Accessibility links

logo-print
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა ჯანდაცვის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, დეკრეტული შვებულება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე იზრდება, ხოლო ანაზღაურების ოდენობა 600 ლარის ნაცვლად 1000 ლარი გახდება. ახალი კანონი ძალაში 2014 წლის პირველი იანვრიდან შევა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებთან საქართველოს კანონმდებლობის შეუსაბამობა და დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის არასათანადო სტანდარტები - სწორედ ეს გახდა მიზეზი იმ ცვლილებებისა, რომლებიც შრომის კოდექსში დეკრეტულ შვებულებასთან დაკავშირებით შედის. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე რადიო თავისუფლებასთან საუბარში აცხადებს, ცვლილებების მიზანი ორსულობის გამო, სამშობიაროდ და ბავშვის მოსავლელად აღებული როგორც ანაზღაურებადი, ისე ანაზღაურების გარეშე შვებულების გახანგრძლივებაა. კანონპროექტის თანახმად, გაიზრდება შვებულების პერიოდში გასაცემი ფულადი ანაზღაურებაც. ცვლილება შრომის კოდექსის 24-ე მუხლში შევა:

„ბავშვის მოვლის გამო შვებულება იზრდება 477-დან 730 კალენდარულ დღემდე, აქედან ანაზღაურებადი შვებულება, ნაცვლად 126 დღისა, იქნება 183 კალენდარული დღე; მშობიარობის გართულების ან ტყუპის გაჩენის შემთხვევაში - 200 კალენდარული დღე, ნაცვლად მანამდე არსებული 140 დღისა. ასევე იზრდება ანაზღაურებადი შვებულების დროის თანხის ოდენობაც: 126 დღეში 600 ლარის ნაცვლად, ანაზღაურდება 183 დღე 1000 ლარის ოდენობით“.
თუ ხელფასი საჯარო სამსახურში 1000 ლარზე ნაკლებია, 1000 ლარამდე თავად ორგანიზაცია შეუვსებს ამ თანხას კონკრეტულ პირს, ხოლო თუ დასაქმებულს 1000 ლარზე მეტი ხელფასი აქვს, მაშინ ის ამ ათას ლარს მიიღებს, დანარჩენს კი მისი დამსაქმებელი ორგანიზაცია შეუვსებს...

დიმიტრი ხუნდაძე განმარტავს, რომ ცვლილება შეეხება როგორც საჯარო სამსახურში, ისე კერძო სექტორში დასაქმებულ პირებს, ოღონდ ერთი სხვაობით, ამბობს დიმიტრი ხუნდაძე:

„თუ ხელფასი საჯარო სამსახურში 1000 ლარზე ნაკლებია, 1000 ლარამდე თავად ორგანიზაცია შეუვსებს ამ თანხას კონკრეტულ პირს, ხოლო თუ დასაქმებულს 1000 ლარზე მეტი ხელფასი აქვს, მაშინ ის ამ ათას ლარს მიიღებს, დანარჩენს კი მისი დამსაქმებელი ორგანიზაცია შეუვსებს. კერძო სექტორში დასაქმებული პირებისათვის ეს ამ კომპანიების მფლობელებისა და მათი დამსაქმებლების კეთილი ნებაა - გააჩნია, რა ტიპის კონტრაქტი აქვთ მათ გაფორმებული“.

გაერთიანებული პროფკავშირები შრომის კოდექსში შეტანილ ამ ცვლილების მხოლოდ ერთ ნაწილს მიესალმება, ანაზღაურების გაზრდის ნაწილში კი, როგორც გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე ეთერ მათურელი აცხადებს, პროფკავშირი კრიტიკულია:

„კარგია, რომ პარლამენტმა თავად დაიწყო ქალთა საკითხებზე ფიქრი, მაგრამ, დღეთა რაოდენობის გაზრდის გარდა, ამ ცვლილებებს ვერ მოვიწონებთ. ის, რომ 600 ლარიდან 1000 ლარამდე გაიზარდა ანაზღაურება, ჯერ კიდევ არაფერს ნიშნავს. მოდით, დავთვალოთ, რამდენი იყო ოთხ თვეზე 600 ლარი და რამდენი იქნება ექვს თვეზე 1000 ლარი. მარტივი არითმეტიკით შეიძლება გამოვთვალოთ, რომ 15 ლარით იზრდება, რაც არაფრის მომცემია“.

ეთერ მათურელი იმასაც ამბობს, რომ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტს პროფკავშირის ქალთა ორგანიზაციასთან ამ საკითხებზე კონსულტაცია არ გაუმართავს, არადა, ორგანიზაციას, რომელიც წლებია ამ საკითხზე მუშაობს, კანონთან დაკავშირებით არაერთი შენიშვნა ჰქონდა.

„რატომ არის, რომ საჯარო სექტორში დასაქმებული ქალებისათვის სხვა კანონია, არასაჯარო სექტორში დასაქმებულთათვის კი სხვა, მაშინ როცა საშემოსავლო გადასახადს, 20%-ს, ყველა ერთნაირად იხდის? ამას გარდა, უამრავი სხვა საკითხია, რაზეც დისკუსია უნდა ეთერ მათურელი

ეთერ მათურელი

გაგრძელდეს. ის, რომ რომის კოდექსი არანაირ შეღავათს არ აწესებს მარტოხელა დედებისათვის, ეს კი არა, ქვეყანაში ამის განსაზღვრებაც არ არსებობს, თუ ვინ არის მარტოხელა დედა, არ არსებობს შეღავათები მრავალშვილიანი დედებისათვის და ა.შ.“

გენდერის სპეციალისტი შრომის საკითხებში ნინო შიოშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ასევე ამბობს, რომ კარგი იქნებოდა, თუ მთავრობა მსგავსი საკითხების გადაწყვეტისას უფრო მჭიდროდ ითანამშრომლებდა ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. მისი თქმით, ბოლო დროს ძალიან ბევრმა ევროპულმა ქვეყანამ გაითვალისწინა დემოგრაფიული კომპონენტი დეკრეტული შვებულებების საკანონმდებლო რეგულაციებზე მუშაობის დროს:

„კარგი იქნება, თუ ჩვენს კანონმდებლობაშიც უფრო მეტი ისეთი წამახალისებელი ნორმა ჩაიდება, რომელიც დემოგრაფიასთან იქნება მიბმული. ამას თუ გავაკეთებთ, შესაძლოა, კანოში ჩაიდოს გარკვეული შემწეობები - ერთი სიტყვით, წამახალისებელი სოციალური პაკეტი“.

კანონი 2014 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. რადგან ეს კონკრეტული ცვლილება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს 3,5 მილიონი ლარით ზრდის, ხოლო მიმდინარე წლის ბიუჯეტის კორექცია ვერ მოხდება, ამიტომაც ეს თანხა მომდევნო წლის ბიუჯეტში გაიწერება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG