Accessibility links

logo-print

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2015 წლის იანვარში


სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

სარფის საბაჟო-გამშვები პუნქტი

საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა ბიურომ მიმდინარე წლის პირველი თვის საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემები გამოაქვეყნა. წინა წლის იანვართან შედარებით, მთლიანი სავაჭრო ბრუნვა 9 პროცენტით არის ნაკლები და, სულ, 694 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ექსპორტის 30- პროცენტიანი კლება. იმპორტი ოდნავ, 1 პროცენტით, შემცირდა.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემების გამოქვეყნებამდე, ანუ 23 თებერვლამდე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ვაჭრობის მონაცემებზე განმარტებები გააკეთა. სამინისტროს განცხადებით, ექსპორტი შემცირდა რეგიონში მიმდინარე პროცესების გავლენით, კერძოდ, რუსეთისა და უკრაინის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობის შედეგად ამ ქვეყნებში მკვეთრად გაუფასურდა ვალუტა, რამაც საექსპორტო პროდუქციის ბაზარზე განთავსებას პრობლემები შეუქმნა. აღნიშნული მდგომარეობის გამო, რუსეთისა და უკრაინის ბაზრებზე ღვინის ექსპორტის 65% -იანი კლება, ხოლო სპირტიანი სასმელების 87%-იანი კლება დაფიქსირდა. შემცირდა მინერალური წყლებისა და ციტრუსის ექსპორტიც.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ, ექსპორტის მნიშვნელოვანი კლების მიუხედავად, ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტის 21-პროცენტიანი ზრდა დაფიქსირდა, რაც ქართული ბიზნესის მიერ ბაზრის დივერსიფიკაციის კუთხით გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებზე მიუთითებს.

ევროკავშირის ბაზარზე ზრდა აღინიშნა შემდეგ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციაზე: თხილი და კაკალი - გაიზარდა 100 პროცენტით,$9.4 მლნ.-ით. აღსანიშნავია, რომ ზრდა დაფიქსირდა ევროკავშირის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იტალია, სადაც ექსპორტი გაიზარდა $6 მლნ.-ით, გერმანიაში $4.4 მლნ.-ით და ესპანეთში $1.1 მლნ.-ით. ასევე, ევროკავშირის ქვეყნების ხარჯზე გაიზარდა ხილისა და ბოსტნეულის წვენების ექსპორტი - ზრდამ 54% შეადგინა.

ასევე ზრდა ფიქსირდება მწვანილის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში და უკრაინაში - აღნიშნული პროდუქციის ზრდამ, საერთო ჯამში, შეადგინა 60 პროცენტი თანაბარი ზრდის წილით. ზრდა დაფიქსირდა ასევე თევზის ექსპორტზე - გაიზარდა 169%-ით.

სამრეწველო პროდუქციიდან ზრდა დაფიქსირდა საქართველოსთვის ისეთ მნიშვნელოვან პროდუქციებზე, როგორიცაა: ოქრო (32%-ით მეტი), ტრიკოტაჟის ნაწარმი (9%), წნელები ნახშირბადიანი ფოლადისგან (42% და $1.1 მლნ.-ით მეტი) და ნედლი ნავთობი (35% და $1.1 მლნ.-ით მეტი). ამასთან, ექსპორტის კლება დაფიქსირდა საქართველოსთვის არანაკლებ მნიშვნელოვან პროდუქციაზე: ფეროშენადნობები და აზოტოვანი და ნახშირბადიანი ფოლადის ნახევარფაბრიკატები.

XS
SM
MD
LG