Accessibility links

logo-print

დასასრულს უახლოვდება ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის რეკონსტრუქცია, რომელიც ხუთი წლის წინ დაიწყო. თეატრის ხელმძღვანელობა იმედოვნებს, რომ თითქმის სრულად განახლებული ასწლოვანი შენობა მაყურებელს მიმდინარე წლის ოქტომბერში უმასპინძლებს. რა და როგორ შეიცვალა ყოფილი სახაზინო თეატრის ფსევდომავრული სტილის შენობაში?

1896 წლის 3 ნოემბერს თბილისში, გოლოვინის პროსპექტზე, საზეიმო ვითარებაში გაიხსნა სახაზინო თეატრი, რომელიც 16 წლის მანძილზე შენდებოდა. საგანგებოდ მიწვეულ პირთათვის დაიდგა მიხაილ გლინკას ოპერა „ივან სუსანინი“.

კავკასიის მთავარმართებელმა ტატიშჩევმა სპექტაკლის დაწყება ახალ სახაზინო თეატრში დეპეშით აცნობა პეტერბურგში დიდ მთავარს მიხეილ ნიკოლოზის ძეს. შალვა კაშმაძე წიგნში „თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი“ წერს, რომ პეტერბურგიდან მოვიდა ასეთი პასუხი:

„დიდად გმადლობთ საამური დეპეშისათვის. ზედმიწევნით მოხარული ვარ, რომ, როგორც იქნა, თბილისის თეატრი დამთავრდა და სპექტაკლი დაიწყო. ვიმედოვნებ, თბილისელები ხშირად და სიხარულით ივლიან ამ თეატრში“.

ალექსანდრე ელისაშვილი

ალექსანდრე ელისაშვილი

როგორც თბილისზე მზრუნველთა გაერთიანება „ტფილისის ჰამქრის“ დამფუძნებელი, ისტორიკოსი ალექსანდრე ელისაშვილი ამბობს, სახაზინო თეატრის, ანუ დღევანდელი ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის, აშენების იდეა დაიბადა თამამშევისეული ძველი თეატრის დაწვისთანავე. ძველი ოპერა 1874 წელს დაიწვა, ახლის პროექტზე კი კონკურსი 1876 წელს გამოცხადდა:

„რომ დაიწვა ძველი ოპერა, მისი აღდგენისთვის თანხა აღარც თამამშევმა გაიღო და აღარც სხვამ. იდგა ეს დანახშირებული შენობა და მთელი ქალაქი ცდილობდა ოპერისთვის ახალი შენობა აშენებულიყო. ბოლოს და ბოლოს, ქალაქისა და სახელმწიფოს ხარჯზე გოლოვინის გამზირზე აშენდა „სახაზინო თეატრი“, დღევანდელი ოპერისა და ბალეტის თეატრი. მისი არქიტექტორი იყო შრეტერი და ოდნავ დაკვირვებული ადამიანიც შეატყობს ერთი და იგივე არქიტექტორის ხელს რამოდენიმე შენობაზე თბილისში. ესაა თბილისის საკრებულოს შენობა, ანუ ყოფილი „ქალაქის სახლი“, და ოპერის შენობა. ეს ერთი და იმავე არქიტექტორის ნამუშევარია, რომელიც გამოირჩევა განსაკუთრებული ფასადებით. იმ დროს ევროპის არქიტექტურაში დიდი დოზით შევიდა აზიური მოტივები, რომლებსაც ეძახდნენ ფესვდომავრიტანულ მოტივებს“.

თეატრის პროექტი

თეატრის პროექტი

„მავრული სტილი“ საკონკურსო პირობებშივე ყოფილა დათქმული. როგორც ალექსანდრე ელისაშვილმა თქვა, წარდგენილი ოთხი პროექტიდან გაიმარჯვა პეტერბურგელმა არქიტექტორმა ვ. ა. შრეტერმა, რომელმაც პროტოტიპად ბაიროითის ვაგნერისეული თეატრი აიღო.

„საყურადღებო ისაა, რომ თბილისში იშვიათობაა ორფასადიანი ან ირგვლივი შენობები, სამფასადიანი ხომ საერთოდ თითებზე ჩამოსათვლელია. ძირითადად არის მწკრივში ჩარიგებული შენობები, რომელთა მხოლოდ თითო ფასადი აღიქმება. ოპერის შენობა, ამ მხრივ, მკვეთრად განსხვავდება სხვებისგან: ყველა მხრიდან შეიძლება მისი ფასადების აღქმა, უკანა ფასადის გამოკლებით, ანუ შენობა არის სამფასადიანი და ამ მხრივაც არის ძალიან საინტერესო, რაც თბილისში ძალიან იშვიათია. ერთი-ორი შენობა თუ იქნება ასეთი“, უთხრა ალექსანდრე ელისაშვილმა რადიო თავისუფლებას.

