Accessibility links

logo-print

თეონა ცირამუა რამდენიმე წლის წინ გახდა გორის ქალთა კამერული გუნდის ხელმძღვანელი. პასუხისმგებლობა დიდი იყო, რადგან იბარებდა გუნდს, რომელსაც უკვე დიდი ისტორია ჰქონდა და მსოფლიოში იცნობდნენ. ეს ისტორია კი გუნდის პირველმა ხელმძღვანელმა შალვა მოსიძემ შექმნა, რომელსაც „ბგერის ჯადოქარი“ უწოდეს. გორში საერთაშორისო საგუნდო ფესტივალის აღდგენა დიდი მაესტროს 80 წლის იუბილეს დაემთხვა. დღეს შალვა მოსიძე ამბობს, რომ ისტორია ღირსეულად გრძელდება.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე გორში განსხვავებულად აღინიშნება. 3 დღეა გორის თეატრის დარბაზში ანშლაგით მიმდინარეობს სხვადასხვა ქვეყნის კამერული გუნდების გამოსვლები. ფინეთის, ესტონეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის, საქართველოს სხვადასხვა ქალაქის გუნდების რეპერტუარი მრავალფეროვანია. აზერბაიჯანის სახელმწიფო კაპელამ ფესტივალის გახსნაზე მრავალჟამიერი შეასრულა, სომხეთის კამერულმა გუნდმა კი მაყურებელს რევაზ ლაღიძის „თბილისოს“ შესრულებით დაამახსოვრა თავი.

გორში საგუნდო ფესტივალის ტრადიციას 30 წლის წინ ჩაეყარა საფუძველი. ქალაქს სტუმრობდნენ საგუნდო კოლექტივები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან. საგუნდო მუსიკის ზეიმის გამართვის წინაპირობა „მოსიძის გუნდის“ სახელით ევროპაში უკვე კარგად ცნობილი გორის ქალთა კამერული გუნდის არსებობა იყო. გორის სამუსიკო სასწავლებლის მაშინდელი დირექტორის, სანდრო კაჭარავას, და გორელების ერთობლივმა ძალისხმევამ გაამართლა, რასაც 1986 წლიდან გორის საგუნდო მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის დაარსება მოჰყვა. ფესტივალმა 10 წელს იარსება. შემდეგ იყო მძიმე წლები და 20 წლის თავზე ამ ფესტივალს ახალი სიცოცხლე დაუბრუნდა. გორელები საგუნდო ფესტივალის აღდგენას დიდი ხნის განმავლობაში ითხოვდნენ. „გორის დარბაზის“ ხელმძღვანელი თამაზ მაყაშვილი ამბობს, რომ ეს არა მარტო ფესტივალი, არამედ კულტურათა დიალოგია.

პირველ მსმენელებს შორის გორის ამჟამინდელი მერი ზურაბ ჯირკველიშვილიც იყო, რომლის რამდენიმე თანაკლასელი ამ გუნდში მღეროდა. ფესტივალის აღდგენა ადგილობრივ ხელისუფლებას შარშან უნდოდა, მაგრამ ეს მხოლოდ წელს მოხერხდა და უკვე აღარასოდეს შეწყდება.

დარბაზში ჩანს, რომ მონატრებიათ საგუნდო მუსიკა - მაყურებელი ცრემლს იწმენდს ზოგიერთი სიმღერის შესრულებისას და, ბოლოს, უწყვეტი აპლოდისმენტებია. არასოდეს ყოფილა, ამ დარბაზში რომ 5-ჯერ ბისზე გამოეძახებინოთ რომელიმე შემსრულებელი, გორის ქალთა კაპელამ კი ეს შეძლო. გუნდის ხელმძღვანელი თეონა ცირამუა ამბობს, რომ საკუთარ ქალაქში გამოსვლა ყველაზე დიდი პასუხისმგებლობაა.

ფესტივალი დასრულდა და უკვე ჩნდება მოლოდინი მომდევნო ფესტივალის მიმართ. დღეს მავთულხლართებით შემოსაზღვრული ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე კილომეტრში გორელები კვლავ მუსიკით მოუწოდებენ ადამიანებს მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG