Accessibility links

logo-print

პოროშენკო საუბრობს „საგანგებო სტატუსზე“ ზოგი რეგიონისათვის


უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო პარლამენტს წარუდგენს კანონპროექტს, რომელიც ითვალისწინებს აღმოსავლეთ უკრაინის ზოგი რეგიონისთვის „საგანგებო სტატუსის“ მინიჭებას. ამასთან, პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო აღნიშნავს, რომ უკრაინის ერთიანობა შენარჩუნდება.

უკრაინის პრეზიდენტმა 10 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის მომხრე სეპარატისტებთან ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმება ინარჩუნებს უკრაინის, როგორც სუვერენული, ერთიანი, ამჟამინდელ საზღვრებში მოქცეული სახელმწიფოს კონცეფციას.

პეტრო პოროშენკო

პეტრო პოროშენკო

„ჩვენ არავისთან წავალთ დათმობებზე არც ჩვენი სახელმწიფო სუვერენობის საკითხში, არც დამოუკიდებლობის საკითხში და არც ტერიტორიული მთლიანობის საკითხში. ჩვენ ვრჩებით ერთიან სახელმწიფოდ“, - განაცხადა პოროშენკომ მთავრობის სხდომაზე, რომელიც ტელევიზიით გადაიცა.

თუმცა სეპარატისტები, თავის მხრივ, აცხადებენ, რომ, მიუხედავად 5 სექტემბერს მინსკში ხელმოწერილი შეთანხმებისა, რომელიც ითვალისწინებს ძალაუფლების დეცენტრალიზაციას და „ინკლუზიურ ეროვნულ დიალოგს“, ისინი მაინც აპირებენ უკრაინისაგან გამოყოფას.

პოროშენკო კი მინსკში ხელმოწერილ შეთანხმებაზე, ოქმზე ამახვილებს ყურადღებას: „ოქმი ითვალისწინებს დონბასის მთელ რეგიონში უკრაინის სუვერენობის აღდგენასა და დაცვას. ეს ეხება ტერიტორიასაც, რომელსაც ახლა დროებით მეამბოხეები აკონტროლებენ. ეს ნაწილიც დაბრუნდება უკრაინის სამართლებრივ სივრცეში. თქვენს ყურადღებას მივაპყრობთ იმ ფაქტს, რომ არანაირ ფედერალიზაციასა და არანაირ გამოყოფაზე არ არის და არც შეიძლება იყოს საუბარი“.

პოროშენკო შეეხო ზავის დაცვის პრობლემასაც - მან ახსენა „ტერორისტები“, რომლებიც „განუწყვეტლივ ცდილობენ უკრაინელი ჯარისკაცების პროვოცირებას“. აღსანიშნავია, რომ გუშინ შედგა პოროშენკოსა და მისი რუსი კოლეგის მორიგი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, პრეზიდენტ პუტინის მრჩევლის იური უშაკოვის ინფორმაციით, ზავზეც ისაუბრეს: ითქვა, რომ დაპირისპირებული მხარეები ზავს იცავენ, მაგრამ ეს რთული პროცესია.

რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების 70% უკან გაიყვანეს. ეს კვლავ გვაძლევს დიდ იმედს, რომ სამშვიდობო ინიციატივებს კარგი პერსპექტივა აქვს...

კიდევ ერთი საყურადღებო განცხადებით, რომელიც პოროშენკომ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა, რუსეთმა უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანა სამხედროების 70%: „მინდა გაგაცნოთ ბოლო ინფორმაცია, რომელიც ჩვენი მთავარი დაზვერვის სამსახურიდან მივიღე - რუსეთის ფედერაციის ჯარისკაცების 70% უკან გაიყვანეს. ეს კვლავ გვაძლევს დიდ იმედს, რომ სამშვიდობო ინიციატივებს კარგი პერსპექტივა აქვს“.

პოროშენკოს არაფერი უთქვამს უკრაინაში მყოფი ან უკრაინიდან გაყვანილი რუსი სამხედროების რიცხვზე. ნატოს ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე ათასობით რუსი სამხედრო იმყოფებოდა. შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის მიუხედავად, მოსკოვი ბრალდებებს უარყოფს.

XS
SM
MD
LG