ოპერისა და ბალეტის თეატრის შენობის ფასადების „მავრულ“ სამოსელს კი ქმნის ისრული და ნალისებრი თაღები, სტალაქტიტებით შემკული დეკორატიული კოშკურები, ხალიჩასავით მოფენილი და არშიებად გაყოლებული ორნამენტები. როგორც ვახტანგ ბერიძე „თბილისის ხუროთმოძღვრების“ მეორე ტომში წერს, ოპერის შენობის პროექტის საბოლოო ვარიანტში მთავარ ფასადს შუაში მიუმატეს ორსართულიანი შვერილი, რომელმაც ქვემოთ, შესასვლელის წინ, ერთგვარი კარიბჭე შეადგინა, ზემოთ კი - ფართო „მავრული“ თაღებით გახსნილი ტერასა. გვერდის ფასადებშიაც თაღოვანი ლოჯიები ჩართეს:

თეატრის პროექტი

თეატრის პროექტი

"სახსრების სიმცირის გამო თავის შეზღუდვა მოუხდათ: ან მორთულობის სიმდიდრე უნდა აერჩიათ, ან რაციონალურად მოწყობილი განათება და გათბობა. აირჩიეს ეს უკანასკნელი, მორთულობისათვის კი - ნაძერწი სამკაულების ნაცვლად, საღებავებით დახატულს დასჯერდნენ. მხატვრობის მოტივები მავრული ორნამენტაციის ცნობილი რეპერტუარიდანაა აღებული, აქა-იქ ნაძერწი სტალაქტიტებიცაა, ხოლო ლიტერის ლოჟები ხის გამოჭრილი სახეებით მორთეს. 1954 წელს, შეკეთების დროს, სახე უცვალეს დარბაზის მხოლოდ მორთულობას, ხოლო მთელი ხუროთმოძღვრული სტრუქტურა უცვლელი დარჩა“. - აი, ასეთი სახით მოაღწია შენობამ 1973 წლის ხანძრამდე. ხანძრის შემდეგ თეატრის შენობა საფუძვლიანად გადაკეთდა, თუმცა რეკონსტრუქციის ავტორებმა შეძლეს შენობის აღმოსავლური, ფსევდომავრიტანული სტილის შენარჩუნება. როგორც ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრის წარმომადგენელი მაკო ფაცურია ამბობს, თეატრის პირვანდელი სული ხუთწლიანი საფუძვლიანი რეკონსტრუქციის შემდეგაც შენარჩუნდა:

ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

„ერთი შეხედვით თითქოს არაფერი შეცვლილა, მაგრამ აქ ყველაფერი ხელახლა გაკეთდა. მარმარილოდან მოყოლებული, ყველაფერი იყო აღებული. ფაქტობრივად, მხოლოდ ბეტონის იატაკი და კედლები იყო დატოვებული. ყველაფერი განახლდა. თავიდან დააგეს მარმარილო, თავიდან მოიხატა კედლები. ვიტრაჟებიც შეიცვალა, კარ-ფანჯარაც, მაგრამ შენარჩუნდა ის ძველი იერსახე, რაც ჰქონდა თეატრს მანამდე. ასე რომ, კავშირი სიძველესთან არ გაწყვეტილა, თუმცა შენობა შეივსო თანამედროვე ელემენტებითაც. ერთი სიტვით, შენობა სრულად განახლებულია და ბრწყინავს. ნახეთ, რა სილამაზეა“.

სილამაზით ასევე ჭრის თვალს თეატრის ცნობილი ჭაღი, რომელიც ავსტრიული ბროლისგანა დამზადებული, თუმცა, როგორც მაკო ფაცურია ამბობს, მთავარი სიახლე უკავშირდება თეატრის ტექნიკურ გადაიარაღებას. კერძოდ, გაიზარდა საორკესტრო ორმო, რომელიც 120 მუსიკოსს დაიტევს. და კიდევ:

„რაც მთავარია, სცენა, რომელიც ულტრათანამედროვე ტექნიკით აღიჭურვება და ბევრ წამყვან საოპერო თეატრს სანატრელი ექნება. ასეთი სცენა იძლევა საოცარ შესაძლებლობებს, მისი მართვა ხდება კომპიუტერით. სწორედ ასეთ სცენას ნატრულობდა ნინო ანანიაშვილი, როცა „ჟიზელის“ დადგმაზე საუბრობდა და უნდოდა მისი გმირი სცენიდან ამოსულიყო. ახალი სცენა ამის საშუალებას მოგვცემს. დეკორაციების ამოძრავების საშუალება იქნება და ა.შ.“.

აკუსტიკა არის ძალიან ფაქიზი თემა. მის გასაუმჯობესებლად დიდი სამუშაო კეთდება. ამ საქმეში ჩართულია არაერთი სერიოზული უცხოური ორგანიზაცია, რომელთა ჩამოყვანა უზრუნველყო „ქართუ ჯგუფმა“...

სწორედ სცენის რთულმა კონსტრუქციამ გააჭიანურა შენობის რეკონსტრუქციის დასრულება, თუმცა, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის დავით კინწურაშვილის თქმით, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ თეატრი მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნება. უკვე დასასრულს უახლოვდება სამუშაო, რომელმაც დარბაზის აკუსტიკა უნდა გააუმჯობესოს.

„აკუსტიკა არის ძალიან ფაქიზი თემა. მის გასაუმჯობესებლად დიდი სამუშაო კეთდება. ამ საქმეში ჩართულია არაერთი სერიოზული უცხოური ორგანიზაცია, რომელთა ჩამოყვანა უზრუნველყო „ქართუ ჯგუფმა“. ყველა ნიუანსის გათვალისწინება ხდება. ეს ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ აკუსტიკა იყოს უფრო უკეთესი, ვიდრე იყო“, უთხრა დავით კინწურაშვილმა რადიო თავისუფლებას.

რადიო თავისუფლების სტუმრობისას ოპერის დასი ერთ-ერთ დარბაზში რეპეტიციას გადიოდა. თუმცა ვიდრე შენობაში მოვხვდებოდით, ჩვენი ყურადღება მიიპყრო ახალმა ნაგებობამ, რომელიც ზედ თეატრის შენობაზეა მიშენებული. დავით კინწურაშვილის კომენტარი:

„ეს არის თეატრისთვის განკუთვნილი ახალი სასადილო, რომელიც თეატრის არქიტექტორმა დახატა და არის ძალიან ლამაზი, რომელიც იმეორებს ოპერის ხაზს. არის პატარა, ლამაზი და, რაც მთავარია, ის აუცილებელია თეატრისთვის. ჩვენ ვართ ძალიან დიდი კოლექტივი, 700-მდე ადამიანი“.

ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი

რაც შეეხება ოპერისა და ბალეტის თეატრის შემოქმედებით გეგმებს, დავით კინწურაშვილი ამბობს, რომ თეატრი განსაკუთრებით შეეცდება დააინტერესოს და მიიზიდოს ახალგაზრდა მაყურებელი:

„ეს გზა უკვე გაიარა ევროპამ და არანაირი პრობლემა აღარ აქვთ პუბლიკასთან ურთიერთობის. ჩვენც გვინდა აქცენტი გავაკეთოთ ახალგაზრდებზე, ახალ თაობაზე, ბავშვებზე, რომლებიც თეატრში უნდა მოვიდნენ და მათ უნდა ვაჩვენოთ, რომ საოპერო თეატრი არის თანამედროვე ხელოვნება და არა მოძველებული. ამისათვის, რა თქმა უნდა, გვექნება ყველა სეგმენტზე გათვლილი ექსპერიმენტები და ახალი დადგმები. მთავარია ზუსტად ავამუშაოთ თანამედროვე მენეჯმენტი და მალე დარწმუნდება ხალხი, რომ ჩვენ არ ვართ ძველებური, ტრადიციული და მხოლოდ დაკონსერვებული თეატრი, არამედ ვართ აბსოლუტურად თანამედროვე ოპერისა და ბალეტის თეატრი, რომელიც ყველა საშუალებას შესთავაზებს ყველა ასაკის მსმენელს“.

თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის აკადემიური თეატრი უარს ამბობს საუკუნოვან ტრადიციებზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილია ყოველი თეატრალური სეზონის გახსნა „აბესალომ და ეთერით“. დავით კინწურაშვილის თქმით, თეატრი გაიხსნება მიმდინარე წლის ოქტომბერში გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს როგორც საოპერო, ასევე საბალეტო ჟანრის ყველა ქართველი ვარსკვლავი, გაიმართება დიდი პრემიერა „აბესალომ და ეთერის“ ახალი დადგმისა, მოგვიანებით კი ბალეტის მოყვარულები იხილავენ დავით თორაძის „გორდას“.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG