Accessibility links

logo-print

თედეევების რვასულიანი ოჯახის ახალი წელი


თედეევების ოჯახი

თედეევების ოჯახი

კარალეთის დევნილთა დასახლების 123-ე კოტეჯში ახალი წლის დადგომამდე რამდენიმე საათით ადრე მოულოდნელი სიხარული ეწვიათ: მრავალშვილიან ოჯახს საფეხბურთო კლუბ ცხინვალის „ლიახვის“ წარმომადგენლებმა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადგილობრივი სამმართველოს თანამშრომლებმა საჩუქრები მიუტანეს - ტკბილეული, სასურსათო პროდუქტები, პატარებისთვის სათამაშოები. ამ კოტეჯში თედეევების 8-სულიანი ოჯახი ცხოვრობს. 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ისინი დიდი ლიახვის ხეობის სოფელ აჩაბათიდან გორში ჩამოვიდნენ. ოჯახის დიასახლისი პელაგია გვარაძე ამ ექვსი წლის განმავლობაში ახალი წლის ასეთ მილოცვას ვერ იხსენებს.

თედეევების ოჯახში 6 შვილი იზრდება - 4 ვაჟი და 2 გოგო. უფროსი 14 წლისაა, უმცროსი კი 2 -ის. ბოლო სამი თვეა თედეევები კოტეჯის ორ ოთახს საერთოდ ვეღარ იყენებენ, რადგან იქ იატაკი აღარ არის და ერთ ოთახში უწევთ ყოფნა. დასახლებაში უამრავი დაზიანებული კოტეჯია. იატაკი თითქმის ყველგან ჩანგრეულია და დევნილები ხელისუფლებისგან დახმარებას ელოდებიან, მაგრამ ეს ლოდინი უკვე დიდი ხანია გრძელდება. ამიტომ ოჯახის უფროსმა კონსტანტინე თედეევმა სამშენებლო მასალების მოგროვება თვითონვე დაიწყო, რადგან 8 სულის ერთ ოთახში ყოფნა უკვე შეუძლებელია.

საფეხბურთო კლუბი „ლიახვი“ საქართველოს ჩემპიონატის რეგიონალური ლიგის ლიდერია. ეს გუნდი განსაკუთრებული იმითაა, რომ იქ ქართველ ფეხბურთელებთან ერთად ცხინვალელი და ვლადიკავკაზელი სპორტსმენები თამაშობენ. ამ გუნდს ქართულ-ოსურ საფეხბურთო კლუბს უწოდებენ. შემთხვევითი არ არის ის ფაქტი, რომ კლუბი ასევე შერეულ მრავალშვილიან ოჯახს დაეხმარა. კლუბის დირექტორი ზურაბ ყაულაშვილი აცხადებს, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და გუნდი მრავალშვილიანი დევნილი ოჯახების დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

რაც შეეხება დაზიანებულ კოტეჯებსა და ჩამტვრეულ იატაკებს, თედეევების ოჯახმა დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელისგან პირობა მიიღო, რომ ამ პრობლემის მოგვარება 2015 წლიდან დაიწყება.

XS
SM
MD
LG