომერსანტისათვის“.

„როსიისკაია გაზეტა“ კი ცნობილი რუსი ალტისტის იური ბაშმეტის საქართველოში სტუმრობის შესახებ წერს. სტატია, რომლის სათაურია „დააპატიმრე ბაშმეტი“, იწყება შემდეგი აბზაცით: დიდი რუსი პოეტი ალექსანდრ პუშკინი მოხიბლა თბილისელთა სტუმართმოყვარეობამ და საქართველოს „ჯადოსნური მხარე“ უწოდა. 200 წლის შემდეგ ახალგაზრდა თბილისელთა ჯგუფმა სტუმართმოყვარეობის სულ სხვა ნაირსახეობა გამოავლინა გასტროლებზე ჩასული რუსი მუსიკოსის იური ბაშმეტის მიმართ. სტატიის მიხედვით, იმ დროს, როცა ბაშმეტი საქველმოქმედო კონცერტს მართავდა ნიჭიერთა ათწლედის დასახმარებლად, საპროტესტო აქციის მონაწილეები ალტისტის დაპატიმრებას ითხოვდნენ, რადგანაც, მათი თქმით, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით ნამყოფი იყო საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში. სტატია სრულდება თავად მუსიკოსის განცხადებით: „საღამომ შესანიშნავად ჩაიარა, ორკესტი იყო დიდებული. მიხარია, რომ ჩავედი საქართველოში ახალგაზრდა შემსრულებლების მხარდასაჭერად. მუსიკოსი ვარ და ჩემი საქმე დაკვრაა. ომის წინააღმდეგი ვარ და მიმაჩნია, რომ კავკასია უნდა იყოს თავისუფალი და მშვიდობიანი“. - ცნობილი რუსი ალტისტის იური ბაშმეტის ამ განცხადებას „როსიისკაია გაზეტაში“ წაიკითხავთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG