Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საკონსტიტუციო სასამართლოს გადასარჩენად


საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლო

საქართველოს პრეზიდენტი მოუწოდებს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებსა და პოლიტიკოსებს თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიებში მონაწილეობისგან. გიორგი მარგველაშვილი ფიქრობს, რომ საკონსტიტუციო მოსამართლეების ჩართვა პოლიტიკურ პროცესში აზიანებს ქვეყნის უმნიშვნელოვანეს დემოკრატიულ ინსტიტუტს. სამოქალაქო საზოგადოების ნიწილის აზრითაც, პოლიტიკოსების დაუსაბუთებელი ბრალდებები, რომელთა ადრესატები ცალკეული მოსამართლეები არიან, აკნინებს საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტსა და რეპუტაციას.

გადმოწერა

საქართველოს პრეზიდენტი სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა იმ პროცესს, რომელიც რამდენიმე თვეა აქტიურად მიმდინარეობს მედიაში და რომელშიც ჩართული არიან როგორც პოლიტიკოსები, ასევე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები. გიორგი მარგველაშვილის თქმით, ეს პროცესი მნიშვნელოვნად ასუსტებს საკონსტიტუციო სასამართლოს:

„მინდა მოვუწოდო მოსამართლეებს, მათი ძალიან მაღალი სტატუსიდან გამომდინარე, შეეცადონ და თავი შეიკავონ საჯარო დისკუსიისგან ერთმანეთთან, პოლიტიკოსებთან. მინდა ვთხოვო ასევე პოლიტიკოსებს, რომ იქნებ მოხერხდეს სხვა თემებზე გადართვა და მედიაში ჩვენი უმნიშვნელოვანესი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ასეთი ფართო დისკუსიისგან დაცვა“.

დაგეგმილი იყო საქართველოში კონსტიტუციური კრიზისის შექმნა და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთა. საარჩევნო კოდექსის შესახებ სარჩელი უნდა განხილულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაზე, რომელშიც შედიან პაპუაშვილი, ვარძელაშვილი, ირმაძე და კოპალეიშვილი...
გია ვოლსკი

საქმე ისაა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას საკონსტიტუციო სასამართლოზე ზეწოლასა და ცალკეული მოსამართლეების შანტაჟში სდებენ ბრალს, ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების შესაბამისად მოქმედებენ. კერძოდ, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატებისათვის გაგზავნილ ღია წერილში აღნიშნა, რომ ფარულად იცვლებოდა სასამართლოში უკვე ოფიციალურად შესული სარჩელები, რითაც გამოიკვეთა მოსამართლეთა ერთ ჯგუფსა და გარკვეულ მოსარჩელეებს შორის ფარული თანამშრომლობის ნიშნები. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ახდენდა შემოსული, პოლიტიკური ნიშნის შემცველი ზოგიერთი სარჩელის გამიზნულად ერთსა და იმავე მოსამართლეებისთვის განაწილებას. და კიდევ, ეკა ბესელიას თქმით, ხდებოდა პოლიტიკურად საინტერესო სარჩელების გამორჩევა და მათი უპრეცედენტოდ სწრაფ ვადებში განხილვა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკიც დარწმუნებულია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე და რამდენიმე მოსამართლე პოლიტიკურად მიკერძოებულნი არიან:

„დაგეგმილი იყო საქართველოში კონსტიტუციური კრიზისის შექმნა და ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ შეკვეთა. საარჩევნო კოდექსის შესახებ სარჩელი უნდა განხილულიყო საკონსტიტუციო სასამართლოს პირველ კოლეგიაზე, რომელშიც შედიან პაპუაშვილი, ვარძელაშვილი, ირმაძე და კოპალეიშვილი. ამ კოლეგიაზე ორი კაცის ხმა საკმარისი იყო, რათა გაეჩერებინათ საქართველო, რომ არ მიგვეღო კანონი, რომელიც სარჩელის განხილვის საშუალებას იძლევა არა კოლეგიაზე, არამედ პლენუმზე. სარჩელს განიხილავდა პირველი კოლეგია, რომელიც საკუთარ კოლეგიად ჩამოაყალიბა ‘ნაციონალურმა მოძრაობამ’“.

არ არის სწორი, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას მაშინ, როდესაც ეს განცხადება ეყრდნობა რაღაც ეჭვს და არ დასტურდება...
ნინო ლომჯარია

ამ ბრალდებების პასუხად „ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ, პირიქით, ხელისუფლება ახორციელებს ზეწოლას საკონსტიტუციო სასამართლოზე და ერთმანეთს უპირისპირებს ცალკეულ მოსამართლეებს, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების ბრალდებები მეტ არგუმენტაციას საჭიროებს. იურისტ ნინო ლომჯარიას არ ესმის, თუ რატომ არ მიმართავს ხელისუფლება პროკურატურას.

„ასეთ შემთხვევაში, პირველ რიგში, მათ უნდა მიემართათ პროკურატურისთვის, თუკი ისინი ფლობენ დასაბუთებულ ინფორმაციას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში ხდება დანაშაული. ამ გარემოებების შესასწავლად უნდა დაიწყოს გამოძიება, ისევე როგორც გამოძიება დაიწყო, როცა გიორგი პაპუაშვილმა განაცხადა მოსამართლეებზე განხორციელებული ზეწოლის თაობაზე. არ არის სწორი, როდესაც პოლიტიკოსები აკეთებენ განცხადებას მაშინ, როდესაც ეს განცხადება ეყრდნობა რაღაც ეჭვს და არ დასტურდება“, უთხრა ნინო ლომჯარიამ რადიო თავისუფლებას.

ნინო ლომჯარიას თქმით, დაუსაბუთებელი ბრალდებები ზიანს აყენებს საკონსტიტუციო სასამართლოს იმიჯსა და ავტორიტეტს, რომელიც, როგორც იურისტი ვახუშტი მენაბდე ამბობს, ყოველთვის მაღალი იყო, თუმცა, ვახუშტი მენაბდის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო აღმოჩნდა ჩათრეული პოლიტიკურ დაპირისპირებაში, რაშიც არაბუნებრივი არაფერია, მაგრამ პროცესი გასცდა ჯანსაღი კრიტიკისა და სამართლებრივი დებატების ფარგლებს. ვახუშტი მენაბდის თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო, ფაქტობრივად, იქცა პოლიტიკურ ინსტრუმენტად.

ვახუშტი მენაბდე
ვახუშტი მენაბდე

„ეს კი აზიანებს მის ავტორიტეტს. არადა საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიანობა ემყარება არა ძალას, არამედ ავტორიტეტს. და ახლა რასაც ვუყურებთ ჩვენ, ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს ავტორიტეტის შელახვა. პრობლემაა ის, რომ სასამართლო, ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი და არსებობს ძალიან დიდი რისკი და ტენდენცია იმისა, რომ ეს ორად გაყოფა გადაიზრდება არა მხოლოდ პოლიტიკურ სიმპათიებში, არამედ კონკრეტული საქმეების შედეგებში“, უთხრა ვახუშტი მენაბდემ რადიო თავისუფლებას.

ვახუშტი მენაბდის თქმით, მიმდინარე პროცესები სწორედ ამგვარ საფრთხეს ქმნის, თორემ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებს კანონი არ უკრძალავს არც პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობას და არც საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას სამუშაო პირობების თაობაზე.

  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG